აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

სეტყვით დაზიანებული ვენახი და დასეტყვილი ვაზის მოვლა

საქართველოში სეტყვის საშიშროება და გარკვეული სიხშირე არსებობს კახეთსა და ქართლში. დაფიქსირებულია საკმაოდ ძლიერი სეტყვა დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში. სეტყვის ფაქტორისა და მისგან გამოწვეული ზარალის საკომპენსაციოდ მთელი რიგი ღონისძიებებია გათვალისწინებული.
სეტყვით დაზიანება

საგაზაფხულო ძლიერ სეტყვას შეუძლია გააფუჭოს მთელი მოსავალი, მოსპოს ფოთლები და ამით მნიშვნელოვნად შეამციროს მოსავლის რაოდენობა. სეტყვის მიერ გამოწვეული ზარალი დამოკიდებულია სეტყვის სიძლიერეზე და მისი მოსვლის დროზე. სეტყვის საწინააღმდეგო ბრძოლის ეფექტური ღონისძიებები ჯერჯერობით შემუშავებული არ არის. საქართველოში მებაღეობის, მევენავეობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ შემუშავებულ იქნა ბრძოლის ღონისძიება, რომელიც შემდგომში მდგომარეობს: ღრუბლების თბილ ნაწილში გაიფრქვევა მარილი (NaCl), რომლითაც ცდილობენ ხელოვნურად გამოიწვიონ თხევადი ნალექები და არ მისცენ თბილ წვეთებს საშუალება გადაინაცვლონ ღრუბლის ცივ ნაწილში, ამით უნდა შეამცირონ სეტყვის მარცვლის ზრდის შესაძლებლობა. ამავე მიზნით ხდება ღრუბელში ტყვიის იოდიდის (PeI2) გაფრქვევა სპეციალური დანიშნულების რაკეტა `გრადის” საშუალებით. ამ ღონისძიებებმა გამოიწვია გარემოს დაბინძურება ტყვიის მარილებით, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდა.

კახეთის რეგიონებში გამოიცადა მეორე ეფექტური ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს ვენახების სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით გადაფარვას. ეს ღონისძიება საკმაოდ ძვირადღირებულია და ამიტომ მისი დანერგვა გაძნელებულია, თუმცა მიზანშეწონილია სისტემის სრულყოფაზე კვლევა კვლავ გაგრძელდეს.

დასეტყვილი ვაზის მოვლა

დასეტყვისაგან გამოწვეული ზარალი ორი ფაქტორით განისაზღვრება: სეტყვის სიძლიერე და დასეტყვის დრო. აქედან გამომდინარე, განისაზღვრება ის ღონისძიებები, რომლებითაც შენარჩუნებული იქნება სეტყვას გადარჩენილი მოსავალი და სამომავლო სასხლავი რგოლები.

1. სეტყვის შემდეგ უახლეს პერიოდში უნდა ჩატარდეს დაზიანებული რქებისა და ფოთლების შეცლა.

2. უნდა ჩატარდეს ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები.

3. თუ ვაზი ყვავილობამდე დაისეტყვა ისე, რომ მწვანე მასა არ შერჩა, გასხვლის მიზანი იქნება სამომავლოდ კარგი მოსავლის და ნაზარდის მიღება. ამ შემთხვევაში ვაზის სანაყოფე რქები უნდა შემოკლდეს 2-3 კვირტზე. ეს გამოიწვევს მძინარე კვირტების განვითარებას და საგაისო საფორმე ელემენტების ჩამოყალიბებას. მძინარე კვირტებიდან გამოტანილ ყლორტებში მომავალი წლის მოსავალი ნორმალურად ჩაისახება.

4. ყვავილობის დასასრულიდან, ან მის შემდეგ, ვაზის ძლიერი დასეტყვის შემთხვევაში, სანაყოფე რქები მოკლდება 2-3 კვირტზე, ხოლო მასზე განვითარებულ მწვანე ყლორტებს, ზედა ყვავილების ზემოთ, ეტოვება ერთი მუხლი, ანარჩენი კი ეჭრება. ეს ხელს უწყობს მომავალი საფორმე ელემენტების გამოზრდას.

5. შედარებით ნაკლები დაზიანებისას, როცა ვაზს შერჩენილი აქვს ფოთლები, ყლორტები მთლიანად არ არის დაბეგვილი და ფუძის კვირტებიც გადარჩენილია, მაშინ სამამულეზე და სანაყოფეზე ყველა დაზიანებული ყლორტი გაისხვლება 3-4 მუხლზე, რაც უზრუნველყოფს ზედა მუხლზე ნამხარის განვითარებას და მომავალი წლის საფორმე ელემენტების ფორმირებას. ამ შემთხვევაში სხვა რქები ხელუხლებელი რჩება.

დასეტყვილ ვაზს ახასიათებს მძინარე კვირტებიდან მრავალი ამონაყარი ყლორტის განვითარება, ამიტომ საჭიროა 2-3 ფურჩქნის ჩატარება. დასეტყვილ ვენახში უნდა ჩატარდეს მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლის ღონისძიებები.

სხვა სტრესულ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სიდამწვრე, რაც ვაზის ყლორტებსა და ზოგჯერ მტევნებს ან ყვავილედებს ემუქრება. ეს მოვლენები საქართველოში არ არის ისე ხშირი და მასშტაბური, როგორც კალიფორნიაში, ავსტრალიაში ან შუა აზიაში. ამიტომ მას ფართოდ არ განვიხილავთ.

ანა გოდაბრელიძე,

ვაჟა გოცირიძე,

„მევენახეობა“