საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა

ისტორიული წყაროებით, ხორბალი საქართველოში ჯერ კიდევ ნეოლითსა და ადრებრინჯაოს პერიოდებიდან არის ცნობილი, როცა საქართველოში ხორბალთან ერთად უკვე ითესებოდა ქერი, ფეტვნაირები, საზეთე-ბოჭკოვანი კულტურები, მოშენებული იყო ვაზი და ხეხილი. არქეოლოგიური მონაცემებით, ხორბლის კარბონიზებული მარცვლები აღმოჩენილია ძვ.წ.აღ. VI-IV ათასწლეულის ძეგლებზე (არუხლო, ხრამის გორა, შულავერი, ჩიხორი, ხელთუბანი). მიწათმოქმედების პირველი ნიმუშები თარიღდება მეზოლითის პერიოდით.

საქართველოხორბლის კულტურის უძველესი კერაა ამ მცენარის დიდი სახეობების და ჯიშების მრავალფეროვნებითა და ენდემურობის მაღალი დონით გამოირჩევა.

ანტიკური საბერძნეთის ისტორიკოსების, ჰეროდოტესა და ქსენოფონტეს შრომებში მოცემულია ცნობები საქართველოში ხორბლის გავრცელების შესახებ. მოგვიანებით, სულხან-საბა ორბელიანი (1658 — 1725 წწ.), ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.), და სხვები თავიანთ ნაშრომებში გვაწვდიან ცნობებს საქართველოს ხორბლების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ქართული ხორბლები ხორბლების სხვა სახეობებისგან გამოირჩევა მთელი რიგი თვისებებით, რაც მათ განსაკუთრებულ სელექციურ ღირებულებას ანიჭებს. ქართული სახეობები გამოირჩევა სოკოვანი დაავადებების მიმართ მაღალი კომპლექსური იმუნიტეტით, გარემოსადმი ადაპტაციის მაღალი უნარით, პურცხობის და სხვ. საუკეთესო თვისებებით.

ხორბლის წინაპარი Aegilops

გარდა იმისა, რომ ხორბალი წამყვანი კულტურა იყო საქართველოში, ჩვენი წინაპრები მას ასევე იყენებდნენ, როგორც სამკურნალო მცენარეს.

„ბავრუკი“, „თანგარი“, „ნიშო“ და სხვ. სახელწოდებით ცნობილი ხორბლის სახამებელი, იხმარებოდა ხველებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. ხორბლის ფქვილისაგან ძმარში მოზელილი ცხელი ცომი გამოიყენებოდა დაჩირქებული ადგილების მოსაშუშებლად. თეთრ შაბთან შერეული დანაყული, მოხალული მარცვლით მკურნალობდნენ სტომატიტს. ორი დღე ალბობდნენ მარცვალს და შლიდნენ ნაჭერზე. აჯეჯილებულს ახმობდენენ, ფქვავდნენ, ხარშავდნენ, აზავებდნენ ერბოთი და მარილით. ეს საკვები აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. სამცხე-ჯავახეთში მელოგინე ქალს უმეტესად ასეთი ფაფით კვებავდნენ.

თავთუხი

სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 12 სახეობის სამშობლოა წინა აზია, ხოლო 8 სახეობა წარმოიშვა სამხრეთ კავკასიიდან. მათგან 5 — საქართველოს ენდემია: Triticum macha, Triticum timopheevii, Triticum carthlicum, Triticum Zhukovskyi, Triticum georgicum (=T.palaeo-colchicum).

სულ საქართველოში აღწერილია ხორბლის 14 სახეობა, 150-ზე მეტი სახესხვაობა, ფორმა და აბორიგენული ჯიში.

ხორბლის ენდემური სახეობებისა და ფორმების სიმრავლით საქართველოს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

გამორჩეული სამეურნეო თვისებების წყალობით, ქართული ენდემური ხორბლის სახეობებს ერთერთი წამყვანი ადგილი უკავია ხორბლის ჯიშების სელექციის საქმეში და დიდი როლი შეასრულა ხორბლის მრავალფეროვანი ჯიშების და ჰიბრიდული ფორმების შექმნაში.

ზანდური

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა ზანდური, განიხილება, როგორც ხორბლის პრეისტორიული კულტურის უნიკალური ძეგლი. ზანდურის ცენოზში დადგენილი ძირითადი სამი სახეობიდან Triticum timopheevii (Zhuk) Zhuk. —  ჩელტა ზანდური და Triticum zhukovskyi Menabde Ճ Ericzjan — ჟუკოვსკის ხორბალი — საქართველოს ენდემებია. ზანდური მოხსენებულია სულხან-საბა ორბელიანის „ქართულ ლექსიკონში“ და რაფიელ ერისთავის ლექსიკონში (1884).

ზანდური მთის ხორბლებს შორის პირველ ადგილზე დგას, რადგან გამორჩეულია მაღალი გამძლეობით ჩაწოლის, სოკოვანი დაავადებების, ნიადაგის და კლიმატური პირობების მიმართ. მწირ ნიადაგზე იძლეოდა ჰექტარზე დაახლოებით 10 ცენტნერ მოსავალს. ითესებოდა რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთსა და სამეგრელოში.

ჩელტა ზანდური (Triticum timopheevii  (Zhuk.) Zhuk.)

— დასავლეთ საქართველოში მოყავდათ ქართლში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთსა და სამეგრელოში, 400-800 მ.ზ.დ. სიმაღლეზე.

 

საგაზაფხულო მცენარეა, საშუალო სიმაღლისაა (100-120 სმ.). ნახევრად გართხმული, მწვანე. ღერო წვრილია, კარგად შეფოთლილი. ფოთოლი გრძელია, განიერი, შებუსვილია გრძელი ბეწვებით. ასეთი გრძელი ბეწვი ხორბლის არც ერთ სხვა სახეობას არ აქვს. თავთავი 4-8 სმ. სიგრძისაა. მარცვალი წითელია, რქისებური, წაგრძელებული. გამძლეა ჟანგა სოკოების მიმართ.

ჟუკოვკის ხორბალი (Triticum zhukovskyi Menabde & Eritczjan)

— მორფოლოგიურად ჩელტა ზანდურის მსგავსია. ცნობილია გვალვა- და ყინვაგამძლეობით. იზრდება ნებისმიერი ტიპის ნიადაგზე. თესავდნენ გვიან შემოდგომაზე.

ზანდურის ფქვილისაგან დამზადებული პური გემრიელი და არომატულია, მთელი კვირის განმავლობაში ინარჩუნებს სირბილეს. ამიტომ, ლაშქრობისა და მგზავრობის დროს ხშირად იყენებდნენ. ზანდურის ფქვილისაგან, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში,  მზადდებოდა  კორკოტი.

მოსავლის აღების შემდეგ, ღეროებისგან შეკრული კონებს იყენებდნენ საცხოვრებელ სახლებისა და საბძელის გადასახურად.

მახა (Triticum macha Dekapr. & Menabde)

მახა ხორბლის კულტურის პალეორელიქტი და მატერიალური კულტურის უნიკალური ძეგლია. მისი კარბონიზირებული მარცვლები აღმოჩენილია სამეგრელოში (ზუგდიდის რაიონი, დიხაგუძუბა).

სახესხვაობათა და ფორმათა სიმრავლით აჭარბებს საქართველოს ყველა სხვა ენდემურ ხორბლებს. გავრცელებული იყო რაჭა — ლეჩხუმში, სვანეთში, იმერეთსა და სამეგრელოში. ნიადაგის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია, ადვილად ეგუება კირქვიან, ხრეშიან ნიადაგსა და ტენიან პირობებს.

მახას ფქვილისაგან მოზელილი ცომი წელვადია და კარგად მაგრდება თონის კედლებზე. გამოდგება სახაჭაპურედაც.

მახას პური დიდად ფასობდა მოსახლეობაში. მისი ფქვილისაგან ცხვება თეთრი, კარგი გემოსა და არომატის მქონე სურნელოვანი პური, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს სირბილეს. საპატიო სტუმრებს წვეულების დროს მახას პურით უმასპინძლდებოდნენ.

მხედველობის გასაუმჯობესებლად სვამდნენ მახას მარცვლის ნახარშს. ხოლო, მისი ფქვილისაგან მზადდებოდა „ხაბიზგინა“ — ნიგვზითა და ხახვით შეზავებული პური.

ამჟამად მახას ნათესი, ისევე როგორც ზანდურისა,  იშვიათად გვხვდება.

ქართული ასლი (Triticum georgicum (Dekapr. & Menabde) Dekapr.(= T. palaeo-colchicum Menabde)

რბლის რელიქტური, ენდემური სახეობა — ქართული, იგივე „კოლხური“ ასლი, 1940 წელს ნაპოვნია კოლხეთის ენეოლითური ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე.

მორფოლოგიური ნიშნებით ახლოს დგას ხორბლის ველურ ფორმებთან. გამძლეა გუდაფშუტებისადმი. გამოირჩევა მარცვლის კილიანობით და ძნელად ლეწვადობით.

ქართული ასლის მარცვალში მაღალია ცილების და ცილაში ამინომჟავა ლიზინის შემცველობა. იძლევა მაღალი ხარისხის ფქვილს. მოჰყავდათ რაჭა- ლეჩხუმსა და იმერეთში.

დიკა (Triticum carthlicum Nevski)

საქართველოში წარმოშობილი და ჩამოყალიბებული ერთ-ერთი უძველესი ხორბალია, რომელიც მოხსენიებულია უძველეს წერილობით წყაროებში, დაბადების ნათარგმნ და ორიგინალურ ძეგლებში (დაბადება, ბიბლია, ნაწ. I — II, 1884), გიორგი მთაწმინდელის (X–XI სს.) ერთ-ერთ თხზულებაში და უფრო გვიანდელ ჩანაწერებში. ფერეიდანში დღესაც შემორჩენილია ამ სახეობის ქართული სახელი „დიკა“.

მაღალი მთის საგაზაფხულო, ყინვაგამძლე ხორბალია. გამოირჩევა მცირე მოთხოვნილებით სითბოს მიმართ. იოლად იტანს ნალექის სიჭარბეს. დიკას არა ერთი სახესხვაობა, ფორმა, ჯიში და ვარიაცია გავრცელებული იყო საქართველოს სხვადასხვა რაიონებში: გორი, დუშეთი, თიანეთი, მანგლისი, წალკა, დმანისი, ბორჯომ-ბაკურიანი, ერწო-მთიანეთი, ფშავი, ჯავახეთი, მესხეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი და სხვ.

ქართული ხორბლებიდან ერთ-ერთი ძვირფასი სახეობაა, გამორჩეული მაღალი სამეურნეო თვისებებით. ნაკლებად მომთხოვნია გარემო პირობებისადმი, ადვილად ლეწვადი, ჩაწოლისა და ჩაცვენისადმი გამძლე, ადრემოსავლიანი, სოკოვანი დაავადებების მიმართ მძლავრი იმუნიტეტის მქონე სახეობაა. სხვა ძვირფას თვისებებთან ერთად, დიკას მარცვალში მაღალია ცილებისა და ლიზინის შემცველობა.

დოლის პური შავნაბადას მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე

მსოფლიოში ცნობილი დიკას ფორმებიდან, ამ სახეობის ყველაზე დიდი მრავალფეროვნება საქართველოში გვხვდება.

დღეს ეს სახეობა მოყავთ შავნაბადას მონასტრის ბერებს.

ნინო გოცაძე,

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო:/sputnik-georgia.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *