მედიასტატიები

საქართველოს ბიომრავალფეროვნების ზოგიერთი საკითხი

საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართო ქსელი არსებობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი მოცემულ დონეზე სრულყოფილად ვერ ასახავს ბუნებრივი კომპლექსების ბიომრავალფეროვნებას. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF)“ საქმიანობის გაშლას საქართველოში, რომლის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის პროგრამის ჩამოყალიბება, დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა კი წარმოადგენს საქართველოს განვითარების სტრატეგიის ნაწილს და უშუალო კავშირშია როგორც ტერიტორიული დაგეგმარების სახელმწიფო სისტემის სხვადასხვა საფეხურთან, ასევე დარგობრივი დაგეგმვის მრავალ პროგრამასთან.

ტყე ბიოსფეროს მნიშვნელოვანი ელემენტი და ეკოლოგიური წონასწორობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მასზე დიდად არის დამოკიდებული დედამიწაზე ცივილიზაციის თითქმის ყველა სფეროს განვითარება, სიცოცხლის შენარჩუნება და თვით ადამიანის ყოფნა-არყოფნაც კი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათის და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის (FAO) 1993 წლის მონაცემებით ტყეებს დედამიწაზე ხმელეთის მესამედი ანუ 4229,2 მლ ჰა უკავია. ეს მონაცემები შთამბეჭდავია, მაგრამ კონტინენტზე ტყეების განაწილება არათანაბარია. ამასთან, იმავე ფაოს (FAO) მონაცემებით, 1990 წელს დედამიწაზე ტყეების ფართობი 3441,0 ანუ 788,2 მლ ჰა-მდე შემცირდა და ტყეების ფართობების შემცირებას იწვევს მერქანზე მოთხოვნილების სწრაფი ზრდა. როგორც ვხედავთ, მდგომარეობა საგანგაშოა. ტყეების განადგურებით იმ ტოტს ვჭრით, რომელზედაც ვსხედვართ. ეს ბიოსფეროში გლობალურ ცვლილებებს იწვევს. მეცნიერთა მონაცემებით, 1 ტონა აბსოლუტურად მშრალი მერქნის შესაქმნელად ატმოსფეროდან მცენარის მიერ შთაინთქმება საშუალოდ 1,83 ტონა ნახშირორჟანგი და იმავდროულად გამოიყოფა ფიტონციდური ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის სიცოცხლისათვის მიკროორგანიზმების მოსპობა. 1 კუბ მეტრ ტყის ჰაერში დაავადებათა გამომწვევი ორგანიზმები 50-70-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ქალაქებში. ტყის მწვანე საფარი დიდი რაოდენობით აკავებს ჰაერში გაფანტულ მტვრის და გამონაბოლქვი აირების მძიმე ნაწილაკებს. 1 ჰა. ტყე წლიურად ჰაერიდან 50-70 ტონა მტვრის კონდენსაციას ახდენს (II გვ. 24).

როგორც ცნობილია, კავკასია ბიომრავალფეროვნების უნიკალურობით და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამასთან, რეგიონის ბუნება ადამიანის სამეურნეო ზემოქმედების მძლავრი წნეხის ქვეშ იმყოფება როგორც ცალკეული სახეობების, ასევე ეკოსისტემის წონასწორობითაც. ამის დადასტურებაა ის, რომ კავკასია საყოველთაოდ აღიარებულია ბიომრავალფეროვნების ეკორეგიონად. მეტიც, ფიგურირებს მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების დონით, უნიკალური და კონსერვაციის საჭიროების თვალსაზრისით პრიორიტეტულ 25 რეგიონის ნუსხაში — ტროპიკული ანდების, ბრაზილიის, ატლანტიკური ტყეების და სხვათა გვერდით.

ისიც ცნობილია, რომ საქართველო, მთელი კავკასიის მსგავსად, განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა და, სამწუხაროდ, აქაც ველური ბუნების პრობლემები დღემდე უაღრესად აქტუალურია, ხოლო ველური ბუნების დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ქმედით საშუალებას მისი ტერიტორიების კონსერვაცია, დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარება წარმოადგენს.

საქართველოში ბუნების ტერიტორიულ დაცვას დიდი ხნის ისტორია აქვს. XX ს-მდე ბუნებრივ ტერიტორიებს იცავდნენ ძირითადად რელიგიური მოსაზრებების და საფეოდალო სავარგულებად გამოყენების მიზნით. სამეცნიერო საფუძველზე დაყრდნობით დტ-ის ჩამოყალიბება ჩვენში XXს. ათიანი წლებიდან დაიწყო. 1912წ. დაარსდა საქართველოში პირველი — ლაგოდეხის ნაკრძალი. მას შემდეგ არ შეწყვეტილა ზრუნვა DT-ის სისტემის განვითარებაზე. ამ საქმეში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვით გამოჩენიულ მეცნიერებს და ბუნების ქომაგებს — ნ. კეცხოველს, ვ. გულისაშვილს, დ. სოსნოვსკის და სხვ. ამ საშვილიშვილო ტრადიციას აგრძელებენ ჩვენი გამოჩენილი მეცნიერები, შესაბამისი სამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი.

საქართველოში ბუნებრივი კომპლექსების დაცვის ეფექტურობა, მათი მოვლა უდიდესი სახელმწიფოებრივი პრობლემაა და ბევრად განსაზღვრავს კაცობრიობის ხვალინდელ დღეს. შემუშავებულია კანონი ტერიტორიების სისტემის შესახებ, სადაც ჩამოყალიბებულია გარემოსდაცვითი, ბუნების კონსერვაციის, მეცნიერული კვლევის, განათლების და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი სამეურნეო გამოყენების ინტეგრარული მიზნები. მასში მოცემულია ცალკეული დაცული ტერიტორიის დეფინიცია, ბუნებრივი ობიექტებისა და ტერიტორიების შერჩევისა და მოწყობის მოთხოვნები, რაც შეესატყვისება, ერთის მხრივ, ბუნების დაცვის საჭიროებებს საქართველოში და, მეორეს მხრივ, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციებს.

ამჟამად საქართველოში არსებობს დაცული ტერიტორიების ფართო ქსელი, თუმცა, ნათლად ჩანს, რომ იგი მეცნიერულ დონეზე სრულყოფილად ვერ ასახავს ქვეყნის ბუნებრივი კომპლექსების ბიომრავალფეროვნებას. ამიტომ, როგორც თ. ურუშაძე და ვ. ლორია (1996) აღნიშნავენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაციის „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ (WWF) საქმიანობის გაშლას საქართველოში. 1990 წელს საფუძველი ჩაეყარა „ეროვნული პარკების“ შექმნის პროექტს, ხოლო 1991 წლიდან — საქართველოში „ეკოლოგიური განათლების განვითარების“ პროექტს. დაისახა 7 ეროვნული პარკის შექმნის პერსპექტივები. ეს იყო მომავალი დაცული ტერიტორიების კონტურები, სადაც ეროვნულ პარკებთან ერთად გამოყოფილი იქნება სხვა კატეგორიებიც — ნაკრძალები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები და ა.შ.

საქართველოში დაცული ტერიტორიების სისტემა ემსახურება თვითმყოფად ბუნებრივ-კულტურულ გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების შენარჩუნებას, მოსახლეობის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის პირობების დაცვას და საზოგადოების ცივილიზებული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლის შექმნას. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის, კატეგორიების შერჩევის, მათი დაარსების და ფუნქციონირების მიზანია:

ბუნებრივი პროცესების მყარი განვითარების უზრუნველყოფა, ბიოგეოგრაფიული მრავალფეროვნების შენარჩუნება;

ბუნების უნიკალური და იშვიათი ორგანული და არაორგანული კომპონენტების შენარჩუნება;

ბუნებრივი წყლების (ზედაპირული და გრუნტის) ფორმირების, გადინებისა და განტვირთვის არეალების, აგრეთვე ეროზიის, ღვარცოფის, წყალდიდობის და მეწყერსაშიში ზონების ტერიტორიების დაცვა ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან;

ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ხუროთმოძღვრული, პალეობიოლოგიური და არქეოლოგიური კომპლექსების შენარჩუნება და აღდგენა;

განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა და სხვ.

დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა წარმოადგენს საქართველოს განვითარების სტრატეგიის ნაწილს და უშუალო კავშირშია როგორც ტერიტორიული დაგეგმარების სახელმწიფო სისტემის სხვადასხვა (ეროვნული, რეგიონული) საფეხურთან, ასევე დარგობრივი დაგეგმვის (მეცნიერება, განათლება, ტურიზმი, მშენებლობა, ტრანსპორტი და სხვ.) მრავალ პროგრამასთან. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა განსაზღვრავს დასაგეგმარებელ რეგიონს, დასაცავ ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ ობიექტებს, აზუსტებს დაცული ტერიტორიების კატეგორიებს, რეკომენდებულ საზღვრებსა და ზონებს, აკრძალვებსა და დაშვებულ საქმიანობას, აყალიბებს დაცული ტერიტორიების დაარსების პრიორიტეტებსა და ეტაპებს. დაგეგმვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ. დაცული ტერიტორიების შექმნის და განვითარების საკითხებს იხილავს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წინადადების საფუძველზე. საგანგებო შემთხვევაში (დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევადი რღვევა, დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, ფართო აღდგენითი სამუშაოების აუცილებლობა) დაცული ტერიტორიების დროებით და მუდმივ გაუქმებას, ტერიტორიული და დაცვითი კატეგორიების შეცვლას საქართველოს მთავრობის წინადადების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტი.

დაცული ბუნებრივი ტერიტორიების ქსელში ეტალონის ფუნქციებს უმეტეს შემთხვევაში ბიოსფერული ნაკრძალები ასრულებენ, რომელთა შექმნის იდეა წარმოიშვა და შესაბამის კონცეფციას საფუძველი ჯერ კიდევ 1974 წელს ჩაეყარა იუნესკოს „ადამიანი და ბუნება“ (MAB) საერთაშორისო პროგრამების მომზადების შემდეგ. ამ ნაკრძალების პირველი ქსელი ჩამოყალიბდა 1976 წელს, ხოლო 1995 წლის მარტისათვის იგი მოიცავდა 324 ნაკრძალს 82 ქვეყანაში. 1983 წელს მინსკში იუნესკოს ინიციატივით ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონგრესი, ამის შედეგად 1984 წელს შედგა „ბიოსფერული ნაკრძალების მოქმედების გეგმა“, რომელიც მოწონებულ იქნა იუნესკოს გენერალური კონცეფციის კონფერენციისა და იუნეპის სახელმწიფო სათათბიროს მიერ. გეგმას კონვენციის სახით ხელი მოეწერა 1992 წლის ივნისში რიო-დე-ჟანეიროში, ხოლო ძალაში შევიდა 1993 წლის დეკემბერში. ამჟამად იგი რატიფიცირებულია 100-ზე მეტი ქვეყნის მიერ. მისი მიზანია ტიპიური ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ცალკეული ჯგუფების (ბიოსფეროს ეტალონური უბნები, მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური ფონდი) მაქსიმალური შენარჩუნება, მრავალწლიანი ეკოლოგიური კვლევების განხორციელება ფუნდამენტური და გარემოს მონიტორინგის სფეროში, განათლება და სპეციალისტების მომზადება. ამასთან, კვლევითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს თვით ბიოსფერული „ეტალონების“ ხელშეუხებელ ტერიტორიებზე და აგრეთვე მათ გარსშემორტყმულ ზონებში, რაც საშუალებას მოგვცემს მეცნიერულად დავასაბუთოთ ადამიანისა და გარემოს ურთიერთობის შედეგები, დავამუშაოთ ბუნებრივი ეკოსისტემების რესურსით სარგებლობის ხანგრძლივი სტრატეგია. ამ კონცეფციათა განვითარებასთან დაკავშირებით მუშაობა წარმოებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების საერთაშორისო კავშირის სხვა ორგანიზაციების იუნესკოსთან კოორდინაციაში.

ბიოსფერული ნაკრძალების პროგრამამ უზრუნველყო სამი ძირითადი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა. ეს მიმართულებებია: ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, საწყისი ბიოლოგიური მონაცემების შეკრების სისტემის შემუშავება და ბიოლოგიურ სისტემებთან ადამიანის ინტეგრაციის ორგანიზაცია. გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ნაკრძალების მონიტორინგი კაცობრიობას საშუალებას მისცემს უკეთ მართოს ბიოსფერო, მიღებული შედეგები კი ფართოდ გამოიყენოს სახალხო მეურნეობის სხვადასხვა სფეროში. ეკოლოგიური მონიტორინგის წარმატებით განხორციელების აუცილებელი პირობაა იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკოსისტემების მდგომარეობას, მასში ეკოლოგიური წონასწორობის შეფასებასა და მოსალოდნელი ცვლილებების პროგნოზს. ეკოლოგიური მონიტორინგი გამოიყენება ბიოსფეროს მდგომარეობის ნებისმიერი გლობალური შეფასებისათვის. ამიტომ, მისმა თეორიულმა საფუძვლებმა უკანასკნელ წლებში ფართოდ აღიარება და განვითარება ჰპოვა. შემუშავებულია პროექტი, რომლის ამოცანაა ბიოსფერული ნაკრძალების შერჩევის და განლაგების კრიტერიუმების ძიება და მისი გამოყენება ეკოსისტემების დინამიურობისა და მონიტორინგის კვლევის პროგრამისა და მეთოდის დამუშავებაში.

ბიოსფერული ნაკრძალები შექმნილია იმ რეგიონებში, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანის მიერ შეუცვლელი ბუნებრივი სისტემები და წარმოდგენილია მხოლოდ ტექნოგენური ლანდშაფტებით. საჭიროა მათი შემადგენელი ბიომების გამოყენება როგორც გენოფონდის შენარჩუნების, ისე მონიტორინგისათვის, მაგრამ სასურველია ისინი მაინც ცალკე სისტემაში გაერთიანდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კულტურული ეკოსისტემები შეიძლება იმყოფებოდეს ადამიანის მიერ შექმნილ მაქსიმალურად სარგებლობის დაინტერესების რეჟიმში. ჩვეულებრივ ეს დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლბრუნვასთან, ხე-ტყის ჭრასა და ტყის კულტურების დარგვასთან, სასუქების და პესტიციდების გამოყენებასთან და სხვ. ასეთ ნაკრძალებში ცალკეული ზონების მართვასა და მონიტორინგის განხორციელებას თავისი სპეციფიკა აქვს და არ უნდა გავაიგივოთ იგი ბუნებრივი ეკოსისტემების ბაზაზე შექმნილი ნაკრძალების მართვის რეჟიმსა და მონიტორინგთან. ამიტომ, ბიოსფერულ ნაკრძალებთან ერთად უნდა შეიქმნას „ბიოსფერული სამეცნიერო სადგურები“, რომლებიც კოორდინატორის როლს შეასრულებენ ნაკრძალი ტერიტორიის მონიტორინგსა და შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური დონით აღჭურვილ, მოხმარების ინტენსიურ, არასტაბილური რეჟიმის პირობებში არსებული ტერიტორიის მონიტორინგს შორის. ამჟამად შექმნილი ბიოსფერული სადგურები მოიცავენ დამოუკიდებლად მოქმედ ბიოსფერულ ნაკრძალებს თავისი სპეციფიკური ამოცანებით, ტერიტორიული სტრუქტურით, გაერთიანებული მართვის რეჟიმით და ინტენსიური მოხმარების მიწებზე ჩამოყალიბებული სამეცნიერო სტაციონარებით.

ნაკრძალის ტერიტორიის ფართობი უნდა განისაზღვროს მისი ძირითადი მიზნის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ადრე ნაკრძალის ორგანიზაციისას მხედველობაში არ მიიღებოდა და ამჟამადაც ხშირად არ მიიღება მომთაბარე გარეული ცხოველების შესანარჩუნებლად აუცილებელი პირობები. მიგვაჩნია, რომ ნაკრძალისათვის ტერიტორიის გამოყოფის ან მისი ფართობის ან საზღვრების კორექტირებისას უნდა გავითვალისწინოთ მსხვილფეხა ძუძუმწოვარი ცხოველების წლის სხვადასხვა პერიოდში ადგილსამყოფელით უზრუნველყოფის საკითხი. ამისათვის საჭიროა გაღრმავდეს სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები მათი სეზონური ყოფა-ცხოვრების პირობების დასადგენად.

იმ ტერიტორიაზე, სადაც ნაკრძალი იქმნება, საჭიროა ჩამოყალიბდეს სადგურები. მათი მიზანია გარეულ მსხვილფეხა ცხოველთა სახეობრივი შემადგენლობის შესწავლა, ინდიკატორების გამოყოფა, რომელთა შესანარჩუნებლადაც მნიშვნელოვანი ფართობებია საჭირო, აგრეთვე პოპულაციების თანამედროვე მდგომარეობის დადგენა, მათი რაოდენობრივი და სივრცობრივი განაწილების თავისებურებების განსაზღვრა წარსულში, უკეთესი პირობებისა და მდგომარეობის დროს; ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ხანგრძლივი ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად, კვლევის მომენტში ცხოველთა რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული; გავრცელებულ სახეობათა ბალანსირებური რიცხობრიობის დადგენა, რაც მათ არსებობას უზრუნველყოფს მათი სეზონური მოძრაობის დაზუსტებისათვის, რაც საკმაოდ რთულია. ამასთან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ შედგეს მსხვილმასშტაბიანი ლანდშაფტური რუქა, რომელიც კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის საქართველოს ბიომრავალფეროვნების თანამედროვე მდგომარეობას.

ქ. რობაქიძე