საქართველოს შველა  მევენახეობა-მეღვინეობის მძლავრი  ინდუსტრის შექმნაშია

  ხალხზე მზრუნველმა ჩვენმა მთავრობამ იანვრის თვიდან ძალაში შეიყვანა „დაგროვებითი საპენსიო ფონდის“ მოქმედება და დააანონსა, რომ ამ ფულს ჩემივე გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ჩავდებ და 30-40 წლის შემდეგ პენსიად დაგიბრუნებთო. ხალხმა ეს ვერ გაიგო, რადგან ქაღალდი თუ ფასიანია, რაღაც დივიდენდი უნდა მოჰქონდეს, გამოდის, რომ ეს ქაღალდი ჩვენთვის ფასიანია, მთავრობისთვის კი უფასო?  უბედურება მარტო ამაში არ არის, რადგან ხალხს ეჭვი აქვს, რომ ამ პენსიას ფასების გაძვირებით ისევ ხალხს გადაახდევინებენ, რადგან ფული მომგებიან საქმეში არ იდება. თუ გვინდა საპენსიო ფონდში აკუმულირებული ფული გაზრდილი პენსიის სახით დავიბრუნოთ უნდა ვაიძულოთ მთავრობა, ამ ფულით ასეთი ინვესტიცია განახორციელოს.

უფალმა ყველა ხალხს თავისი საცხოვრებელი ტერიტორია განუსაზღვრა და ეს ტერიტორია იმ სიმდიდრით აავსო, რითაც ამ ხალხმა თავი უნდა გაიტანოს. მართალია უფალმა ქართველები წიაღისეულით მდიდარ მიწაზე არ დაგვასახლა, მაგრამ ეს დროებითი, ამოწურვადი სიმდიდრეა, ჩვენ კი უკვდავი ღირებულება დაგვანათლა მევენახეობის, მექვევრეობის და ქვევრის მეღვინეობის სახით, რომელიც გონიერი წინამძღოლის ხელში განუსაზღვრელად დიდი პოტენციის მქონე დარგია და დღეის მდგომარეობით სრულიად განუვითარებელ-აუთვისებელია, როგორც ქვეყნის შიგნით ისე, მის ფარგლებს გარეთ. ყველაფერთან ერთად, ამ დარგის საწარმოო პოტენციალი, უკვდავია და რაც დრო გადის სულ უფრო მოთხოვნადი ხდება მთელ მსოფლიოში და ფასიც სათანადოდ იზრდება. ანუ მუხის კასრში დაყენებით ფალსიფიცირებული ღვინის წარმოება, შესაცვლელია და ღვინის ბუნებრივ ჭურჭელში, ქვევრში დაყენებაზეა გადასაყვანი, რომლის სრული პროგრამით განხორციელება, მხოლოდ ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია, როგორც საკუთარ ქვეყანაში ისე, მის ფარგლებს გარეთ.

დღეის მდგომარეობით ქვეყნის შრომის უნარიანი მოსახლეობის 90 %-ზე მეტი, დაუსაქმებელია (კაცი, რომელიც თავისი ხელფასით ოჯახის მოთხოვნილების მინიმუმს ვერ იკმაყოფილებს დასაქმებულად არ ითვლება), ამ დროს კი გვაქვს ისეთი ბაზისი, როგორიც ქვევრისა და ქვევრის მეღვინეობის მსოფლიო მეღვინეობაში დამკვიდრების პროგრამაა,  რომლითაც შეგვიძლია საუკუნეების განმავლობაში ქვეყანა, ასიათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილითაც უზრუნველვყოთ და მილიარდებიც გამოვიმუშაოთ. საწუხაროდ ჩვენს ხელისუფლებას, უფლის ამ საჩუქარისათვის დღემდე, გონიერი მეურნის თვალითაც კი არ შეუხედავს.

იმისათვის, რომ ქვევრი, როგორც ღვინის ბუნებრივი ჭურჭელი, მსოფლიო მეღვინეობისათვის ბუნებრივი ღვინის წარმოების ერთად-ერთი ჭურჭელი გახდეს, ხოლო ქვევრში ღვინის დაყენება კი მეღვინეობის ძირითად მიმართულებად იქცეს საერთაშორისო სტრუქტურებმა ყველა პირობა შეგვიქმნა და თავისი წილი საქმე დიდი ხანია გააკეთა. კერძოდ: „იუნესკომ“ ჩვენი წინაპრის მიერ აშენებული ქვევრი და მასში დაყენებული ღვინო, „კაცობრიობის არა მატერიალური კულტურის ძეგლად“ აღიარა, ხოლო მსოფლიო ღვინის ასოციაციამ  ქვევრის ღვინო, ცალკე კატეგორიად სცნო. გერმანელმა კერამიკოსებმა კი ჩვენი თიხები წაიღეს, გამოიკვლის და შედეგები და რეკომენდაციები მოგვართვეს. დასავლეთის და მსოფლიოს ენთუზიასტმა მეღვინეებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში, საქართველოდან ათასობით ქვევრი გაიტანეს და რეკლამას უკეთებენ ქვევრში ღვინის წარმოებას. არ გვძინავს ქართველ ენთუზიასტებსაც: დავაპროექტეთ და დავაპატენტეთ უმაღლესი ხარისხის ქვევრის ასაშენებელი მექანიკური დანადგარი და შექმნილი გვაქვს ათზე მეტი ახალი სახის დანადგარი, რომლითაც ქვევრში ღვინის დაყენებისა და მოვლის დროს მეღვინეს შრომას შეუმსუბუქებს, ამასთანავე, ამ იარაღებს დამზადება უნდა და ფული ღირს (ეს ცალკე სამუშაო ადგილი და შემოსავალია). ანუ ყველაფერი გამზადებულია იმსათვის, რომ ქვევრი და ქვევრში ღვინის დაყენება, მსოფლიო მეღვინეობაში დავნერგოთ, ასიათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შევქმნათ და მილიარდები გამოვიმუშაოთ. სრული ბედნიერებისთვის დარჩა ერთი ნაბიჯის გადადგმა, ანუ ამ ყველაფრის მსოფლიო მეღვინეობაში დანერგვა, მაგრამ ასეთი გრანდიოზული საქმის გაკეთება, მთავრობის ნების გარეშე არსად არ ხდება. სამწუხაროდ, მთავრობა, დღემდე ვერ თუ არ აცნობიერებს შექმნილ ვითარებას და ქვეყნის დამღუპველი ტურიზმისა და დამჭაობებელ ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე ოცნებობს.

 მართალია, ამ ყველაფერს ბიზნესი უნდა აკეთებდეს, მაგრამ ბიზნესმა ეს, რომ გაგიკეთოს ეს ბიზნესი და საბაზრო ურთიერთობები ქვეყანაში, კარგად უნდა გქონდეს განვითარებული. თუ არა ხელისუფლებამ ვინ, უნდა დაანახოს ბიზნესს, რომ დარგის განვითარების სურვილი აქვს და ხელს კი არ შეგიშლის, არამედ, დაგეხმარება, ისე, როგორც ეხმარება და აფინანსებს არაფრის მომცემი და ქვეყნის გონებრივად მადეგრადირებელი დარგის, ტურიზმის განვითარებას (ქვეყანაში სადაც ტურიზმის სეზონი 5-6 თვე მაინც არ გრძელდება დამღუპველია ტურიზმის ბიზნესისათვის და ქვეყნისათვის, ჩვენს კურორტებზე კი სეზონი 3 თვემდე ძლივს აღწევს, ასევე, როცა ტურიზმი ეკონომიკაში 15% ზე მეტია, ქვეყანის გონებრივი პოტენციალი, დეგენერაციას განიცდის, რაც ეტყობა კიდეც ჩვენს განათლების სისტემას). ვინ უნდა გაკვალოს გზა და ვინ უნდა ჩაუტაროს მეცნიერული კვლევა – რეკლამირება ქვევრს და ქვევრის ღვინოს, ევროპელებმა?

დღეის მდგომარეობით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ენთუზიასტმა მეღვინემ რამდენიმე ათასი ქვევრი შეისყიდეს და გაიტანეს საქართველოდან. ჩვენდა სასირცხვილოდ ხალხს, რომლებიც ჩვენი პროდუქციის რეკლამირებას ცდილობს, ქვევრში ღვინის დაყენეების მეთოდი და მოვლის წესებიც კი არ გავატანეთ, არ გავატანეთ, იმიტომ, რომ დაწერილ-დამტკიცებული სახით ჩვენც არ გვაქვს და თავი მევენახეობა-მეღვინეობის სამშობლოდ მოგვაქვს. ალბათ, დიდი სირცხვილია, რომ დღემდე კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობად წოდებულ ქართულ ტრადიციულ ღვინოს დაყენების მეთოდი არ აქვს. ასევე, არ გვაქვს დაწერილ-დამტკიცებული ქვევრის სტანდარტი. ესეც ევროპელებმა უნდა გაგვიკეთონ?

 ქართული ქვევრი, დასავლეთს იმიტომ მოსწონს, რომ მასში მაღალი ხარისხის ბუნებრივი ღვინო, 2-3- ჯერ იაფად შეიძლება დააყენო, ვიდრე, ღვინის თანამედროვე ჭურჭელში, ხოლო დასაძველებლად ღვინო, მუდმივ დაბალ ტემპერატურაზე წლობით უფასოდ, რომ შეიძლება შეინახო, ამიტომ სათანადო რეკლამის შემდეგ ამ ბაზარზე მილიონობით ცალი, ქვევრის მოთხოვნა გაჩნდება. ამ მოთხოვნაზე წარმოდგენა, რომ გვქონდეს გავაკეთოთ ასეთი ანალიზი: ყოველწლიურად მსოფლიოში ღვინოდ საშუალოდ 60 მილიონი ტონა ყურძნის წვენი გადამუშავდება, აქედან 1 %-იც, რომ დავადუღოთ, დავავარგოთ და დავაძველოთ ქვევრში, ერთი მილიონი ცალი 2-3 ტონიანი ქვევრია საჭირო. ხედავთ რა მასშტაბებთან გვაქვს სამე? 1%-იანი მოთხოვნა კი ენთუზიასტთა დონეა, სამრეწველო დონეზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას კი საუკუნეები დასჭირდება.

ტელეინტერვიუში ქვეყნის ხელისუფალმა ბატონმა ბიძინამ განაცხადა: მარიხუანას ბიზნესი 400-500%-იან მოგებას ტოვებსო. ბატონო ბიძინა, ერთი სამტონიანი ქვევრის აშენებას 500 კგ. თიხა და 200-ამდე კუბი ბუნებრივი აირი სჭირდება, ფასი კი 6-7 ათას ევროზე მეტი იქნება (იმედია პროცენტის გამოყვანა არ გაგიჭირდებათ), ამასთანავე, ქვევრის წარმოება, უფლის სამსახურია, მარიხუანას მოყვანა კი ეშმაკის. აქვს კი ხვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას უფლება, ეშმაკს ემსახუროს და ხვთის რჩეული ხალხი მარიხუანით დაწამლოს?

 დღეს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ბოთლი ღვინის თვითღირებულებაში ღვინოს დაახლოებით 20% უჭირავს, დანარჩენი ბოთლის, საცობის და ფურნიტურის ღირებულებაა, აქედან საქართველო, მხოლოდ ღვინოს აწარმოებს, დანარჩენი ყველაფერი ევროპიდან შემოგვაქვს, ანუ ჩვენი მეღვინეობიდან ძირითადი შემოსავალი ევროპელებს მიაქვთ. ამიტომაა, რომ ევროპის ქვეყნები მეღვინეობის ინდუსტრიიდან მილიარდებს იღებენ, ჩვენ კი დარგი, დღემდე დოტაციაზე გვყავს, ამაზე მეტი უგნურება და უყაირათობა ალბათ წარმოუდგენელია. არადა გვაქვს პოტენციალი ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი შემოსავალი გვქონდეს და ასიათასობით მაღალ-ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შევქმნათ, ამისათვის კი საჭიროა მევენახეობა-მეღვინეობის კარგად განვითარებული ინდუსტრია შევქმნათ თავისი ზედნაშენით, ანუ ყველა წვრლმანი თვითონ ვაწარმოოთ. ვნახოთ, რაა ამისთვის საჭირო.

უნდა შეიქმნას „დაგროვებითი საპენსიო ფონდი“-ს (თუ ასეთი არ გვექნა ბიუჯეტიდან), საინვესტიციო სახელმწიფო კორპორაცია, რომლის მიზანი ქვევრის და ქვევრში ღვინის დაყენების მსოფლიო მეღვინეობაში დამკვიდრება იქნება. კორპორაციამ უახლოეს 8-10 წლის განმავლობაში ამ დარგის განვითარებაში 1-1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, ანუ ის ფული, რომელიც „დაგროვებით საპენსიო ფონდში“ შემოვა ამ დარგის განვითარებაში უნდა ჩაიდოს, ანუ ამ თანხით უნდა აშენდეს ყველა ის საწარმოო სიმძლავრეები, რომლებიც დარგს, საქართველოში წარმოებული ყველა მსხვილმან-წვრილმანით უზრუნველყოფს. ყველაფერ ამისთვის კი საჭიროა:

1.     ქვეყანაში ვენახების საერთო ფართობი 100 ათას ჰექტრამდე მაინც უნდა გაიზარდოს;

2.     ქვეყანაში უნდა აშენდეს ბოთლის საწარმო ისეთი სიმძლავრეები, რომლებიც ქვეყნის მეღვინეობას უმაღლესი ხარისხის ტარით უზრუნველყოფენ, დაახლოებით 350-400 მილ. ბოთლი წელიწადში;

3.     ქვეყანაში უნდა გავაშენოთ სულ მცირე 150 ჰექტარი კორპის საცობის ნედლეულის მომცემი მუხის პლანტაცია და კორპის საცობის საწარმო სიმძლავრეები;

4.     უნდა აშენდეს „ტიპოგრაფია“, რომელიც დარგს ხარისხიანი „ეტიკეტით“ უზრუნველყოფს;

5.     ქვეყანაში უნდა აშენდეს საწარმოო სიმძლავრეები წელიწადში საშუალოდ 50 ათასი ცალი დიდი ზომის ქვევრის საწარმოებლად და დაიზვეროს და გამოვლინდეს თიხების ახალი მარაგები;

6.     დამატებით უნდა აშენდეს ქვევრის მარნები დაახლოებით 700 ათას ტონა ღვინოზე, ანუ ქვეყანამ ყოველწლიურად ექსპორტზე უნდა გაიტანოს საშუალოდ 400 მილიონი ბოთლი ქვევრის ღვინო;

7.     მევენახეობა-მეღვინეობაში შხამქიმიკატები და გოგირდი უნდა ჩანაცვლდეს ოზონ-აირით და ოზონირებული წყლით, ამიტომ უნდა აშენდეს ოზონოგენერატორების მწარმოებელი ქარხანა. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ქვეყანამ ძირითადად ბიოღვინო და სხვა ბიოპროდუქტი აწარმოოს;

8.     უნდა აშენდეს ბაზალტის ძაფის საწარმო სიმძლავრეები და დავამზადოთ ბიოთოკი და ბიობოძები მევენახეობისთვის და მით შევცვალოთ მეტალის მავთული და ბეტონის ბოძები. ამ პროდუქციას ექსპორტის დიდი პოტენციალი გააჩნია, რადგან ევროპამ ბეტონის ბოძებზე უარი თქვა;

9.     უნდა გაიხსნას ევროპაში კარგად აპრობირებული „მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამეწარმეო უნივერსიტეტი“ შესაბამისი ლაბორატორიებით და სამეცნიერო კვლევითი ცენტრებით. დანარჩენი მუშაობის დროს გამოჩნდება.

უნდა ვისარგებლოთ იმით, რომ ქართული ქვევრის ღვინო, მსოფლიო ქვევრის ღვინის წარმოების ეტალონი იქნება, ამიტომ ავტორთა ღვინო, ბევრიც გაიყიდება და ფასსაც კარგს გადაგვიხდიან. კორპორაცია ყველაფერ ამას უნდა აკეთებდეს შვილობილი კერძო კომპანიებისა და მარნების მეშვეობით, ანუ უნდა ჩამოყალიბდეს მევენახეობა-მეღვინეობის ნებაყოფლობით გაერთიანება, რომლის  სათავეში სახელმწიფო კორპორაცია უნდა იდგეს და რომელიც იქნება, მხოლოდ დარგის პოლიტიკის განმსაზღვრელ-წარმმართველი და დამხმარე გაერთიანებაში შემავალი სუბიექტებისთვის. ყველაფერი ეს არ ნიშნავს კორპორაციის გარეთ მდგომი ფირმების მუშაობაში ხელის შეშლას, პირიქით, ჯანსაღი კონკურენცია, ხარისხის ზრდის გარანტი უნდა გახდეს. ასე მუშაობს მეღვინეობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ანუ ქმნიან გაერთიანებებს.

ყველა აქ აღნიშნულის სისრულეში მოყვანა დამოკიდებულია ხარისხიანი ქვევრის წარმოებაზე, ანუ შეიძლება ითქვას დღემდე საქართველოში ხარისხიანი ქვევრი არ აშენებულა, რადგან შეშა, რომლითაც ქვევრი იწვება არ იძლევა 800 გრადუსზე მეტ სითბოს, ჩვენს თიხებს კი როგორც გერმანელმა კერამიკოსებმა გვითხრეს სრულად გამოსაწვავად 1100-1150 გრადუსი სჭირდება, ამ ტემპერატურას კი ბუნებრივ აირზე ან ელექტრო ენერგიაზე მომუშავე ქურა სჭირდება.

ყველა ზემოთ აღნიშნულის შესრულებას სჭირდება უახლოეს 8-10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დარგში დაახლოებით 150 მილიონი დოლარი ჩაიდოს (ეს თანხა გაცილებით ნაკლებია იმ თანხაზე, რაც დაუმსახურებელ პრემია-დანამატებზე ბიუჯეტიდან იხარჯება). გარდა „დაგროვებითი საპენსიო ფონდისა“ აქ შეიძლება გამოყენებულ იქნას მოსახლეობის შენატანები, ანუ მაგალითისათვის მექვევრეობა ან ბოთლის წარმოება, სააქციო საზოგადოების სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს, და ამ შენატანებით განვითარდეს.  

მევენახეობა-მეღვინეობის სიკეთე, მარტო ღვინის ტარის და ფურნიტურის წარმოებით არ შემოიფარგლება, მსოფლიოში ღვინოს 70-ზე მეტი ქვეყანა აწარმოებს და როცა ეს ქვეყნები ღვინის ქვევრში დაყენებას დაიწყებენ, ამ ქვეყნებში გაიზრდება საქართველოს ცნობადობა და მილიონობით ტურისტს მოუნდება იმ ქვეყნის ნახვა სადაც ქვევრ-ღვინის წარმოების აკვანი დაირწა, ანუ განვითარდება ღვინის ტურიზმი. არის სხვა საინტერესო პროექტებიც, რომლებიც იოლად სარეალიზაციოა და კაპიტალიზაციის დიდი პოტენციალი, რომ გააჩნიათ, მთავარია, ხელისუფლებამ მოინდომოს.

კომუნისტებს ჰქონდათ ხუთწლიანი გეგმები, რომლითაც ხალხი ვიგებდით, რა გვექნებოდა ხუთი წლის შემდეგ და უმეტესი პროექტები სრულდებოდა კიდეც. ანუ ვიცოდით, რას და როდის ვაკეთებდით და საით მივდიოდით, დღეს კი თვალდახუჭული ერთ ადგილზე დავბორიალებთ (ერთ ადგილზე იმიტომ, რომ უკან წასასვლელი მეტი გზა, აღარ დარჩა). არის ასეთი ფრთიანი გამოთქმა „ თუ არ იცი საით მიდიხარ, არც ერთი ქარი შენთვის ზურგქარი არ იქნებაო“. სამწუხაროდ, ამ სიბრძნის ჭეშმარიტებაში საკუთარი გამოცდილებით ვრწმუნდებით ქართველები.

პატივცემულო ხელისუფლებავ, როცა დასაქმებულს და მის დამსაქმებელს ეცოდინება, რომ მისი ფული ქვეყნის აღმშენებლობაში დაიხარჯება, ასეთ საქმეში 2 %-ს კი არა 10-საც არ დაინანებს. 

 

 ჟორა გაბრიჭიძე,   

სტუ  ბიოლოგიურად  აქტიურ  ნივთიერებათა კვლევის

სამეცნიერო  ცენტრის  სწავლული  მდივანი

One thought on “ საქართველოს შველა  მევენახეობა-მეღვინეობის მძლავრი  ინდუსტრის შექმნაშია

  • 28/01/2019 at 20:03
    Permalink

    მოდით გადავხედოთ ობიექტურ რეალობას. რამდენი მევენახე გააკოტრა გვალვამ, რამდენი მევენახე დააქცია სეტყვამ, ქარისმიერმა და წყლისმიერმა ეროზიამ. გაიხსენეთ მიწადმომქმედების, მემცენარეობისა და ეკოლოგიის კანონები. ამ შემთხვევაში მინიმუმის და განმსაზღვრელ ფაქტორთა კანონი და ასევე მიწადმოქმედების სხვა კანონებიც. შედეგი, მიზანი რომ იქნეს მიღწეული პროექტი და გეგმა უნდა პასუხობდეს ზემოაღნიშნულ. კანონებს გეგმა ღრუბლებში დაფრინავს და საგაზაფხულო ხვნების პროექტის მსგავსად საერთო არა აქვს რეალობასთან. პირველ რიგში საჭიროა არსებული ვენახების გასარწყავება , ვენახების რეალური დაცვა სეტყვისაგან, ქარსაფარების აღდგენა, ახლების გაშენება, ოღონდ არა ისე არაპროფესიულად, როგორც დედოფლისწყაროში გაკეთდა, ფაქტია, რომ გობის უდაბნოში ხუთი ათასი კილომეტრის ქარსაფარი გააშენეს და 80 ათასი ჰექტარი უდაბნო ოაზისად აქციეს. ეს 80 ათასი სწორედ ზემოაღნიშნული კანონების საფუძველზე გაკეთდა. გეგმა რეალური, რომ გახდეს ეს ღონისძიებები პირველ რიგში უნდა იქნეს გათვალისწინებული.

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *