სხილათუბანი – უძველესი გურული ვაზის ჯიში, რომელიც გაქრობის პირასაა

სხილათუბანი გურიის წითელყურძნიანი ვაზის იშვიათი ჯიშია, რომელიც დღეს მხოლოდ აქა-იქ თუ შემორჩა და, შეიძლება ითქვას, რომ გაქრობის პირასაა. წარსულში იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარად, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გურიის რაიონებში.

ადგილობრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით ჩოხატაურის რაიონის სოფელ  დაბლაციხესა და საყვავისტყეში შემორჩენილია სახელწოდებები: სხილათობანი და ცხილათობანი, ხოლო ფარცხმა-კოხნარ-საჭამიასერის მიდამოებში გავრცელებულია სახელწოდებები: სხილათუბანი და სხილათობანი. ამავე რაიონის ზოგიერთ სოფელში  ამ ჯიშს ცხრილათობანსაც უწოდებენ.

გარეგნულად ასე გამოიყურება სხილათუბანის ყურძნის მტევანი

სხილათუბანს ჩვეულებრივ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კრეფენ. მიუხედავად ასე გვიან დაკრეფისა ყურძენში შაქრიანობა 22,5% არ აღემატება. უფრო ხშირად კი იგი 19-21% უდრის. შაქრის ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია ნორმალური რაოდენობით ალკოჰოლის შემცველი  ღვინოების დასაყენებლად, საჭირო მჟავიანობის შენარჩუნებით.

ღვინის ყველა ნიმუში, ნორმალურ ალკოჰოლიანობასთან ერთად (10,6-11,8º), საერთო მჟავიანობას საკმაოდ შეიცავს. მქროლავი მჟავიანობის რაოდენობა (0,55-0,67) წარმოდგენილი ღვინის ნიმუშების სისაღეს ადასტურებს. ასევე ნორმალურია ექსტრაქტის რაოდენობაც (28, 55-31,24), ხოლო ტანინის ოდნავი სიჭარბე (1,6-1,90) ტკბილის ჭაჭაზე დადუღებითაა გამოწვეული.

სხილათუბანის ღვინო ჰარმონიული გემოთი გამოირჩევა

სხილათუბანის  ღვინო ღია წითელია, დამახასიათებელი ჯიშური არომატით, საკმაოდ ნაზი და ჰარმონიული ღვინო. ღვინო გამორჩეულია  შეფერილობით, ისე ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით  და ჰარმონიულობით. სხილათუბანი გ ემოთიც ჰარმონიულია, სასიამოვნო სიმწკლარტით და კარგი ტანინიანობით.

წყარო: allwine.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *