აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმემცენარეობა

შემჭიდროებული და განმეორებითი კულტურები, კულისური ნათესები

შემჭიდროებულ  კულტურებში იგულისხმება ფართობის ისეთი გამოყენება ერთ სავეგეტაციო პერიოდში, რომლის დროსაც ერთდროულად ან თანმიმდევრულად იმავე ნაკვეთზე ერთი და იმავე ან სხვადასხვა კულტურის რამდენიმე მოსავალი მიიღება.

ნიადაგში არსებული ვერც საკვებ ნივთიერებებს და ვერც ტენს ერთი რომელიმე კულტურის წარმოების დროს სრულად არ გამოიყენება. ნიადაგში არსებულ საკვებ ნივთიერებათა დიდი ნაწილი, მცენარის ფესვთა სისტემის სრულად განვითარების მომენტამდე  უსარგებლოდ ირეცხება ნიადაგის ქვედა ფენებში. ნიადაგის ტენის ნაწილი აგრეთვე უსარგებლოდ ორთქლდება ნიადაგის დაუფარავი ნაწილიდან.  კულტურა შემჭიდროებული თესვა ნიადაგის ფაქტორებთან მიმართებით მათი რაციონალურად გამოყენების საშუალებას იძლევა, მაგრამ ამასთანავე საჭიროებს საკვებ ნივთიერებათა და ტენის დამატებით რაოდენობას.    

ყოველგვარი შემჭიდროების დროს უნდა დავკცვათ შემდეგი პირობები:

1. შემჭიდროებული კულტურის წარმოების დროს ნიადაგი შედარებით კარგად უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკვები ნიფთიერებებითა და ტენით.

2.  შემჭიდროების სქემებში კულტურათა განლაგება ისეთი უნდა იყოს, რომ ისინი ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავდებოდნენ ტენის მოთხოვნილებით (დაცულ გრუნტში, პირიქით,  ტენიანობის რეჟიმის მიმართ მოთხოვნილება ერთგვარი უნდა იყოს), ნიადაგობრივი კვების ელემენტებისადმი დამოკიდებულებით, ფესვთა სისტემის და მიწისზედა ნაწილების განვითარების ხასიათით, სინათლისადმი მოთხოვნილებით, სავეგეტაციო პერიოდის სიგრძით.

3. კულტურები შეძლებისდაგვარად მოვლის თვალსაზრისით ერთნაირი მოთხოვნილებით უნდა ხასიათდებოდნენ. დაცულ გრუნტში კი სითბოსადმი  და ჰაერის შეფარდებითი ტენიანობისადმი მოთხოვნილების თვალსაზრისით მსგავსი უნდა იყვნენ.

შემჭიდროება ძირითადად ორგვარია, ერთდროული და თანმიმდევრული.

თანმიმდევრული  ანუ  ნაყოფცვლითი შემჭიდროების დროს სხვადასხვა კულტურიდან თითოეული მოიყვანება წმინდა სახით ერთის მეორეთი შეცვლით, ე.ი. თანმიმდევრობით,  მაგრამ ერთი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, ან შეიძლება უკანასკნელი შემამჭიდროებელი კულტურის პროდუქტიული ნაწილის ფორმირების ფაზა მეორე სავეგეტაციო პერიოდშიც გადავიდეს. ასეთი თანმიმდევრული შემჭიდროების ძირითად თავისებურებად ითვლება ცალკეულ კულტურათა შორის მორიგეობა. საკვებ ნივთიერებათა სხვადასხვანაირი გატანით და თესვისა და აღების ვადების ზუსტი დაკავშირება. აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ზონის მებოსტნეობისა და სუბტროპიკული რაიონების მებოსტნეობაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სახის(თანმიმდევრობის)  შემჭიდროება:

1. ისპანახი,  კიტრი,    წითელი ბოლოკი;

2. თვის ბოლოკი,  ლობიო პარკად,   სტაფილო; 

3. წიწმატი, პამიდორი,  ცერეცო მწვანილად;

4. საადრეო კარტოფილი,  საგვიანო კომბოსტო;

5. შემოდგომაზე დარგული საადრეო კომბოსტო,  საგვიანო ლობიო;

6. შემოდგომაზე დარგული საადრეო კომბოსტო,  საგვიანო კომბოსტო;

7. შემოდგომაზე დარგული საადრეო კომბოსტო,  საგვიანო კარტოფილი;

8. შემოდგომაზე დარგული საშუალო კომბოსტო,  წითელი ბოლოკი; 

9. ისპანახი, შემდეგ პამიდორი,  წიწმატი;

10. თვის ბოლოკი,  ბადრიჯანი;

11. ისპანახი,  საგვიანო კომბოსტო;

12. სალათა,  საგვიანო ყვავილოვანი კომბოსტო.  

ერთდროული შემჭიდროების დროს ძირითადი და შემამჭიდროებელი კულტურები, თუმცა შეიძლება არა მთელ პერიოდში, მაგრამ მაინც ძირითადად მოცემულ ფართობზე ერთ და იმავე დროს იმყოფებოდნენ. აქ ძირითადი კულტურის გაადგილებასთან დაკავშირებით შემჭიდროება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. ამ შემთხვევაში მრავალგვარად შეიძლება შემჭიდროება, რომლის დროსაც შემამჭიდროებელი კულტურების რიგები განლაგდება ძირითადი კულტურის მწკრივის ახლოს ერთი მხრიდან, ან გვერდიდან, ან რამდენიმე მხრიდან. ისეთი შემჭიდროებაც შეიძლება, როდესაც ძირითადი კულტურა ითესება ან ირგვება ჩვეულებრივი წესით, ხოლო შემამჭიდროებელი განლაგდება გვერდით მწკრივის ნაპირზე ან ბაძოკვლის თხემიდან  10-15 სმ დაშორებით.  მწკრივთაშორის შემჭიდროების დროს ძირითადი კულტურის მწკრივთაშორის განალაგებენ შემამჭიდროებელი კულტურის მწკრივებს. მაგ. საადრეო კომბოსტო + საგვიანო კომბოსტო, პამიდორი + ყვავილოვანი კომბოსტო და სხვ.

დიდ ყურადღებას იმსახურებს და პრაქტიკულად ფართოდაა გავრცელებული შერეული ნათესები სტაფილოს ან ნიახურის სალათასთან, ძირთეთრას ცერეცოსთან, ჭარხლის ისპანახთან ან თვის ბოლოკთან, თვის ბოლოკისა ქინძთან და სხვ. ნათესის მექანიზებული მოვლის თვალსაზრისით შემჭიდროების ეს სახე საშუალო ადგილზე დგას თანმიმდევრულ  (ნაყოფცვლით) შემჭიდროებასა (რომელიც არ აფერხებს მექანიზაციის გატარებას) და ერთდროულად შემჭიდროებას შორის (რომელიც მეტად აძნელებს მექანიზაციას).

ერთდროული შემჭიდროების დროს, განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ბიოლოგიურად სასარგებლო შემამჭიდროებლებს. ჩატარებული გამოკვლევებით მზესუმზირა, პამიდორი, გოგრა და კიტრი აძლიერებენ კარტოფილზე ფიტოფტორას განვითარებას. ხოლო ჭარხალი, სტაფილო, სალათა, ცერეცო, ხახვი, ოხრახუში და კომბოსტო აჩერებენ და აფერხებენ კარტოფილზე ფიტოფტორის გაჩენასა და განვითარებას. კომბოსტო პიტნასა და პამიდორთან ერთად მოყვანისას ნაკლებად იჩაგრება მავნებლებისაგან.

მეცნიერთა დაკვირვებით, ხახვისა და ქინძის ერთდროული თესვა, აგრეთვე სტაფილოსა და ქინძის ერთდროული თესვა იცავს მათ ხახვისა და სტაფილოს ბუზით დაზიანებისაგან. აქ, როგორც ეტყობა, ქინძის ფოთლებისაგან ანაქროლი არომატულ-სურნელოვანი ნივთიერება აფრთხობს ბუზს  და აღარ დებს კვერცხებს მცენარის ფესვის ყელთან. დაცულ გრუნტშიც, სადაც შემჭიდროების შესაძლებლობას  ხშირად საგრძნობლად ზღუდავს სინათლის უკმარისობა, საუკეთესო შედეგებს იძლევა მწკრივთაშორის შემჭიდროების რაციონალური სქემები. კულისური თესვა და რგვა როგორც მიკროკლიმატის  გაუმჯობესების მეთოდი. კულისური თესვის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში და ითვლება მიკროკლიმატის გამაუმჯობესებელ ღონისძიებად. ჩრდილოეთში, ისე როგორც მაღალმთიან პირობებში, კულისებს მიმართულება უნდა მიეცეს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, რათა მათ საიმედოდ დაიცვან ნათესი ჩრდილოეთის ცივი ქარების მავნე მოქმედებისაგან. ასეთი მიმართულება უზრუნველყოფს აგრეთვე შუადღეზე მაღალ მოზარდი კულისური მცენარეების მიერ, მცირე დაჩრდილვას, რაც მცენარეებს გადახურებისაგან იცავს და მოსავლიანობის მატებას იწვევს.

კიდევ უფრო მეტი ეფექტი აქვს კულისურ თესვას სამხრეთის ზონაში. მაგალითად, ჩვენში იმერეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის პირობებში ბოსტნეული კულტურების მოყვანას კულისურ ნათესებში აწარმოებენ სიმინდთან და მზესუმზირასთან ერთად. ამ შემთხვევაშიც კულისური თესვა გამოიყენება, როგორც მიკროკლიმატის გამაუმჯობესებელი საშუალება. დღის საათებში (განსაკუთრებით შუადღეზე), როდესაც მზის ინსოლაცია (მზის სხივებით მიწის ზედაპირის განათება) და ტრანსპირაცია თავის მაქსიმუმს აღწევენ – მაღალმოზარდი კულისების მიერ ნაწილობრივი დაჩრდილვის პირობებში ძლიერდება ფოტოსინთეზის ენერგია. ამისათვის კულისებს ისეთ  მიმართულებას აძლევენ, რომ შუადღეზე კულისებისაგან ბოსტნეულ მცენარეებს ჩრდილი ხვდებოდეს.

კულისურ ნათესებს დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე, როგორც ქარებისაგან დაცვის საშუალებას. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიტრისა და ბახჩეული კულტურების მიმართ კულისების გამოყენება, რადგან ეს კულტურები თავიანთი ბიოლოგიური თავისებურებების გამო ქარების გავლენით საგრძნობლად ამცირებენ მოსავალს. თუ ამ კულტურების მიმართ კულისური თესვის გამოყენებისას კულისების მიმართულებას გაბატონებული ქარების ქროლვას გარდიგარდმოდ მიმართავენ და ეს ქვეყნის მხარეების მიმართულებასაც  ხვდება იმგვარად, რომ შუადღეზე წაჩრდილვის პირობებს ქმნიდეს, მაშინ კულისები ორ ფუნქციას ასრულებენ მიკროკლიმატის გამაუმჯობესებლებს და ქარებისაგან დამცველს. ბოსტნის  კულტურებიდან ყველაზე მეტად რეაგირებს კულისების გამოყენებაზე კიტრი. მის მიმართ კულისებს იყენებენ თითქმის ყველგან, სადაც ის ვრცელდება როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის ზონაში.

კულისურ ნათესში მწკრივებს შორის მანძილის დადგენის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს თვით საკულისე მცენარეების შერჩევისაც, თუ რომელი მეტ ეფექტს იძლევა. კულისებად სათესად ყველაზე მეტადაა გავრცელებული სიმინდი, მზესუმზირა, ქვრიმა (მოჰარი) და სხვა შედარებით მაღლად მოზარდი მცენარეებიც, მაგრამ ზოგჯერ იყენებენ დაბლად მოზარდ მცენარეებსაც, მაგალითად, ცერცვს. საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ იმდენად დიდია კულისური თესვის აგროტექნიკური ეფექტიანობა, რომ ის ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული სამრეწველო მებოსტნეობის წარმოების ყველა ზონაში.