შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციისთვის

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ შესატანი ცვლილებები  დამტკიცდა. ცვლილებების შედეგად, შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტს დაემატა ორი ახალი ქვეკომპონენტი: შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის.

როგორ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელიც საქართველოში ფერმერებს გააჩნიათ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

„ჩვენ მექანიზაციის ხელმისაწვდომობის კუთხით გარკვეული პროექტები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფარგლებში, გვქონდა. თუმცა, დღეს მიღებული ცვლილებით, ამოქმედდება უნივერსალური პროექტი, რომელიც, ფაქტობრივად, დაფარავს მოთხოვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ აგროკრედიტით და აგროლიზინგით. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში გაჩნდა ახალი კომპონენტები მექანიზაციის მიმართულებით. სახელმწიფო თვითონ იყო მექანიზაციის სერვისის პროვაიდერი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა ჩვენი პოლიტიკა ითვალისწინებს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდას, ფერმერებისთვის ხელშეწყობას, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ, რაშიც მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე გამარტივებული წვდომა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის გულისხმობს შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემას  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და/ან იმპლემენტის შესაძენად, ხოლო შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის, შეღავათიანი აგროლიზინგის გაცემას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა ან/და იმპლემენტის  დასაფინანსებლად.

ქვეკომპონენტების ფარგლებში, შეღავათიანი აგროკრედიტი განისაზღვრება 7000 ლარიდან 1 500,000 ლარის ჩათვლით, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არაუმეტეს 66 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, წლიური 11%-ის ოდენობით. აგროლიზინგის ქვეკომპონენტის ფარგლებში კი, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს ლიზინგის გამცემის ინვესტიციის წლიურ 12%-ს.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაზღვრულია გარკვეული ზღვრები, იმისათვის რომ საფინანსო ინსტიტუტებმა ლიზინგის ან კრედიტის ხელშეკრულებები მაღალი საპროცენტო განაკვეთით არ გასცენ. გარდა ამისა, პროექტში არის მნიშვნელოვანი დათქმა. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პერიოდში, მექანიზაციის ქვეყნიდან გასვლა არის შეზღუდული იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას ის პოტენციალი, რომელიც გვჭირდება

„ჩვენ სახელმწიფო პროექტში ცვლილებების ინიცირებამდე კონსულტაციები გვქონდა ბიზნესასოციაციებთან, ფერმერულ ორგანიზაციებთან. პროგრამაში გათვალისწინებულია მათი მოსაზრებები.  ჩვენ ფერმერებს ხელს ვუწყობთ, მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს როგორც ახალი, ასევე გამართული მეორადი, მაქსიმუმ სამწლიანი გამოყენების ტექნიკა. ეს არის როგორც გამწევი და მოსავლის ამღები ტექნიკა, ისე იმპლემენტები. ვფიქრობ, რომ პროექტის ამოქმედება სრულიად შეცვლის ჩვენს სოფლის მეურნეობას მექანიზაციის აღჭურვის კუთხით“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, მოხდება ადგილობრივ ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების და რაოდენობის გაზრდის სტიმულირება, რაც დადებითად აისახება სოფლის მეურნეობის დარგზე.

2 thoughts on “შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციისთვის

  • 26/01/2018 at 20:41
    Permalink

    Dzalian kai tu magas gaaketeben maladec chvens mtavrobas
    Me piradad velodebi am proekts minda visargeblo aseti agro lizingit dzalian moxaruli viqnebi madloba winadwar

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *