საქართველოს მერძევეობის სექტორი ვითარდება

საქართველოს მერძევეობის ინდუსტრია მზარდი ტემპებით ვითარდება, რაც განპირობებულია გაუმჯობესებული საინვესტიციო კლიმატით, კარგი პირობების არსებობით სარძეო ფერმებისთვის,  რძეზე და რძის პროდუქტებზე მაღალი  მოთხოვნის არსებობით.

თუმცა, ინდუსტრიაში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები. ქვეყნის მერძევე ფერმერებიდან ბევრი განიცდის ტექნიკური ინოვაციების ნაკლებობას, უფრო უსაფრთხო და მაღალი ხარისხის რძის წარმოებისთვის.გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად (FAO) მხარს უჭერს საქართველოს წამყვან სარძეო ფერმებს მოდერნიზაციის, რძის წარმოებისა და ხარისხის გაზრდის პროცესში.

“ჩვენ უკვე დავამყარეთ კავშირი მერძევეობის ინდუსტრიის ბევრ წარმომადგენელთან საქართველოში ტრენინგების, სასწავლო ტურებისა და საინფორმაციო პორტალის საშუალებით, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მერძევეობის ბაზრის შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაციაა განთავსებული, ასევე ღონისძიებების საშუალებით, სადაც ხდება ცოდნის გაზიარება მერძევეობის სექტორში არსებულ უახლეს ტენდენციებზე, ტექნოლოგიურ და სურსათის უვნებლობის სტანდარტებზე, ინვესტიციების შესაძლებლობებზე”, – განაცხადა FAO-ს ეკონომისტმა, ანდრიი იარმაკმა. „ასეთი ტიპის ცოდნის გაზიარებას შეუძლია დაეხმაროს მიწოდების ჯაჭვს ქვეყნის მერძევეობის სექტორში გახდეს უფრო ეფექტური და ინკლუზიური.“

საწარმოო პროცესების მოდერნიზება

FAO/EBRD-ის ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ მარტივი ცვლილებების შეტანით საკუთარ საქმიანობაში, ქართველ კომერციულ მერძევე ფერმერებს შეუძლიათ გაზარდონ პროდუქტიულობა 35%-ით. უფრო მეტიც, ამ ცვლილებების განხორციელება არ მოითხოვს დიდ ინვესტიციებს.

უკრაინის მაგალითით შთაგონებულმა ქართველი ფერმერების ჯგუფმა ჩამოაყალიბა რძის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოში. FAO-ს და EBRD-ის მხარდაჭერით ჯგუფი ესტუმრა კომერციულ ფერმებს საქართველოსა და უკრაინაში, სადაც ფერმერებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია და ცოდნა თანამედროვე სარძეო ფერმის ფუნქციონირების შესახებ, მათ შორის მეწარმეების მენეჯერული საქმიანობის შესახებ.

ბევრმა ფერმერმა დაიწყო თავისი ფერმის განახლება,  ახალი ჯიშის პირუტყვის და ტექნოლოგიების შეძენა პროდუქტიულობისა და მოგების გასაზრდელად. მას შემდეგ, რამდენიმე მაღალ-ეფექტიანი ფერმა შეიქმნა ქვეყანაში.

უკრაინაში სასწავლო ვიზიტის შემდეგ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ერთ-ერთმა ქართულმა ფერმამ, „ყვარლის ბაგამ“ აღნიშნა თუ როგორ შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მათ ფერმაში 20%-დან 2.3%-მდე ერთი წლის განმავლობაში. ეს მრავალთაგან ერთ-ერთი ხელშესახები გაუმჯობესების მაგალითია.

მეტი ეფექტიანობა და წარმატება

FAO-მ და EBRD-მ 2016 წელს განახორციელეს მოდულური ტრენინგების პროგრამა, წარმოების ახალი მეთოდების გასაცნობად ქართველი ფერმერებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ქვეყნის მერძევე ფერმერებმა მოკლე პერიოდში დიდი პროგრესი განიცადეს, გაზარდეს თავიანთი ეფექტიანობა და გააუმჯობესეს უვნებლობის სტანდარტები, ცხოველთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა,“ განაცხადა ვიქტორია ზინჩუკმა,  EBRD-ის აგრო-ბიზნესის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა.

„სექტორის მომავალი პოზიტიურია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოთხოვნა მაღალი ხარისხის რძესა და რძის პროდუქტებზე იზრდება. ჩვენ ვხედავთ ახალ ინვესტიციებს რძის პირველადი წარმოების და გადამუშავების სექტორში, რაც ამაღელვებელია, რადგან ეს არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ინდუსტრია ყველას სასარგებლოდ, მათ შორის მომხმარებლებისთვისაც.“

სამომავლო პერსპექტივა

სექტორის განვითარების პროცესის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა ქვეყნის რძის მწარმოებლების ასოციაციის შესაძლებლობების გაძლიერებაა.

საქართველოში FAO-ს წარმომადგენლის, მამუკა მესხის განცხადებით,  „მწარმოებლების ამგვარი გაერთიანებები წარმოუდგენლად სასარგებლოა ღირებულებათა ჯაჭვის ინტეგრირებისთვის. გარდა ამისა, მეტი კოოპერაცია გაზრდის ცოდნის გაზიარებას და წარმოების პროცესი გახდება უფრო ეფექტიანი.“

ასოციაციამ ჩამოაყალიბა საკონსულტაციო ცენტრი, სადაც ასოციაციის წევრებს მომზადებული სპეციალისტები გაუწევენ კონსულტაციებს. საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით ასევე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საწარმოო ინვენტარის შესყიდვისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ.

FAO-ს და EBRD-ის მიერ სამეზობლო ქვეყნებში ინიცირებული ოფიციალური დიალოგი კერძო და საჯარო სექტორს შორის, ასევე დადებით ზეგავლენას მოახდენს საქართველოს მერძევეობის სექტორზე.

კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში FAO და EBRD უკვე უჭერენ მხარს ადგილწარმოშობის დასახელებების ამოქმედებას ქართული, ტრადიციული ყველის წარმოებაში, რათა შეიქმნას დამატებითი ღირებულება ბაზრის ამ კონკრეტული ნიშისთვის.

დამატებით, FAO/EBRD-ის მომავალი პროექტი გააძლიერებს პოლიტიკურ და ბიზნეს სტრატეგიას  საქართველოს მერძევეობის სექტორში, სახელმწიფოსა და მერძევეობის სექტორის კერძო წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობით, ასევე ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერით, მათთვის ტრენინგების ჩატარების და ცოდნის გაზიარების გზით.

წყარო: http://georgiandairy.org

2 thoughts on “საქართველოს მერძევეობის სექტორი ვითარდება

  • 22/12/2017 at 12:47
    Permalink

    საგულისხმო მასალაა! ამასთან:
    1. მერძევეობის სექტორის რომელ განვითარებაზე საუბრობთ, როდესაც სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით რძის საერთო წარმოება წლიდან წლამდე კატასტროფულად მცირდება, ხოლო ფურების მონაწველის საშუალო წლიური ზრდა სულ რაღაც 20-30 კგ- ის ფარგლებშია (ესეც, ჩემი აზრით დამატებით შესწავლას საჭიროებს).
    დავიჯერო ეს განვითარებად მიგაჩნიათ?
    2. საქმისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება ზოგადი ხასიათის “შელამაზებულ” პუბლიკაციებთან ერთად არსებულ პრობლემებზეც გამახვილდეს ყურადღება… მაგალითად “ყვარლის ბაგა”- აღნიშნავს, რომ “შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი … ფერმაში 20%-დან 2.3%-მდე ერთი წლის განმავლობაში”, აქ მნიშვნელოვანი იყო გამოგეტანათ ანალიზი, თუ რა იყო ცხოველთა დახოცვის მიზეზი, რასაც ევროპული ჯიშის იმპორტიორი სხვა ფერმერებიც გაითვალისწინებდნენ…
    3. საინტერერსოა, ჩამოყალიბებულ საკონსულტაციო ცენტრში ასოციაციის წევრებს ვინ უწევს კონსულტაციებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მეცხოველეობის მიმართულების არცერთი ქართველი მეცნიერი, რომელთაც მერძეული მეძროხეობის მიმართულებით ჭკუა მოეკითხებათ, კარგად იცნობენ განვითარებულ ქვეყნებში ამ დარგის მდგომარეობასა და განვითარების ტენდენციებს, აგრეთვე მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, ამ პროცესში ჩათული არ არის, რატომ?.

    Reply
  • 22/12/2017 at 14:05
    Permalink

    თემურ წილოსანი
    მე გავწევრიანდები ასოციაციაში 599546641

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *