სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების საერთაშორისო გამოცდილება

ეკონომიკური საქმიანობის კოოპერაციული ფორმის აღმოცენება განპირობებული იყო ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ობიექტური მოთხოვნებით. კოოპერაციული უთიერთობების ინტენსიური განვითარება მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო, რასაც მძლავრი ბიძგი მისცა განვითარებულ ფულად-სასაქონლო ურთიერთობების გზაზე მდგარი ჩამორჩენილი სასოფლო-სამეურნეო სისტემისა და სუსტი ეკონომიკური პოტენციალის წვრილი და საშუალო გლეხური მეურნეობების სასაქონლო ბაზრებთან, განვითარებულ წარმოების საშუალებებთან და საკრედიტო რესურსებთან სტაბილური კავშირების დამყარების აუცილებლობამ. კოოპერაციის განვითარება სახელმწიფო რეფორმების და გარდაქმნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ კოოპერაცია უაღრესად დიდ როლს თამაშობს კრიზისების გადალახვის, სოციალური პრობლემების მოგვარების, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის ქმედითუნარიანობის ამაღლების საკითხებში.

წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა სახელმწიფო მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმართულებად კოოპერაციულ საწყისებზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების ხელშეწყობა მიიჩნიეს. ამიტომ ამ ქვეყნებში კოოპერაციის პროცესი ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მაორგანიზებელი როლითა და ხელშეწყობით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ სახელმწიფოებში საზოგადოებას და ხელისუფლებას ადეკვატურად ქონდათ გააზრებული ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში კოოპერატივების  უმნიშვნელოვანესი მისია.

განვითარებულ ქვეყნებში  სახელმწიფოს მხრიდან კოოპერაციის  ხელშეწყობა ატარებს ციკლურ ხასიათს და სხვადასხვა პერიოდში დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონეზე.  სახელმწიფოს ფუნქციები ძირითადად მიმართულია კოოპერაციის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე და კანონმდებლობის სრულყოფაზე ახალი ტენდენციების გათვალისწინებით. ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს კოოპერაციის სახელმწიფო რეგულირებას შეღავათიანი რეჟიმების გამოყენებით, რაც გამოიხატება კოოპერატივების სუბსიდირების და მათ მიმართ შეღავათიანი საგადასახადო და დაკრედიტების პოლიტიკის გატარებაში. დღეისათვის კოოპერატივები გვხვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და მათში ჩართულია მილიარდზე მეტი ადამიანი. ყველაზე დიდი გავრცელება ჰპოვეს სასოფლო-სამეურნეო (30%), სავაჭრო (23%), სადაზღვევო (22%) და საკრედიტო (19%) კოოპერატივებმა.

კრიზისების პერიოდში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სახელმწიფო იყენებდა როგორც სოფლის მეურნეობის რეგულირების საშუალებას.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრ ქვეყანაში, სადაც მწვავე სასურსათო კრიზისი შეიქმნა, სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი განსაზღვრა, როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რაოდენობრივი ზრდის ყველაზე ეფექტური საშუალება, და შესაბამისად, ამ ქვეყნებში იგი აქტიური სახელმწიფო მხარდაჭერით წარიმართა. სახელმწიფო ორგანოებმა განახორციელეს აქტიური პროპაგანდისტული კამპანია  კოოპერატივების შესაქმნელად, რამაც გამოიწვია კოოპერატივების რაოდენობის ზრდა და მათი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და გაფართოვება. კამპანია ჩატარდა უპრეცედენტო, მძიმე და გაჭიანურებული კრიზისის დროს, როდესაც მილიონობით ფერმა და გლეხური მეურნეობა იყო განადგურების ზღვარზე. ამ რთულ პერიოდში სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობდნენ კოოპერატივების საქმიანობას.

ევროპის ქვეყნებში კოოპერაციის აქტიური მხარდაჭერით გაიზარდა წარმოების მასშტაბები იმდენად, რომ შეიქმნა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჭარბწარმოების პრობლემა. ამიტომ ბოლო წლებში განხორციელდა სახელმწიფო დაფინანსების პრინციპების გარკვეული ცვლილება, რაც გამოიხატება იმაში, რომ კოოპერატივები ძირითადად იღებენ მიზნობრივ ფინანსურ დახმარებას და შეღავათიან კრედიტებს მოთხოვნადი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში, მოსახლეობის დასაქმებასა და სოფლიდან მიგრაციის შეჩერების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის უზენაესი „კოოპერაციული პრინციპები“, რომლებიც მათ გამოარჩვეენ სხვა ტიპის ბიზნეს-სუბიექტისგან:

• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფლობენ და დემოკრატიულად აკონტროლებენ ისინი, ვინც მათი მომსახურებით სარგებლობენ;

• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოგება ნაწილდება მის წევრებზე, მათ მიერ კოოპერატივის მომსახურების სარგებლობის პროპორციულად;

• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის პაი ცვალებადია და გადაანგარიშდება ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, კოოპერატივის საწარმოო ბრუნვაში ამ წევრის მიერ შექმნილი პროდუქციის და/ან გაწეული მომსახურების ღირებულების ხვედრითი წილის შესაბამისად;

• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეები (განსხვავებით სხვა ტიპის კოოპერატივებიდან) არიან მხოლოდ ფერმერები და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. მეპაიეების უფლება და მოვალეობაა _ მონაწილეობა მიიღონ კოოპერატივის სამეურნეო საქმიანობაში;

• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შიდამაკონტროლებელ მექანიზმს განსაზღვრავს ორი ასპექტი _ წევრთა ხმის უფლება და სამეთვალყურეო საბჭო;

• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების უმრავლესობაში ყოველ წევრს აქვს თანაბარი და მხოლოდ ერთი ხმის უფლება. ეს ნიშნავს, რომ ყველა წევრს აქვს თანაბარი  უფლება  ჩაერიოს კოოპერატივის საქმეებში, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა სიდიდისაა მათი საპაიო შენატანი;

• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები არ არიან ორიენტირებული საკუთარ მოგებაზე. მათ მიზანს უპირატესად წევრების მოგების გაზრდა წარმოადგენს.

 

დავით მამუკელაშვილი, 

სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“

მიზნობრივი პროექტების სამსახურის უფროსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *