ბლოგირუბრიკებისტატიები

საქართველოს მთის სოფლების გადარჩენის უალტერნატივო გზა

ხშირად ენერგეტიკული სიდუხჭირის გამო, ძალზე დიდია შიდა და ქვეყნის გარე მიგრაცია, იცლება სოფლები და ამ პროცესის შეჩერების ერთადერთი მექანიზმი სოფლის მოსახლის თუნდაც ენერგიის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაა, სხვა შემთხვევაში 21-ე საუკუნეში სოფელში მთავარი რესურსის, ადამიანის შენარჩუნება ვერ მოხერხდება.

წინამდებარე სტატიის ძირითადი მოტივი ამ პრობლემის გადაჭრის მცდელობა და გზების ძიებაა. ვფიქრობთ, რომ რეალურად მხოლოდ აღწერილი კომპლექსური მიდგომა შეიძლება პრობლემის დროულად მოგვარების საწინდარი გახდეს. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება ენერგოდეფიციტურ რეგიონებში განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისების პოლიტიკა და ამ პრობლემას არ მიექცევა სათანადო ყურადღება, როგორც შედეგი, ისევ გაგრძელდება ტყის რესურსის განადგურება, გაიზრდება ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება იმპორტირებულ საწვავზე და მოსახლეობას კვლავ ექნება ენერგიის დეფიციტი, გაგრძელდება მიგრაცია, ვერ განვითარდება სოფლის მეურნეობა, წარმოება, სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება.

დღეს საქართველო საკუთარი რესურსების სახით, მის მიერ მოხმარებული ენერგიის მხოლოდ 32-35 პროცენტს აკონტროლებს, დანარჩენი 65-68% იმპორტირებული ენერგორესურსებია. ცხადია ასეთი მწირი ენერგორესურსების ბაზის პატრონი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება ძალზე მყიფეა, ხოლო ენერგოდამოუკი-დებლობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება განისაზღვრება, როგორც მდგომარეობა, რომლის დროს სახელმწიფოს, მის მოსახლეობას, საწარმოებს, ინფრასტრუქტურას და სხვა მომხმარებლებს ხელი მიუწვდებათ მათ მიერ მოთხოვნილ ენერგეტიკულ რესურსებზე საკმარისი რაოდენობით და გონივრულ საბაზრო ფასებში. გაგება „ენერგეტიკული უსაფრთხოება“ შეიძლება განიმარტოს როგორც ხიფათის არარსებობა, ანუ მოსახლეობის და მთლიანად სახელმწიფოს დაცულობა ენერგიის და ენერგეტიკული რესურსების ყველა სახის დეფიციტის გაჩენის საფრთხეებისაგან, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნან ნეგატიური ბუნებრივი, ტექნოგენური, ანტროპოგენული, სოციალურ-ეკონომიკური, შიდა და გარე პოლიტიკური ფაქტორების ზეგავლენით.

ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდეფიციტის შერბილების საშუალებები

ჩატარებული ანალიზის შედეგებმა თვალნათლივ აჩვენა იმ პრაქტიკული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.

იმდენად რამდენადაც საქართველოში ახლა იწყება ენერგოსექტორის მოდერნიზება, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ახალი სისტემის მშენებლობა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისათვის გასათვალისწინებელია რამდენიმე ძირითადი პოსტულატი:

  1. ენერგოსისტემა უპირატესად უნდა ეფუძნებოდეს საკუთარ, მათ შორის განახლებად, ენერგორესურსებს.
  2. მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ენერგოდაზოგვის და ენერგოეფექტიანობის პოტენციალი.
  3. საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროსტრუქტურებში გაერთიანებისაკენ მისწრაფება თავისთავად გულისხმობს ქვეყნის ინტეგრაციას რეგიონალურ ენერგოსისტემაში, ეს კი თავის მხრივ მოითხოვს ენერგოსისტემის ადაპტაციას მეზობელი ქვეყნების სისტემებთან არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისითაც. ენერგეტიკული პოლიტიკა თანხმობაში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან და ეს პირველ რიგში ეკოლოგიურ მოთხოვნებს გულისხმობს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მომზადებული „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების“ დოკუმენტის მიხედვით 2015 წლისათვის გათვალისწინებულია ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდოს 12,6 მლრდ. კვტსთ-მდე, ხოლო ბუნებრივი გაზის მოხმარება 3.3 მლრდ. მ3-მდე, რაც მოითხოვს არსებული სიმძლავრეების სწრაფი ტემპებით რეაბილიტაციას, ახალი სიმძლავრეების მშენებლობის კონცეპტუალურ გადაწყვეტას და ენერგიის წარმოება-მოხმარების ეფექტურობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემის გადაწყვეტას ახალი სიმძლავრეების ამოქმედებით ჰესების მშენებლობის გააქტიურების ხარჯზე მნიშვნელოვანი დრო და კაპიტალდაბანდება სჭირდება.

ცხადია, ამ ფონზე ენერგიის განახლებადი წყაროების ჩართვა საერთო ენერგეტიკულ ბალანსში (თანამედროვე მაღალეფექტიან თბოდანადგარებთან ერთად) მნიშვნელოვნად და სწრაფად შეამცირებს ენერგოდეფიციტს და შესაბამისად გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას. სწორად დაგეგმილი სტრატეგიის შემთხვევაში ჩვენ, არსებული პოტენციალის რაციონალური გამოყენების გათვალისწინებით, მოწინავე, მომგებიან სიტუაციაში აღმოვჩნდებით.

განახლებადი ბუნებრივი რესურსების მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა

ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი მექანიზმი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაა. ეს ტენდენციები უკვე მკვეთრად გამოისახა აშშ-ს, ევროკავშირის და სხვა მოწინავე ქვეყნების ენერგეტიკის განვითარების პროგრამებში, სადაც 2020-წლისათვის, სრულ ენერგეტიკულ ბალანსში, განახლებადი წყაროების წილის 20%-მდე გაზრდაა ნავარაუდევი.

იმის მიუხედავად, რომ განახლებად ენერგორესურსებზე დაფუძნებული ენერგოდანადგარები მცირე სიმძლავრეებზე არის ორიენტირებული, მძლავრ ენერგოწყაროებთან შედარებით მათ უკვე გარკვეული უპირატესობები აქვთ: ეს უპირატესობები ყველაზე ნათლად ავტონომიური ენერგეტიკული ქსელების შექმნაში ჩანს, რაც პირველ რიგში ეკონომიურობითა და ეკოლოგიურობით ვლინდება. ენერგიის განახლებადი წყაროების ავტონომიურ ენერგომომარაგებაში ჩართვას, გარემოზე ადამიანის მინიმალური ნეგატიური გავლენის ფონზე, შეუძლია ეკონომიკური განვითარება უზრუნველყოს. მათი ექსპლუატაცია, მიუხედავად შედარებითი სიძვირისა, მომგებიანია, თუნდაც სოციალური კუთხით (წყლის და გარემოს სისუფთავე, ჰიგიენა და სანიტარია), რაც ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში აისახება.

წინამდებარე სტატიაში ძირითადად არატრადიციული ენერგეტიკული წყაროების სამ ტიპს განვიხილავთ: მცირე ჰიდროენერგეტიკა, ჰელიო და ბიოენერგეეტიკა.

ჰიდროენერგეტიკა

ჰიდროენერგეტიკა, რომელიც მცირე სიმძლავრეების ათვისებაზეა ორიენტირებული, თავისი დანიშნულებით და მნიშვნელობით, როგორც ითქვა, განახლებად ენერგორესურსებს განეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ მიმართულება არ განიხილება მძლავრი ენერგეტიკის ალტერნატივად, უნდა აღინიშნოს, რომ მძლავრი ჰიდროენერგეტიკა თავისი კაშხლებით, დერივაციებით და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობებით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე. იმავდროულად მძლავრი, წყალსაცავიანი ჰესების რენტაბელობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: როგორც წესი, დადგმული სიმძლავრეები ხშირად გაუმართლებლად აჭარბებს სეზონური მოხმარებისათვის საკმარის სიმძლავრეს, ჩადებული ინვესტიციების ამოღების ვადები 12-15 წლით არის განსაზღვრული და სხვა, რის გამოც დღეის მდგომარეობით მძლავრი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მნიშვნელოვან და საფუძვლიან შეფერხებებს განიცდის.

ჰელიოენერგეტიკა

ყველა სახის აკუმულირებული და, მით უმეტეს, განახლებადი ენერგეტიკა საბოლოო ჯამში მზის გამოსხივებას უკავშირდება. დღეისათვის ცნობილია უშუალოდ მზის ენერგიის გამოყენების სამი ძირითადი მიმართულება:

მზის ენერგიის პირდაპირი გარდაქმნა ელექტრულ ენერგიად (ფოტოელექტროგარდამქმნელები); მზის ენერგიის სითბურ ენერგიად გარდაქმნა (ცხელი წყლის მზის კოლექტორები); მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა (თერმოდინამიკური ციკლის საფუძველზე).

მზის ენერგიის ელექტრულ ენერგიად პირდაპირ გარდაქმნა ფოტოელექტრული გარდამქმნელების მეშვეობით ტექნიკური თვალსაზრისით სასურველი და შესაძლებელია, თუმცა ერთეული სიმძლავრის ფასი (5-7 დოლარი ვატზე) ჯერ კიდევ საგრძნობლად მაღალია. ასე, რომ ჯერჯერობით, ამ სფეროში არსებული მნიშვნელოვანი წარმატებების მიუხედავად, მზის ელექტროენერგია ფართომასშტაბიანი პრაქტიკული გამოყენების მხრივ, ჩვენს რეალობაში ძვირადღირებული ფუფუნებაა და მისი გამოყენება მხოლოდ სახელმწიფოს ხელშეწყობით შეიძლება რეალიზდეს.

ბიოენერგეტიკა

ბიომასა შეიძლება გარდაიქმნას როგორც თხევად, ასევე აირად საწვავად ან გარდაუქმნელად დაიწვას. ბიოენერგეტიკა განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და პერსპექტიული მიმართულებაა. პროგნოზების თანახმად უახლოეს მომავალში მისი წილი საერთო ენერგეტიკულ ბალანსში 8,5-9%-ია. იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფალი ენერგიის დაგროვება და შენახვა რთული პრობლემაა, ბიოენერგეტიკის უპირატესობა განახლებადი ენერგიების სხვა ფორმებთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია მისი სერიოზული ოდენობით აკუმულირება.

ტექნოლოგიური პროცესის მიუხედავად, ბიორეაქტორიდან მიღებულ ბიოგაზზე უპრობლემოდ მუშაობს ენერგოგენერაციის ისეთი ეფექტიანი და, რაც მთავარია, ავტონომიურ ენერგომომარაგებასთან მისადაგებული წყარო, როგორიც კოგენერატორია.

კოგენერატორული დანადგარები თანამედროვე თბოელექტროსადგურებია, სადაც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით პირველადი წყაროდან მიღებული ენერგია სრულად (პრაქტიკულად უდანაკარგოდ) ორი სახის, ელექტრულ და სითბურ ენერგიად გარდაიქმნება და მათი ერთდროული, მაქსიმალური გამოყენება ხდება, რის შედეგადაც დანადგარის სრული მარგი ქმედების კოეფიციენტი (საწვავის სასარგებლოდ გამოყენების კოეფიციენტი) 90-92,5-%-ია, რომელიც, თავის მხრივ 40%/60%-იანი თანაფარდობით ნაწილდება. მაგალითად, 100 კვტ ელექტრული სიმძლავრის კოგენერატორის შემთხვევაში თანმდევი სითბური სიმძლავრე დაახლოებით 150 კვტ-ს რიგის იქნება.

ბიოენერგეტიკული პოტენციალი საქართველოს რეალობაში, ამ ეტაპზე, ძირითადად შეშის გამოყენებაზე დაიყვანება. იმის მიუხედავად, რომ შეშა წარმოადგენს ტრადიციულ საწვავს, რომელსაც მოსახლეობა ისტორიულად ყოველთვის იყენებდა, მისი ეფექტიანად გამოყენების კულტურა ვერ დამკვიდრდა, თითქმის ყველგან ხმარებაშია კუსტარულად დამზადებული თუნუქის ღუმელები, რომლებსაც აქვთ დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი. მოსახლეობას არ აქვს თანამედროვე მაღალეფექტიანი ღუმელების შეძენის შესაძლებლობა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად შეშას დღეს კონკურენტი არ გააჩნია.

ავტონომიური ენერგომომარაგება

ენერგომომარაგების პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ სოფლის სინამდვილეზე აისახა, მეტადრე მთიანი რეგიონების იმ სოფლებში, სადაც მოსახლეობისათვის ენერგორესურსები ძვირი და ძნელად ხელმისაწვდომია, სათბობის ერთადერთი საშუალება შეშაა. საოჯახო ენერგეტიკული კალათის დასაბალანსებლად, თუნდაც მინიმალური მოთხოვნის დონეზე, გასათბობად და საკვების მოსამზადებლად, მოსახლეობა შეშას იყენებს, შესაბამისად უკონტროლოდ იჩეხება ტყეები და შედეგად ვითარდება ისეთი დამანგრეველი მოვლენები, როგორებიცაა: ზვავები, ღვარცოფები, ეროზია და ა.შ. ამრიგად, ენერგოუზრუნველყოფის პრობლემა პირდაპირ არის დაკავშირებული ეკოლოგიურ პრობლემებთან. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დილემის გლობალური მოგვარებისათვის ჩვენ საკუთარი, პირველადი ენერგორესურსები არ გაგვაჩნია, ტყის დამცავი მეტნაკლებად რეალური მექანიზმი ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის განვითარების ტემპების დაჩქარებაა.

შემოთავაზებული მოდელი უპირატესად ენერგოდეფიციტური რეგიონებისათვის ენერგომომარაგების ახალი მიდგომების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

რაიონული ცენტრებიდან მოშორებული და ძნელად მისადგომი სოფლების ენერგოუზრუნველყოფის პოლიტიკა საკმარისად ეფექტიანი არ არის. მიმდინარეობს გაზიფიცირების პროგრამა, მაგრამ მაღალმთიანი სოფლების სოლიდური რაოდენობა პროგრამაში ვერ შევა. უნდა აღვნიშნოთ, რომ გაზის არსებული ტარიფების პირობებში იმ სოფლებშიც კი, სადაც გაზი მიყვანილია, მოსახლეობა გათბობისთვის ძირითადად მაინც შეშას იყენებს.

ჩვენი აზრით, გარდა იმ უმნიშვნელო გამონაკლისისა, როდესაც დასახლებული პუნქტის მიერთება ცენტრალური ელექტრომომარაგების ქსელზე ეკონომიკურად საგრძნობლად უფრო მომხიბლავია, დასახლებული ობიექტების უმეტესობა ადგილობრივი რესურსების საფუძველზე ავტონომიური ენერგომომარაგებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ცხადია, ამ მიდგომას აქვს მთელი რიგი უპირატესობები: ასე მაგალითად, ავტონომიური ელექტრომომარაგება გულისხმობს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გარეშე რაც შეიძლება მცირე მანძილზე გადაცემის განხორციელებით, ადგილზე ელექტროენერგიის გამომუშავებას.

ენერგეტიკულ პროექტებში ჩართულ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, განსაკუთრებით მთის რეგიონებში, ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ ისეთი პროექტებით, რომელიც დაკავშირებულია მცირე სიმძლავრის ენერგიის წყაროების და მათ შორის ჰესების მშენებლობასთან. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

განახლებადი ენერგეტიკის მეორე მიმართულება, რომლის დანერგვაც საქართველოს რეალობაში არა თუ სასურველი, არამედ აუცილებელიც არის, ბიოენერგეტიკაა. მისი წილი მსოფლიო ენერგეტიკულ ბალანსში უკვე დღეს 1.8%, ხოლო ალტერნატიული ენერგიის წილობრივი განაწილების სტრუქტურაში 13%-ია და მას მნიშვნელოვან პერსპექტივებს უწინასწარმეტყველებენ. საქართველოში სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის ნარჩენების ბიოგაზის მისაღებად გამოყენებას ორმაგი დანიშნულება აქვს: ენერგიის მიღება და ჰიგიენა-სანიტარიის გაუმჯობესება (ნარჩენების უტილიზაცია).

ჰელიოენერგიის გამოყენების კუთხით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე უნიკალური საშუალებებია, მზის წლიური ჯამური რადიაცია რეგიონების მიხედვით მერყეობს 1250-1800 კვტ.სთ/მ2 დიაპაზონში. აქედან გამომდინარე (რომ არაფერი ვთქვათ ფოტოვოლტაიკებზე), თუნდაც, ცხელი წყლის მზის კოლექტორების გამოყენების აუცილებლობას ოპონენტები არ ჰყავს.

ბიოენერგიის ერთ-ერთი კერძო შემთხვევა, შეშის საწვავის გამოყენების პრობლემა, ცალკე თემად უნდა გამოიყოს. შეშის მოხმარება, რასაკვირველია, უპირატესად მოსახლეობასთან ასოცირდება. საქართველო ტყის რესურსებით საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ბოლო წლებში მას შეუსაბამოდ მძიმე ტვირთი დააწვა. პრობლემა ამ შემთხვევაში არის არა სიღარიბე, არამედ მერქნის საწვავის არარაციონალური გამოყენება. ათეული წლების მანძილზე ტყის რესურსების არასწორი ექსპლუატაციის გამო ეს სიმდიდრე თანდათანობით ხელიდან გვეცლება და თუ არ იქნება მიღებული განსაკუთრებული ზომები, კატასტროფა გარდაუვალია.

სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის საოჯახო ენერგეტიკული კალათის ბალანსში მაქსიმალურად თანდათან იქნება შეზღუდული შეშის საწვავი. შეშის ენერგეტიკული დანიშნულებით გამოყენება იმდენად ხელსაყრელია, რომ მთელ მსოფლიოში გაჩნდა ინტერესი ენერგეტიკული კულტურების გაშენების მიმართ. სწორი, რენტაბელური გამოყენების შემთხვევაში ჩვენი ტყეების არსებული რესურსი სოფლის მოსახლეობის გათბობისათვის აუცილებელი მოთხოვნილების მნიშვნელოვან წილს უმტკივნეულოდ უზრუნველყოფს.

განახლებადი ენერგეტიკა დღეს, ელექტრო და თბოენერგეტიკის ყველაზე დინამიურად განვითარებადი მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ დასახლებული პუნქტებისათვის აქვს, რომლებიც ცენტრალიზებულ ენერგომომარაგების ქსელში არ არის ჩართული. ამასთან მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა პირველადი ენერგორესურსების ეფექტურ გარდაქმნას და სხვადასხვა ალტერნატიული წყაროების რაციონალურ გამოყენებას.

უნდა შემუშავდეს ენერგეტიკული რესურსების თვისობრივად ახალი სახეობების ათვისების პროგრამა ეკონომიკურად გამართლებული ფასების გათვალისწინებით. შესწავლილი უნდა იყოს ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გამოუყენებელი ჰიდრო და ალტერნატიული ენერგეტიკული პოტენციალი, მათ შორის ნარჩენებზე ორიენტირებული ბიოენერგეტიკის, რომელიც ჩვენს მიერ შეშის ალტერნატივად მოიაზრება.

სოფლების უმეტესობა ადგილობრივი რესურსების საფუძველზე ავტონომიური ენერგომომარაგებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამ მიდგომას მთელი რიგი უპირატესობები აქვს: პირველ რიგში, უმნიშვნელოა გარემოზე ზემოქმედება, მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში ზემოქმედება, აგრეთვე შესაძლო ავარიებით გამოწვეული ზემოქმედება. სოფლებში მცირე ჰესების მშენებლობას შეუძლია განვითარების სტიმულირება ენერგობალანსის გაუმჯობესების გზით შეუძლია უზრუნველყოს ენერგოდამოკიდებულების შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, საცხოვრებელი სტანდარტების ამაღლება, ტექნოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესება, მუშახელის შრომისუნარიანობის გაუჯობესება და ახალი საქმიანობების განვითარება.

კვლევების საფუძველზე ყველა კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია მომზადდეს დასახლებული ობიექტის ენერგოუზრუნველყოფის მუშა პროექტი, მცირე სიმძლავრის ჰესების; ფოტოელექტროგარდამქმნელების; კოგენერაციული და ბიოგაზის დანადგარების კომპლექსური გამოყენების საფუძველზე.

განახლებადი ენერგიის წყაროებზე დაფუძნებული მცირე ელექტროსადგურების გავლენა გარემოზე, დიდი სიმძლავრის სადგურებთან შედარებით, იმდენად უმნიშვნელოა, რომ ისინი უსაფრთხო ობიექტებად შეიძლება ჩაითვალოს.

საქართველოს მოსახლეობის 56% სოფლებში და მასთან გათანაბრებულ დასახლებებში ცხოვრობს. შემოთავაზებული ავტონომიური ენერგოუზრუნვეყოფის მოდელი შესაძლებელს გახდის დროის მცირე მონაკვეთში მოსახლეობის ამ ნაწილისათვის ენერგეტიკული უსაფრთხოება რეალობად იქცეს, იმავდროულად ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულები გარკვეულ ენერგოდამოუკიდებლობასაც შეიძენენ, რაც სრულ თანხმობაშია მთავრობის მიერ დეკლარირებულ დამოუკიდებელი თვითმმართველობის პოლიტიკასთან. გარდა ამისა, მსგავსი მიდგომა გაზრდის მთლიანად სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას; სავარაუდოდ საგრძნობლად შემცირდება ენერგომომარაგებაზე არსებული ტარიფები და ზოგადად, ენერგორესურსები მოსახლეობის ფართო ფენებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს არატრადიციულ ენერგორესურსებს შორის მცირე სიმძლავრის ჰიდროენერგეტიკაა. ექსპერტებს შორის გავრცელებული მონაცემებით საქართველოს 26 ათასზე მეტი მდინარიდან სერიოზული ენერგეტიკული მნიშვნელობით მხოლოდ 300-მდე მდინარე გამოირჩევა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოსახლეობა სოფლებში ძალზე მეჩხერად ცხოვრობს, ავტონომიურ რეჟიმში მათი მოკრძალებული ოდენობით ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის, სავარაუდოდ, ნაკლებად ეფექტური, ათასობით მდინარის გამოყენებაა შესაძლებელი. გასული საუკუნის 60-იან წლებში ქვეყანაში დაახლოებით 400 მცირე სიმძლავრის ჰესი ფუნქციონირებდა და მათი უმეტესობა ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, საქმისადმი ზერელე, უყაირათო დამოკიდებულებას შეეწირა. ჩვენი აზრით აღნიშნული მიმართულების რეაბილიტაცია ძალზე საშური საქმეა და მას სერიოზული როლის შესრულება შეუძლია სოფლის დასახლებების ენერგოუზრუნველყოფაში.

იმის გათვალისწინებით, რომ შეშა ტრადიციული და ხელმისაწვდომი საწვავი საშუალებაა, მისი ამოღება მოსახლეობის საარსებო ენერგეტიკული კალათიდან შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია მისი სრულად ჩანაცვლება რაიმე სხვა სახის რესურსით. მეორეს მხრივ, მერქნის დამზადების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და თანამედროვე ტექნიკით დამზადებული ღუმელების გამოყენებით, საწვავის სასარგებლოდ გამოყენების კოეფიციენტის გაზრდის საფუძველზე, შესაძლებელია მკვეთრად შემცირდეს (დაიზოგოს) მოხმარებისათვის აუცილებელი შეშის რაოდენობა. აქ მთავარი პრობლემა აღნიშნული ტექნოლოგიების და ტექნიკის სიძვირეა. ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის მოგვარებაში გარკვეული როლი სახელმწიფომ უნდა შეასრულოს.

ბიოენერგეტიკის ფართომასშტაბიანი დანერგვა, ენერგეტიკულზე მეტად, მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების გაუმჯობესების კუთხით. ამჯერად საკითხი სანიტარია-ჰიგიენას ეხება. სოფლების მოსახლეობა ფიზიკურ არსებობას მეცხოველეობით ინარჩუნებს, ფერმერებს წლის განმავლობაში ტონობით უგროვდება ნაკელი და წუნწუხი, რომელსაც გადამუშავების გარეშე იყენებენ. ნარჩენები გროვდება უშუალოდ საკარმიდამო ნაკვეთში, საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულის გამო ღია სივრცეში გაიფრქვევა მეთანის მნიშვნელოვანი ოდენობა, რომელიც ჩვენი ატმოსფეროსთვის 20-ჯერ უფრო მავნებელია, ვიდრე ნახშირჟანგი. ნარჩენები აბინძურებს გარემოს და, რაც მთავარია, უნიკალურ მდინარეებს, რომლებსაც მოსახლეობა სასმელად იყენებს. ეს ყველაფერი, ეკოლოგიური თვალსაზრისით, შენელებული მოქმედების ბიოლოგიური ნაღმებია, რომელთა გაუვნებლობა აუცილებელია. ამ კომპლექსური პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს შეუძლია მასტიმულირებელი ფუნქცია შეასრულოს ბიოგაზის წარმოების წახალისების მეშვეობით. თავის მხრივ თუ მოსახლეს 4-5 სული საქონელი ჰყავს, მას საჭმლის მოსამზადებლად საკმარისი ბიოსაწვავი ექნება, რაც ოჯახის მიერ მოხმარებული საერთო ენერგიის დაახლოებით 17%-ია.

სოფლის მოსახლეობის თითოეული კომლის ენერგეტიკული ხარჯი ცხელ წყალზე მთელი მოხმარებული ენერგიის 12-13%-ს შეადგენს. ამ ენერგიის მიღება წარმატებით შეიძლება წყლის გამაცხელებლების მეშვეობით. წყალგამაცხელებელი წარმოადგენს მზის ენერგიის მშთანთქმელი მოწყობილობისა და თბოიზოლირებული ავზის ერთობლიობას, რომლის საშუალებითაც (მაგ. მშთანთქმელის ფართობი 2 მ2 ის ფარგლებში, ავზის ტევადობა 120-დან 135 ლიტრამდე) შესაძლებელია ყოველდღიურად მინიმუმ 130 ლიტრი 70-80 გრადუს ცელციუსის ტემპერატურის მქონე წყლის მიღება, რაც, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე დაკვირვების შედეგად, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რათა დაკმაყოფილებული იქნეს 4-5 სულიანი ოჯახის მოთხოვნილება ცხელ წყალზე აბაზანასა და სამზარეულოში.

იმ სოფლებში, სადაც ელექტრომომარაგება ტრადიციული საშუალებებით შეუძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრომოწყობილობებისათვის საჭირო ელექტროენერგიას ვერცერთი სხვა სახის ენერგიით ვერ ჩავანაცვლებთ, ერთადერთი ალტერნატივა ფოტოვოლტაიკების (ფოტოელექტროგარდამქმნელი) ფირფიტების გამოყენებაა. ოჯახისათვის საჭირო ელექტროენერგიის აუცილებელი მოცულობა ენერგიის საერთო მოცულობის 11-12%-ის რიგისაა, რაც ენერგიის წყაროს სიმძლავრეში დაახლოებით 600-1000 ვატის ფარგლებში იქნება გამოსახული და რაც სავსებით საკმარისი იქნება ერთი ოჯახის პირველადი მოხმარების აპარატურისათვის; განათებისათვის; ენერგოდამზოგი რადიო-ტელეაპარატურის და ეკონომიური, მცირეგაბარიტიანი მაცივრის მუშაობისათვის.

ენერგიის დარჩენილ დეფიციტს, რაც დაახლოებით 1150კგ.პს. შეადგენს, (1-ტ/ნე — ერთი ტონა ნავთობის ექვივალენტი — ტოლია 41 868 გჯ ან 11 63 მგვტ.სთ.) მოსახლეობა მისთვის ხელმისაწვდომი რომელიმე რესურსით შეავსებს.

/ანზორ დუნდუა/, ფიზიკის მეცნიერების დოქტორი,

ნუგზარ უფლისაშვილი, ტექნიკის მეცნიერების დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №7 (39)