შავი ზღვის წყალს და ბიომრავალფეროვნებას სპეციალური გემით გამოიკვლევენ

ქართველი მეცნიერები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად შავი ზღვის მონიტორინგის ფარგლებში შავი ზღვის წყლის ფიზიკურ-ქიმიურ და ჰიდრობიოლოგიური პარამეტრებს, იხტიოფაუნის და ზღვის ბიომრავალფეროვნებას გამოიკვლევენ.

კვლევები სპეციალურად ზღვის კვლევის თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიებით აღჭურვილი გემ „Mare Nigrum“-ით განხორციელდება.

პროექტის „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შავი ზღვის ექსპედიციაში მონაწილე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ანდრო ასლანიშვილი შეხვდნენ.

როგორც ნინო თანდილაშვილმა განაცხადა _ „შავი ზღვის კვლევა უნიკალური ინფორმაციის წყაროა, რომელიც სანდო მონაცემებს გვაწვდის ზღვის ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ კვლევამ პოზიტიური შედეგები გვაჩვენა საქართველოს სანაპირო წყლების ეკოლოგიურ სტატუსთან დაკავშირებით“.

შავი ზღვა უნიკალური ბუნებრივი, ეკონომიკური და კულტურული რესურსია, რომელსაც მისი აუზის ექვსი ქვეყანა – ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო, უკრაინა – და რეგიონის მილიონობით მაცხოვრებელი იზიარებს.

ზღვის ეკოსისტემის სიჯანსაღის კვლევის მიზნით და ამ გარემოს შესანარჩუნებლად რეგიონული ძალისხმევის მხარდასაჭერად, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოსა და უკრაინის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უნიკალურ კვლევით პროექტს EMBLAS (შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება) ახორციელებს.

ინიციატივას ევროკავშირი (EU) აფინანსებს. მისი მიმდინარე ფაზა, რომლის ბიუჯეტი 1.6 მილიონ ევროს შეადგენს, 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ისევე როგორც წინა წლებში, კვლევა ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) შესაბამისად განხორციელდება. კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნება ზღვის მონიტორინგის უახლესი ტექნოლოგიები, მათ შორის, ქიმიური სქრინინგი და დნმ-ის ციფრული ანალიზი.

კვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გავრცელდება როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, ასევე მთლიანად ევროკავშირის მასშტაბით. 2019 წელს დაგეგმილი კვლევების ფარგლებში განისაზღვრება შავ ზღვაში სხვადასხვა დამაბინძურებელის შემცველობა, რაც გულისხმობს შესაბამისი სინჯების აღებასა და ანალიზების ჩატარებას. შეისწავლება წყლის ფიზიკურ-ქიმიური და ჰიდრობიოლოგიური პარამეტრები, თევზის პოპულაციების არსებული მდგომარეობა და ზღვის ბიომრავალფეროვნება.

მიღებული შედეგების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისთვის ახალი მეთოდოლოგიების დანერგვა, რაც მნიშვნელოვანია შავი ზღვაში არსებული მდგომარეობის სრულყოფილად შეფასებისათვის და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი EMBLAS („შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება“) 2014 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ხელშეწყობა ზღვის ეკოსისტემის დაცვის საქმეში.