სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ტექნიკის რაციონალური რაოდენობისა და ნომენკლატურის განსაზღვრა



საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ მისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით გეგმაზომიერი მომარაგება შეწყდა, მნიშვნელოვნად შემცირდა საექსპლუატაციოდ ვარგისი ტექნიკა, რასაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემცირება მოჰყვა.

შედარებით მაღალი სამუშაო ვარგისიანობა შეინარჩუნა მძლავრმა ტექნიკამ, მაგრამ საქართველოს პირობებში, სადაც ფართობების უმრავლესობა მცირეკონტურიანია, მათი გამოყენება შეუძლებელია ან გამოიყენება გაუარესებული ტექნიკურ-ეკონომიური მახასიათებლებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქციის ისედაც მაღალ თვითღირებულებას. მეურნეობრიობის ახალი ფორმების შემოღებამ ტექნიკის არა მარტო რაოდენობრივი, არამედ ნომენკლატურული განახლებაც მოითხოვა. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში გამოყენებული მიწის სავარგულების შესაბამისი მანქანა-ტრაქტორთა პარკის ნომენკლატურული გადახალისება და ახალი ტექნიკით შევსებაა საჭირო. საქართველოს ხელისუფლებამ მდგომარეობის გამოსასწორებლად გარკვეული სამუშაო ჩაატარა, შეიძინა სხვადასხვა მოდიფიკაციის ტრაქტორები, მაგრამ ეს ტრაქტორები ძირითადად დაკომპლექტებულია გუთნებით და იშვიათად სათესებით. მათი რაოდენობა ჯერ კიდევ სრულყოფილად ვერ აკმაყოფილებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოთხოვნილებებს. ამას ემატება, ისიც გაუგებრობით, რაც მოჰყვა ტრაქტორების შეძენაზე აგორებულ გახმაურებულ სკანდალს. ასეთი გაუგებრობების გამოსარიცხად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა საველე-საექსპლუატაციო გამოცდების ჩატარება, რითაც დაზუსტდება შესაძენი მექანიზმების ტექნიკური, ტექნოლოგიური, ენერგეტიკული, საექსპლუატაციო, ეკონომიკური და ერგონომიკული მახასიათებლები.

ტექნიკის შეძენამდე გათვალისწინებული უნდა იყოს რეგიონის სპეციფიკა, დარაიონებული კულტურები, მათი მოვლა-მოყვანის რაციონალური მანქანური ტექნოლოგია და ტექნოლოგიური პროცესების შესასრულებლად საჭირო ენერგეტიკული მოთხოვნები. ამჟამად ძირითადად შემოტანილია ტრაქტორები მსგავსი სიმძლავრითი მონაცემებითა და თანაბარი წევითი შესაძლებლობებით, რაც ტექნიკის არასრულფასოვან გამოყენებას განაპირობებს. მძლავრი ტრაქტორები მცირე ენერგოტევადობის ოპერაციათა შესასრულებლად გამოიყენება, რაც იწვევს შესრულებულ ოპერაციათა გაძვირებას, საბოლოოდ პროდუქციის თვითღირებულების ზრდას და კონკურენტუნარიანობის კლებას. ტრაქტორების ოპერაციის ენერგოტევადობის გაუთვალისწინებლად გამოყენება იწვევს მისი შესრულების თანაბრობის დარღვევას ტრაქტორის სიმძლავრის ნაკლებობის შემთხვევაში და საწვავის ხარჯვის ზრდას ჭარბი სიმძლავრის პირობებში. ორივე შემთხვევა უარყოფითია, ამიტომ ფრიად აქტუალურია ჩამოყალიბდეს ენერგეტიკული საშუალებებისა და შესაბამისი შლეიფის ნომენკლატურული და რაოდენობრივი გაანგარიშების მეთოდიკა, რომელიც გაითვალისწინებს სავარგულების ფიზიკურ მდგომარეობას, საექსპლუატაციო ვარგისიანობას, პროცესის შესრულების ტექნოლოგიასა და ენერგოტევადობას, ტრაქტორის სიმძლავრით და საექსპლუატაციო მახასიათებლებს. აღნიშნული მაჩვენებლების ერთიან სისტემაში შეთანაწყობის მეთოდიკის ჩამოყალიბება, მის მიხედვით ტრაქტორებისა და შესაბამისი შლეიფის ნომენკლატურისა და რაოდენობის გაანგარიშება უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ პროცესების მაღალხარისხოვნად შესრულებას მინიმალური დანახარჯებით. ამიტომ საჭიროა სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის ტექნიკის აუცილებელი რაოდენობისა და ნომენკლატურის დადგენის მეთოდიკის მაღალ მეცნიერულ დონეზე დამუშავება.

მეთოდიკა საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ენერგეტიკული საშუალებებისა და შესაბამისი შლეიფის ნომენკლატურა და რაციონალური რაოდენობა; არსებული ტექნიკის რაოდენობისა და ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით დავადგინოთ შესაძენი ენერგეტიკული საშუალებებისა და შესაბამისი შლეიფის საჭირო რაოდენობა და ნომენკლატურა, დავადგინოთ სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების ოპტიმალური შემადგენლობა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, როგორც კერძო ფერმერული მეურნეობის, ისე რეგიონისა და მთელი ქვეყნისთვის, რაც უზრუნველყოფს ტექნოლოგიური პროცესების ხარისხოვნად შესრულებას მაღალი მწარმოებლურობით და მინიმალური დანახარჯებით, პროდუქციის თვითღირებულების შემცირებასა და შიდა ბაზრის მაქსიმალურ დაკმაყოფილებას.

ქვეყანაში 1990 წლისათვის სახნავი მიწები დაახლოებით 870 ათას ჰექტარს შეადგენდა, რომელიც ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებზე იყო გადანაწილებული.

ერთლწლოვან კულტურებზე მოდის 690 ათას ჰა-ზე მეტი. ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნილება საკუთარი წარმოების ხორბალსა და სიმინდზე. ამ მიზეზით ხეხილითა და ჩაით დაკავებული ფართობების გარკვეული ნაწილი დაიკავეს ხორბლისა და სიმინდის კულტურებმა. უკანასკნელი წლების განმავლობაში კი ტექნიკის საჭირო რაოდენობის არარსებობის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა დაუმუშავებული ფართობი. დაუმუშავებელი ფართობების ზრდას აგრეთვე ხელს უწყობს ნავთობპროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, რის გამოც საჭირო საწვავის ღირებულება აღემატება ფერმერის ფინანსურ შესაძლებლობებს. ასეთივე შედეგი აქვს ტრაქტორის ეფექტური სიმძლავრის შეუსაბამობას ტექნოლოგიური პროცესის შესრულებაზე ენერგიის საჭირო ხარჯთან. ტრაქტორის სიმძლავრის როგორც სიჭარბის, ისე ნაკლებობის შემთხვევაში უარესდება შესრულებული სამუშაოს ხარისხი და აგრეგატის საექსპლუატაციო მაჩვენებლები, იზრდება საწვავის ხარჯი და წარმოებული პროდუქციის ღირებულება.

ფართობების გამოყენების მონაცემები დღეისათვის მნიშვნელოვნად შეცვლილია, ამიტომ მას გადახალისება სჭირდება. აქედან გამომდინარე, კვლევის სტრატეგია პირველ ეტაპზე უნდა ითვალისწინებდეს ფართობების მონაცემების დაზუსტებას რეგიონების მიხედვით. თუ გავითვალისწინებთ სოფლად მიმდინარე მოვლენებს, დაზუსტებას საჭიროებს არა მარტო რეგიონის, არამედ რაიონებისა და მეურნეობის მონაცემებიც.

დასაზუსტებელია საკვლევი ობიექტების პარამეტრებიც. აქ შეიძლება შეგვხვდეს შეფერხება, ვინაიდან ადგილებზე აღარ არსებობს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, ვერ მოხერხდეს მონაცემების დაზუსტება. ამ პრობლემის გადასაჭრელად მონაცემები უნდა შეგროვდეს უშუალოდ ფერმერებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვით. მოძიებული მასალა შეიტანება კომპიუტერში და კულტურების მიხედვით დამუშავებული მოვლა-მოყვანისა და აღების რაციონალური მანქანური ტექნოლოგიების ოპერაციებთან ერთად განლაგდება საინფორმაციო მასივებში.

შემდგომ ეტაპზე საჭიროა შეირჩეს პარამეტრიც, რომელიც ყოველ ფიზიკურ ოპერაციას, მიუხედავად მისი ენერგოტევადობისა და გამოყენებული წევის საშუალებისა, გადაიყვანს ერთ სისტემაში.

არსებობს მრავალი მეთოდი, რომელთაგან განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ორი, დაყვანილი საექსპლუატაციო დანახარჯების და დაყვანილი ენერგოდანახარჯების მეთოდი, მაგრამ პირველი უშუალო კავშირშია გამოყენებული მასალების ღირებულებასა და მომსახურე პერსონალის შრომის ანაზღაურებასთან, რაც განსაზღვრავს მის კავშირს საბაზრო კონიუნქტურასთან და ინფლაციის კოეფიციენტთან. ამიტომ ამ მეთოდის გამოყენებით ერთიანი, უცვლელი სისტემის მიღება შეუძლებელია. სისტემის დასადგენად საჭიროა შევჩერდეთ მეორეზე – ენერგოდანახარჯების მეთოდზე, რომელიც დამოკიდებული არ არის საბაზრო ღირებულების ცვლილებებზე.

მოძიებული საინფორმაციო მასალების კომპიუტერში განთავსებისათვის საინფორმაციო მასივების სტრუქტურის შემუშავება უნდა მოხდეს Oracle, Access, Excel-ის და სხვა მონაცემთა ბაზების გამოყენებით და მათი შევსება პერიოდულად საინფორმაციო მასალით.

ერთიანი დაყვანილი ენერგოდანახარჯების განსაზღვრისა და პარამეტრების ოპტიმიზაციისათვის უნდა მოხდეს სათანადო მეთოდიკის დამუშავება წრფივი პროგრამირებისა და სხვა მათემატიკური ხერხების გამოყენებით, აგრეთვე მეთოდის ალგორითმისა და ბლოკ-სქემის დამუშავება.

საჭიროა დაყვანილი ენერგოდანახარჯების საანგარიშო მათემატიკური ფუნქციის შედგენა და მოქმედი შემავალი პარამეტრების დაზუსტება; კომპიუტერული პროგრამის დამუშავება გაანგარიშებათა სრული ციკლის ჩატარებისა და ფუნქციის ოპტიმუმზე ამოხსნისათვის, რის შედეგადაც დადგინდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ენერგეტიკულ საშუალებათა და მანქანა-იარაღების შლეიფის ნომენკლატურა და რაციონალური რაოდენობა საწარმოებელი კულტურის, მიწის ფართობის, ნიადაგის მდგომარეობისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ფერმერების, რეგიონებისა და საქართველოს დონეზე.

ასეთი მეთოდიკით შესაძლებელი იქნება ტექნიკის რაოდენობის განსაზღვრა არა მარტო ცალკეული ფერმერული მეურნეობების, რეგიონებისა და ქვეყნისათვის, ასევე მისი გამოყენება სამშენებლო წარმოებაში, საგზაო სტრუქტურების მოწყობასა და საერთოდ ყველა სფეროში, სადაც გამოყენებული ტექნიკის რაოდენობა და ნომენკლატურა დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს ტექნოლოგიასა და მოცულობაზე. ასეთი მეთოდიკის შესაბამისად გაანგარიშებული ტექნიკის რაოდენობა და ნომენკლატურა შეიძლება საფუძვლად დაედოს მთავრობის ტექნიკურ პოლიტიკას სოფლად.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“