სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა  „გავაზის საუკეთესო ვენახები“ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე აღიარება მოიპოვა

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „გავაზის საუკეთესო ვენახები“ თბილისში, ღვინის მე-10 საერთაშორისო  კონკურსში “International Wine Competition  2018” მიიღო მონაწილება.  კონკურსზე წარდგენილი იყო კოოპერატივის  პირველი მოსავლიდან დამზადებული  ღვინის    3 ნიმუში.  ღვინო – საფერავი და  კახური,  ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა,  ხოლო  რქაწითელი – ბრინჯაოს.

კონკურსზე  60-მდე კომპანიისა და საოჯახო მარნის ღვინის 250  ნიმუში იყო წარდგენილი.  გამარჯვებული ღვინო 8 კატეგორიაში  გამოვლინდა.

კონკურსის ჟიურიში  ქართველ ენოლოგებთან – გიორგი დაქიშვილი, მიშა მესხი და ლევან მეხუზლასთან ერთად  მოწვეული იყვნენ  ღვინის მაგისტრები:  ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი), იზა ბაალი  (თურქეთი), სარა ებოტი ( დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ფუნიე ვოლკერი (ჩინეთი).

აღნიშნული კონკურსი „ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის – WinExpo Georgia 2018“-ის ფარგლებში გაიმართა. „WinExpo Georgia“-კომპანია „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება,  ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტო.

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა 2017 წელს პირველად განხორცილდა და მის ფარგლებში  კახეთის რეგიონში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *