“სანამ მე არ შემეხო, არ ვიცოდი რა პრობლემების წინაშე იდგნენ მეწარმეები… ამით პარლამენტი უნდა დაინტერესდეს”

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო ზამბახიძის განცხადებით, დღეს ფერმერებისთვის მთავარი პრობლემა ბიუროკრატია და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.

მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი მან საკუთარ თავზე გამოსცადა. 

ზამბახიძე აცხადებს, რომ ცვლილებები საკანონმდებლო დონეზეა საჭირო და არსებული ბიუროკრატია ადგილობრივი წარმოების განვითარებას ხელს უშლის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრობლემით დაინტერესდეს პარლამენტი, ეს უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო დონეზე. ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავენ მათი მეურნეობის განვითარებისთვის, არ უნდა გახდნენ ბიუროკრატიის მსხვერპლი და არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ეს არის რეალური უსამართლობა ქვეყანაში.

არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მე ფარხმალი დავყარე იმიტომ, რომ ერთი ტენდერი წავაგე, ეს არ არის მნიშვნელოვანი.

სანამ მე არ შემეხო და საკუთარ მხრებზე არ განვიცადე, არ ვიცოდი, რა პრობლემების წინაშე იდგნენ ქართველი მეწარმეები.

სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანებისთვის, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა ყველაზე დიდი გამოწვევაა, შემდეგი არის ბიუროკრატია, რომელიც ძალიან ტექნიკური ნაწილია.

მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი გადაწყვეტილება შეიძლება დემოტივაცია იყოს სხვებისთვის, პირიქით, მოტივაცია უნდა იყოს იმის, რომ ცოტა სხვანაირად, უფრო ახლებურად შევხედოთ ყველაფერს.

აუცილებლად ვაპირებ პარლამენტთან კომუნიკაციას, ეს არის საკანონმდებლო დონეზე შესატანი ცვლილება. თუ ვსაუბრობთ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე, სახელმწიფო არის ყველაზე დიდი შემსყიდველი და როცა სახელმწიფოში არსებობს მსგავსი ბიუროკრატია, ვფიქრობ, რომ სწორედ ეს აფერხებს ბიზნესის განვითარებას”, – განაცხადა ზამბახიძემ.

შეგახსენებთ, რომ Bm.ge-ის ინფორმაციით, ნინო ზამბახიძის გადაწყვეტილება, გაყიდოს საკუთარი მეურნეობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტენდერს უკავშირდება, რომელშიც ნინო ზამბახიძის კომპანიაც მონაწილეობდა.

ტენდერით უწყებამ ყველი უნდა შეიძინოს.

დოკუმენტაციის მიხედვით, სააგენტოს შესასყიდი ყველის (1 კგ) საწყის ფასად 11 ლარი აქვს მითითებული. კონსოლიდირებულ ტენდერში, ორ კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული – შპს ,,ალპურსა“ და ნინო ზამბახიძის კომპანია ,,ჯორჯიან ბიზნეს ზონ“-ს. 

მიუხედავად იმისა, რომ ზამბახიძის კომპანიას შემსყიდველითვის უკეთესი ფასი -კილოგრამზე 9 ლარი და 47 თეთრი აქვს შეთავაზებული, მას დისკვალიფიკაცია მისცეს.

რაც შეეხება კონკურენტ კომპანიას, ის სააგენტოს ყველის მიწოდებას 1 თეთრით უფრო ძვირად სთავაზობს. ამ დროისთვის ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და თუკი კომპანია ,,ალპურის“ დოკუმენტაცია წესრიგში იქნა, გამარჯვებულად ის დასახელდება.

რა მიზეზით მოხდა ,, ჯორჯიან ბიზნეს ზონ“-ის დისკვალიფიკაცია? 

Bm.ge სატენდერო კომისიის იმ გადაწყვეტილებას გაეცნო, სადაც დისკვალიფიკაციის მიზეზებია განმარტებული.

კომისია განმარტავს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი ტექნიკური აღწერილობა, არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

,,ყველი დაფასოებული უნდა იყოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 1-6 კგ მდე (+-15 გრ). ხოლო პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკური აღწერილობაში მითითებულია, რომ ყველი დაფასოებული იქნება 1,5-5კგ-მდე; ამასთან, არ არის მინიშნებული რომ დაფასოება განხორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. გარდა აღნიშნულისა, პრეტენდენტს არ აქვს მითითებული, რომ მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა იქნება საერთო ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე, რაც გათვალისიწნებული იყო სატენდერო დოკუმენტაციით“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში. 

 ლევან თაღიაშვილი
წყარო:http://www.bm.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *