სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, არსებული მდგომარეობა და განვითარების ხელშემშელელი პირობები

წარმატებული ეკონომიკის ქვეყნებმა სახელმწიფო მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმართულებად კოოპერაციულ საწყისებზე მოქმედი ორგანიზაციების ხელშეწყობა მიიჩნიეს, რადგან ამ სახელმწიფოებში საზოგადოებას და ხელისუფლებას ადექვატურად ქონდათ გააზრებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში კოოპერატივების  უმნიშვნელოვანესი მისია.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოში საწყის ეტაპზე სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად  იკისროს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის ძირითადი გამაერთიანებელი, ორგანიზაციული და ხელშემწყობი ფუნქცია.

 სამწუხაროდ, ისე როგორც ყოველთვის, ახლაც არსებობს საშიშროება, რომ არასწორი კონცეპტუალური მიდგომების შემთხვევაში გაწეული ფინანსური დახმარების შედეგები, როგორც  განვლილი ორი ათეული წლის განმავლობაში, ნაკლებად ქმედითუნარიანი , ან სულაც უკუშედეგის მომტანი იქნება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესის ინტენსიურ განვითარებას (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) აფერხებს შემდეგი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორები:

  არაადექვატური და არასაკმარისია სახელმწიფოს მხრიდან კოოპერაციული სექტორის მხარდაჭერა,

o   სუსტია ვერტიკალური და ჰორიზონტალური კოორდინაციის დონე,

o   ა ინოვაციებისა და კვლევების დეფიციტი,

o   მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა,

o   განუვითარებელი აგროსასურსათო ბაზრები,

o  რისკების  სათანადოდ შეფასება და მართვა,

o   ფერმერულ მეურნეობათა მენეჯერების საერთო რაოდენობაში ახალგაზრდების ჩართულობა, ჭარბობს ასაკოვანთა წილი,

o   მოსახლეობის მწირი მატერიალური შესაძლებლობები, რის გამო ვერ ხერხდება კოოპერატივების საპაიო ფონდების ფორმირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

o   ერთობლივი შრომის გამოცდილების დეფიციტი,

o   მიუხედავად სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მიერ განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო კამპანიისა (შეხვედრები მოსახლეობასთან, ინფორმაციის გავრცელება ელექტრონული და ბეჭდური მედიით, სატელევიზიო გამოსვლები და ვიდეორგოლები, ბროშურების გავრცელება, გამოფენა-გაყიდვები), მოსახლეობაში ჯერ კიდევ დაბალია ცნობადობა კოოპერაციული პროცესის პოზიტიური მხარეების შესახებ,

o   ჯერ კიდევ მოქმედი სტერეოტიპი ერთის მხრივ – საბჭოთა კოლმეურნეობების ნეგატიური გამოცდილების, მეორეს მხრივ – აქამდე გაბატონებული შპს-ს სამეწარმეო ფორმის, სადაც დამფუძნებელთა მცირერიცხოვან ჯგუფს (უმეტეს შემთხვევაში ერთ ან ორ პირს) გააჩნია დომინანტური პოზიციები მოსახლეობის მიერ შექმნილი მატერიალური დოვლათის ამონაგების განაწილებაში.

კოოპერატივის წევრებს ხშირ შემთხვევაში არა აქვთ გათავისებული კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობების პრინციპები, რაც იწვევს:

•           იქმნება მცირე, 3-5 წევრიანი კოოპერატივები, რაც ხდება მიზეზი მცირე მასშტაბის წარმოების შექმნის და შესაბამისად არ ხდება მასშტაბის ეფექტის გამოყენება;

•           მიღებული აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, მაგრამ მოქმედებენ სხვა სამეწარმეო ფორმების (შპს) ან საოჯახო მეურნეობების პრინციპებით. ამიტომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გარკვეულ ნაწილს შეადგენენ ე.წ. ფსევდოკოოპერატივები, რომლებიც შექმნილია უპირატესად სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების პროგრამებში მონაწილეობის და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნით და არ არიან მოტივირებული გაზარდონ წარმოების მასშტაბები, ახალი წევრების შემატების გზით.

•           არ ხდება კოოპერატივის მართვის დემოკრატიული პრინციპის გამოყენება და მართვის ფუნქციას ერთპიროვნულად იღებს ერთი ან ორი პირი  (უმეტეს შემთხვევაში გამგეობის თავმჯდომარე). ამიტომ სუსტია ვერტიკალური და ჰორიზონტალური კოორდინაციის დონე, არ ხდება რისკების შეფასება და მართვა, ჯეროვნად არ მოქმედებს აგროსასურსათო პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმი;

•           არ ხდება სამეთვალყურეო საბჭოების შექმნა, რის გამოც პრაქტიკულად არ არსებობს კოოპერატივის შიდა კონტროლის მექანიზმი;

•           საპაიო შენატანების შეტანა არ ხდება მეპაიეთა ეკონომიკური მონაწილეობის შესაბამისად;

•           უმეტეს შემთხვევაში დარღვეულია გამგეობის და საერთო კრების მოწვევის წესები და არ ხდება კრების ოქმების გაფორმება.

საქართველოს პარლამენტის მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის მიღება უდაოდ უნდა ჩაითვალოს როგორც საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა, რომელმაც დასაბამი უნდა მისცეს ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების ახლებურ, რაციონალურ ორგანიზაციულ მოწყობას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობათა მარეგულირებელი წესები არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის საშუალებით შესაძლებელია კოოპერატივმა შეინარჩუნოს მისი ძირითადი არსი, რაც მას დიამეტრალურად განასხვავებს მოგებაზე ორიენტირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებიდან (შპს, სააქციო საზოგადოება და სხვა). კოოპერატივის არსებობის მიზანშეწონილობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს არა საპაიო ფონდში შეტანილი ფულადი და სხვა სახის ქონებრივი სახსრები, რომელიც მეპაიეს აძლევს მისი კაპიტალდაბანდების მიხედვით დივიდენდების მიღების საშუალებას, არამედ მისი წევრების შრომითი რესურსების უკუგების მაღალი ხარისხი, რადგან ამ სისტემაში დომინანტია შრომა, ხოლო მატერიალური რესურსების ერთადერთ დანიშნულებას – მხოლოდ კოოპერატივის წევრთა შრომის უკუგების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამ ორი კომპონენტის – შრომითი და მატერიალურის ორგანული შერწყმით მიიღწევა მაღალი ეკონომიკური ეფეტიანობის, სოციალურ სოლიდარობაზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული სისტემის ფორმირება, რომელიც დასავლური დემოკრატიის ქვეყნების ერთერთ მნიშვნელოვან მონაპოვრად შეიძლება ჩაითვალოს. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს მრავალი   ქვეყნის   აგროსამრეწველო ინტეგრაციისა  და კოოპერაციის  წარმატებული  გამოცდილების გაზიარება იძლევა საკმარის მასალას მათი სამეცნიერო და პრაქტიკული განზოგადებისთვის და არასაკმარისი გაცნობიერება იმისა, რომ აგრარულ სექტორში კოოპერაციის განვითარება სახელმწიფო რეფორმებისა და გარდაქმნების ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და თავის შეკავება ამ კუთხით ადექვატური ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და წარმატებული ეკონომიკის ქვეყნების მდიდარი გამოცდილების გაზიარებისაგან, აუცილებლად შექმნის სერიოზულ პრობლემებს, რაც ნეგატიურად აისახება ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობაზე.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ნებაყოფლობითი წევრობა, დემოკრატიული მართვა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური მონაწილეობა, სოციალური პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და ურთიერთდახმარება, რაზედაც დამყარებულია კოოპერაციული შიდასაწარმო ურთიერთობები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დემოკრატიული მართვით მიიღწევა მეპაიეთა თანაბარი შესაძლებლობა, მართონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და აკონტროლონ მისი საქმიანობა, რისთვისაც თითოეული მეპაიე საერთო კრებაზე სარგებლობს 1 ხმის უფლებით. კოოპერატივის წევრები აკონტროლებენ მმართველ ორგანოებს სამეწარმეო საქმიანობის ყველა დონეზე.

შრომითი რესურსების სამეწარმეო გააქტიურება ყველაზე კარგად სოფლად კოოპერაციული მოძრაობის განვითარებითაა შესაძლებელი, რასაც მსოფლიოს არაერთი მოწინავე ქვეყნის გამოცდილებაც ადასტურებს.  კოოპერატივის სამეურნეო საქმიანობაში მეპაეის აუცილებელი შრომითი მონაწილეობა წარმოადგენს კოოპერატივის სტაბილურობის და მდგრადი განვითარების ერთერთ ძირითად კომპონენტს.  საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ასეთი შეზღუდვა აუცილებელია, რომ იგი უპირატესად ემსახურებოდეს მისი მეპაიეების, ანუ უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების შრომით მიღებული შემოსავლების ზრდას და არ გადაიქცეს მათ ხარჯზე მხოლოდ გარეშე, წარმოებიდან იზოლირებული პირების გამდიდრების საშუალებად. სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული მეურნეობრიობის ახალი ფორმების დამკვიდრებას ავტომატურად მოსდევს სოფლის მოსახლეობის მასობრივი დასაქმება, მათი შემოსავლების მკვეთრი ზრდა, აგრარული შრომის ავტორიტეტის ამაღლება და სოფლის კომპლექსური და დაჩქარებული განვითარება.

მხოლოდ კოოპერაციული პროექტების განხორციელებით მიიღება სინერგიული ეფექტი შემდეგი ძირითადი კომპონენტების (ეფექტების) ერთობლიობის საფუძველზე:

1.  ეკონომიკური ეფექტი: პირველადი პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის  ერთიანი საწარმოო ციკლის შექმნა და დამატებითი ღირებულების გენერირება, სადაც პროდუქციის ღირებულება ყოველ სამეურნეო საფეხურზე იზრდება და პირველადი პროდუქციის მწარმოებლები დაინტერესებული იქნებიან საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი დამატებითი ღირებულებით.  აქედან გამომდინარე, მოხდება მოსახლეობის შემოსავლების მკვეთრი ზრდა, რაც თავის მხრივ თან სდევს უმნიშვნელოვანესი შედეგები: მასშტაბური წარმოება, კვალიფიციური მენეჯმენტი, პროდუქციის თვითღირებულების შემცირება, სარეალიზაციო სეგმენტებზე წარმატებული ოპერირება, სამეწარმეო რისკების მინიმუმამდე დაყვანა, სიღარიბის აღმოფხვრა, მიგრაციული პროცესების შეჩერება და სხვა.

ნიშანდობლივია, რომ კოოპერირების ძირითადი მიზანია მოსახლეობის ინკლუზიური სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ხოლო სოფლის მეურნეობის დარგების გაძლიერება წარმოადგენს ერთ-ერთი მთავარ ინსტრუმენტს ამ მიზნის მისაღწევად.

2.    სოციალური ეფექტი: საზოგადოებაში სოციალური პოლარიზაციის შემცირება, სოციალური სოლიდარობისა და სამართლიანობის გარემოს შექმნა, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება.

3. დემოკრატიული თვითმმართველობა:  თვითანაზღაურება, თვითრეგულირება, თვითკონტროლი, სადაც მოქმედებს არჩევითობაზე დაფუძნებული მმართველობითი სისტემა  პრინციპით „ქვევიდან – ზევით“, რაც საფუძველშივე გამორიცხავს მმართველი აპარატის ბიუროკრატიზაციას.

კოოპერატივის ფარგლებში არსებობს წარმოების საშუალებებზე საზოგადოებრივი (კოოპერაციული) საკუთრება, სადაც პრაქტიკულად გამოირიცხება საწარმოს  მესაკუთრეთა სუბიექტურობის ფაქტორი, რაზედაც მიმდინარე პერიოდში მთლიანადაა დამოკიდებული ათასობით კომლის ძირითადი სამეურნეო საქმიანობა. ამიტომ კოოპერაციულ პრინციპზე დამყარებულ საწარმოო ურთიერთობებს  განსაკუთრებული და შეუცვლელი  ადგილი უჭირავს  ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში და მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების  თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლაში.

4.  სოფლად მოსახლეობის მასიური დასაქმება, სადაც ინვესტირების მოცულობა ერთ დასაქმებულ პირზე გაანგარიშებით გაცილებით ნაკლებია სხვა ტიპის  ბიზნეს-პროექტებში ერთ დასაქმებულ პირზე ინვესტირებული ფინანსური სახსრების მოცულობაზე.                                                                                 

5.   სიცოცხლისუნარიანობა: კოოპერაციული სისტემის სიცოცხლისუნარიანობის შეფასების ერთერთ მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს  ის მატერიალური რესურსები, რომელიც წარმოიშვება კონკრეტული სამეწარმეო პროექტების განხორციელებით, რადგან მხოლოდ სამეწარმეო, ანუ მოგებაზე ორიენტირებული  საქმიანობით არის შესაძლებელი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების გარკვეული ნაწილის აკუმულირება კვლავწარმოების მიზნით, რადგან კვლავწარმოების გარეშე სამეურნეო სისტემის განვითარება და შესაბამისად, მისი თანმდევი ზემოთჩამოთმლილი ეფექტების მიღწევა შეუძლებელია.   სწორედ ამიტომ, კოოპერაციულ სისტემას გააჩნიათ რეალური სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადი განვითარების ობიექტური საფუძვლები.

6. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში ჩართულ ყველა პირს ესაჭიროება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების (აგრონომი, ვეტერინარი, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, ტექნოლოგი და სხვა) კონსულტაცია, ისინი თავიანთი მატერიალური მდგომარეობის და არაორგანიზებულობის გამო, ვერ ქმნიან ლიკვიდურ მოთხოვნას სპეციალისტებზე. ნიშანდობლივია, რომ ეს ხდება მაშინ, როცა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დიდი ნაწილი სამსახურების გარეშეა დარჩენილი, ხოლო შესაბამის საგანმანათლებლო ინსტიტუტებში ამ ტიპის სპეციალობებზე სწავლის მსურველთა ოდენობა პერმანენტულად მცირდება. მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა კოოპერირებით არის შესაძლებელი შესაბამისი რესურსების მობილიზება და დარგის სპეციალისტებზე ლიკვიდური მოთხოვნის გაჩენა, რაც თვისობრივ გავლენას მოახდენს შესაბამისი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე.

სამეწარმეო ფორმებს შორის მხოლოდ კოოპერაციული სისტემა იძლევა მატერიალური დოვლათის განაწილების ორი ძირითადი პრინციპის: ეკონომიკურის და ეთიკურის (სოციალურის) ოპტიმალური შერწყმის საშუალებას.

მიმდინარე პერიოდში საქართველოს სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მხოლოდ კოოპერირების საშუალებით არის შესაძლებელი ორი საწყისის გაერთიანება: საკუთრების, რომელიც აძლევს მის მფლობელს არჩევანის თავისუფლებას და მასშტაბური წარმოების, რომელიც განაპირობებს ერთის მხრივ – ტექნიკურ და ეკომომიკურ უპირატესობას და მეორეს მხრივ – ავტორიტეტსა და წონას სასაქონლო და საფინანსო ბაზრებზე.

საქართველოში კოოპერაციული პროცესის ინტენსიურ განვითარებას (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) აფერხებს შემდეგი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორები:

მიმდინარე პერიოდში დაბალია სოფლის მოსახლეობის აქტივობა რეალური სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის მიმართ, რაც გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:

აღნიშნული პრობლემების გამოსწორების მიზნით აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

•           კანონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვით გაიზრდება კოოპერატივის მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა, და იგი განისაზღვრება: ბარში – არანაკლებ 15, მთიან რეგიონებში არანაკლებ 7 პირით.

•           კანონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვით აუცილებელი გახდება კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა;

•           უნდა გამკაცრდეს კოოპერატივის შიდასაწარმოო ურთიერთობების კონტროლის მექანიზმები;

•           ყოველი სამეურნეო წლის დასაწყისში კოოპერატივებმა სააგენტოს უნდა წარმოუდგინონ გასული წლის საპაიო შენატანების და კოოპერატივის ფარგლებში მეპაიეთა მიერ წარმოებული პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულების ამსახველი დოკუმენტაცია;

•           სააგენტოს უნდა მიეცეს უფლებამოსილება, მის მიერ დაფინანსებულ პროექტებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მისი ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით პარტნიორული ურთიერთობებით იყოს დაკავშირებული კოოპერატივთან და ამ გზით აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი კოოპერატივის სამეწარმეო საქმიანობის ყველა დონეზე.

დავით მამუკელაშვილი,

სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიზნობრივი პროექტების სამსახურის უფროსი