აგრარული განათლებადარგებიმეფრინველეობა

შინაურ ფრინველთა კვების ტრადიციები საქართველოში

საინტერესო მასალებია მოპოვებული ფრინველთა კვებისა და მოვლის ხალხური წესებისა და ხერხების შესახებ. არსებული მასალებიდან ჩანს, რომ ჩვენი წინაპრები კარგად ერკვეოდნენ და კარგადაც ჰქონდათ შესწავლილი გარკვეული სახის ფრინველთა კვების თუ მოვლის თავისებურება.

მეურნემ იცოდა, რომ ინდა­უ­რის ჭუკი გაცილებით სუსტია და ძნელი გასაზრდელი, ვიდრე სხვა რომელიმე შინაური ფრინველის წიწილა (ქათამი, ბატი, იხვი და სხვა). მათ შეუმუშავებიათ ინდაურის ჭუკის გაზრდისათვის საჭირო კვების რაციონი და სხვა აუცილებელი პირობა: ინდაური წელიწადში დებს 20 – 30 კვერცხს. დიასახლისმა კვერცხები უნდა მოაგ­როვოს და გრილ ადგილას შეინახოს. როდესაც ინდაური მოკრუხ­დე­ბა, საბუდარი უნდა გაუკეთოს, სადაც ჩააგებს თივას და  ჩაუდებს 17 კვერცხს. საბუდარი უნდა იყოს თბილი და  მოწყობილი  ნაწი­ლობ­რივად ბნელ ადგილზე. იქვე დაედგას წყალი და საკენკი. უნდა იყოს მუდმივი ყურადღების ქვეშ. როცა ინდაური საკენკისათვის გადმოვა, კვერ­ცხებს ცხვრის ტყავი უნდა გადააფარონ, რათა არ გაცივ­დეს. კრუხი 28 დღეს იჯდება  და შემდეგ წიწილები გამოიჩეკება. პირველ სამ დღეს მხოლოდ მოხარშული კვერცხის გულით უნდა კვებო. შემდეგ  მოხარშულ ბარდას გაურევენ  მოხარშული კვერცხის გულს და  დღეში სამჯერ აჭმევენ. შემდეგ მოხარშული კვერცხის გულს შეურევენ  მოხარშულ  ჭინჭარს (Urtica urens L. U. dioica L.)  და სალათს (Lactuca sativa L.).  ორი კვირის შემდეგ  მენიუდან გამოირიცხება კვერცხის გული და მიეცემა მოხარშულ ჭინჭარში შერეული სა­ლათა, რომელიც შერეული იქნება სიმინდის (Zea mayse) ღერ­ღილში, დღეში სამჯერ. პირველ 20 დღეს საკენკი უნდა დაუყარონ რბილ საფენზე, რათა ნისკარტი არ დაეჟეჟოს. კარგ ამინდებში ეზოში გაუშვებენ. მოზრდილ ინდაურს კვებავდნენ სხვა ფრინველებთან (ქათამი, ბატი, იხვი და სხვა) ერთად. მაგრამ ინდაური საჭიროებს დამატებით კვე­ბას.

ფრინველთა კვების საკითხს დიასახლისი შემდეგნაირად წყვეტდა: ზაფხულობით გვიან შემოდგომამდე ისინი ბალახეუ­ლი­თა და სხვადასხვა საკენკით, ძირითადად თავად იკმაყო­ფი­ლებდნენ თავს. დამატებით, დღეში ერთხელ აწვდიდნენ მარცვ­ლეულს: – ხორბალს (Triticum), სიმინდს (Zea  mayse), ქერს (Herdeum)  და სხვა, ხოლო ზამთრობით და ადრე გაზაფხულზე მთლიანად მარცვლეულით კვებაზე იყვნენ გადაყვანილი.  ზაფხულობით მეტ ყურადღებას უთმობდნენ კრუხის კვებას. მას ძირითადად მარ­ცვლეულით კვებავდნენ როგორც კვერცხზე ჯდომის, ისე წი­წილების მოვლის პროცესში. წარმოდგენილი მასალა ჩაწერილია იმერეთში. საინტერესოა, თუ როგორ კვებავდნენ შინაურ ფრინ­ვე­ლებს საქართველოს სხვა მხარეებში.

ქვემო რაჭის (ამბროლაურის რაიონი) სოფელ ბარელის მცხოვ­რები ანა დავითულიანი ამბობდა, რომ იყენებდნენ ჭინჭარს (Urtica urens L. U. dioica L.) და სალათს (Lactuca sativa L.). „ინდაურის წიპიებს ვკვე­ბავთ ღერღილნარევი მოხარშული ჭინჭრით“. ლეჩხუმის (ცა­გე­რის რაიონი) სოფლებშიც ინდაურის ჭუკებს ძირითადად ზრდი­დ­­ნენ შემდეგნაირად: მოხარშულ ჭინჭარში აურევდნენ სიმინდის ცომს და დღეში სამჯერ კვებავდნენ.

ხობის რაიონის სოფელ წინაგოლის მცხოვრები 81 წლის ალექსანდრე ბუკია ეთნოგრაფებთან საუბარში აღნიშნავდა, რომ „ინდაურის ჭუჭულებს ვუხარშავთ ჭინჭარს, მერე დავნაყავთ, გავურევთ ღომს და ამით ვკვებავთ“. ქათმის წიწილებს ვაჭმევთ დაღერღილ სიმინდს, იხვსა და ბატს სხვადასხვა საკენკავს ვუყრით“.

კახეთში-ქიზიყში  გამოკითხულ იქნა სოფელ ქვემო მაჩხაანის მცხოვრები ანა მენთეშაშვილი, რომელმაც ეთნოგრაფებს უთხ­რა, რომ „ინდოურის ჭუკს მატიტელას (Polugonum aviculare L.) უკეპავდნენ, სიმინდის ფქვილში უსვრიმავდნენ და ასე აჭმევდნენ. ბატისა და იხვის ჭუკებს კი ჟუნჟრუკოს (Stellaria media) აჭმევდნენ“.

„ქათმის წიწილებს ფეტვს (Panicum miliaceum L.) აჭმევდნენ. ახლა ფეტვი აღარ არის  და სიმინდის ფქვილს უფშუკავენ, რაც მეტს აჭმევენ უკეთესია. ორი კვირის შემდეგ თანდათან აჩ­ვევენ საკენკის ჭამას“.

შიდა კახეთში (სოფელი გულგულა) ჩაწერილ მასალებში ნა­თქვამია, რომ მატიტელას დაჭრიან, დაკეპავენ, სიმინდის ფქვილში აურევენ და ასეთი სახით „ვაჭმევთ პატარა პიებს“ (პიებში იგუ­ლისხმება ინდაურის წიწილა), „ხახვის ფოჩიც (Allium cepa L) შე­იძლება რომ დავკეპოთ, მრავალძარღვაც (Plantago maior L.), ჭინ­ჭრის ფოთოლიც, ნივრის ფოჩიც (Allium sativum L.), ყვე­ლა­ფერი დაკეპილია საჭირო“.

ბატისა და იხვისათვის კი სპეციალურად კეპავდნენ ჟუნჟ­რუ­კოსა და ღორის ქადას, აურევდნენ სიმინდის ფქვილში და აჭ­მევდნენ.

ქართლის სხვადასხვა მხარეს შეინიშნება ინდაურის ჭუკის სხვადასხვა წესით კვება. მაგალითად, ქართლში პირველად აჭმევენ მაწონსა და პურს ერთმანეთში არეულს. ასე კვებავენ ერთ კვირას. შემდეგ მატიტელას დაუჭრიან, აურევენ ქატოში, მოზილავენ და აჭმევენ. ასე კვებავდნენ ორ თვეს, შემდეგ კი გადაიყვანდნენ სა­ერთო კვებაზე, რადგანაც „მერე ყველაფერს ჭამს“.

დაახლოებით ასეთივე წესით კვებავდნენ ინდაურის ჭუკს სოფელ დიღომში. გამოკითხული პელაგია ლასურაშვილი (100 წლის) ამბობს, რომ ინდაურის ჭუკს გამოჩეკიდან ერთი კვირის მანძილზე კვებავენ მატიტელას, ქატოსა და მაწონის ნარევით. შემდეგ კი მაწვნისა და დოს ნარევს უმატებენ ქატოს და აძლ­ევენ, რის შემდეგაც  ბალახზე გაჰყავთ.

ქართლის სოფელ ყანჩავეთიდან მართა ჯიქურაძე   ეთნოგ­რა­ფებს უყვებოდა: „ჭუკი კვერცხიდან რომ გამოვა, სამ დღეს არაფერს ვაჭმევთ. მერე კვერცხი უნდა შევწვათ და ვაჭამოთ ორი დღე, შემდეგ დანაყილ მატიტელას და სიმინდის ფქვილს ერთმანეთში ავურევთ (ერთი წილი ფქვილი – ორი ბალახი), დაუმატებთ რძეს  და 4 თვემდე ასე კვებავდნენ. მერე ყველაფერს ჭამენ“.  საინგილოში ახალგამოჩეკილ ჭუკებს 5 – 6 დღე დაკუწულ მატიტე­ლას მოხარშული კვერცხის გულში არეულს აჭმევდნენ. შემდეგ დალბობილ პურს და დაკუწულ მატიტელას აურევდნენ ერთმა­ნეთში და ასე კვებავდნენ. მერე კი  მოხარშულ ბრინჯს (Oryza sativa L.) და დაკუწულ ჭინჭარს ერთმანეთში აურევდნენ და აჭ­მევდნენ. „როცა ჭუჭულები თვითონაც სძოვენ“, პატრონი დამატე­ბით მაინც აძლევს სხვადასხვა საკვებს, “რათა კარგად გაიზარდონ”.

ჯავახეთში ჩაწერილი მასალების მიხედვით გამოკითხული პაპალა ლაზაშვილი ამბობს, რომ ახალგამოჩეკილ „ქათმის წიწილს ღომს აძლევენ, სანამ მოიჩიტებოდეს, მერე ქერს და შემდგომში სხვადასხვა საკვებსაც ურევენ. ბატის ჭუჭულებს აძლევენ  შესვ­რილ სიმინდის ფქვილს, როცა წამოიზრდება ბალახით იკვებება. იხვიც ასევე არის“.

როგორც არსებული მასალებიდან ჩანს, ჩვენი წინაპრები მაქ­სიმალურად იყენებდნენ ქვეყნის შეზღუდულ შესაძლებლობებს ცხოველთა კვების თუ მოვლის საქმეში.

საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელია ცხოველთა და ფრინველთა კვების თავისებურებები, რაც ძირი­თა­დად უკავშირდება ქვეყნის როგორც კლიმატურ, ისე ეკონომი­კურ შესაძლებლობებს. მაგრამ, მაინც ზამთრობით ცხოველთა ძი­რითადი საკვები იყო თივა,  ჩალა, ბზე, რომელთა მოპოვება მიწის სიმცირის გამო დიდი რაოდენობით ვერ ხერხდებოდა. ასევე იყო საზაფხულო საძოვრებიც შეზღუდული. აქაც  დიდი ეკონომია იყო საჭირო, რომ საქონელი გამოეკვებათ. ყოველივე ეს ხელს უშლიდა ცხოველთა რაოდენობის ზრდას. მიუხედავად ყველაფრისა, საქარ­თ­ველოში მეცხოველეობა და მისი პროდუქტები უხვად იყო, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ჟამთა სიავის პერიოდებს, რომ­ლებსაც, სამწუხაროდ, ხშირად ჰქონდა ადგილი საქართველოს სი­ნამდვილეში.

რაც შეეხება ცალკეულ მცენარეთა გამოყენებას ცხოველთა და ფრინველთა კვების საქმეში, ესეც დაკავშირებული იყო ბუნებრივ პირობებთან. მაგალითად, თითქმის მთელ საქართველოში ხარობ­და სამყურა ბალახი, მატიტელა, ჭინჭარი და ა.შ, რომლებიც ფარ­თოდ გამოიყენებოდა ცხოველთა და ფრინველთა კვებისათვის, სადაც ისინი არ ხარობდა, იყენებდნენ სხვა მცენარეებს, რაც განაპირობებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მათი კვების თავისებურებას, მაგალითად, დასავლეთ საქართველოს უმე­ტეს კუთხეში ინდაურის ჭუკის საკვებად იყენებდ­ნენ ჭინჭარს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიო­ნებში – მატიტელას.

ასევე საქართველოს ცალკეული კუთხეებისთვის დამახასიათე­ბელია ცხოველთა საკვების მოპოვებისა და არსებული საძოვრების გამოყენების ხერხები. ესეც დაკავშირებული იყო ბუნებრივ პი­რო­ბებთან. ბარში დაზამთრებამდე და ზოგჯერ ზამთარშიც მოიპოვებ­დ­ნენ ცხოველთა საკვებს, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში, სადაც ნალექი თოვლის სახით უხვად მოდიოდა, ამის შესაძლებლობას მოკლებულნი იყვნენ. ამიტომ, იძულებულნი ხდებოდნენ 5 – 6 თვე ცხოველები ბაგურ კვებაზე გადაეყვანათ. ამისათვის კი დიდი რაოდენობით საკვები იყო საჭირო. ამიტომ, შემოდგომაზე ისინი ანგარიშობდნენ ზამთარში რამდენი სული საქონლის გამო­კვება შეეძლოთ, დანარჩენს ყიდდნენ (აქ შეიძლება გავიხსენოთ მთიანი რაჭის და სხვა მაგალითები).

ჯემალ სვანიძე,

ლევან თორთლაძე