სოფლის იმედი

  სამი მეგობარი 10 წლის წინ საერთო იდეამ გააერთიანა – ეს იყო მიზანი, რომ სამეგრელოში, სოფელ უშაფათში თხილის მეურნეობა განვითარებულიყო.
მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა, – უშაფათში კოოპერატივი “სოფლის იმედი” ჩამოყალიბდა, რომელმაც თხილის რესურსი მაქსიმალურად გამოიყენა.

“2007 წელს, როდესაც სოფლის მეურნეობა მთავრობის მხრიდან მივიწყებული იყო და არ მიიჩნეოდა პრიორიტეტულ მიმართულებად, სამმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა თხილის მცირე საწარმო. საკმაოდ წარმატებული გამოდგა თხილის წარმოების და თხილის ბაღების გაშენების იდეა”, – ამბობს მალხაზ ხუნწარია, კოოპერატივის “სოფლის იმედი” თავჯდომარე.

წარმოების დაწყებასთან ერთად, მეურნეობამ განვითარება მოითხოვა. კოოპერატივის თავჯდომარე აღნიშნავს რომ წარმოების გაფართოებაში მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაცია CARE INTENATIONAL-ის მიერ გამოცხადებულ პროგრამა ENPARD-ს მიუძღვის.

მიღებული დაფინანსებით კოოპერატივმა სხვადასხვა მანქანა-დანადგარები შეიძინა. ამასთან, დაფინანსების მეშვეობით კოოპერატივმა საშრობი დანადგარები შეიძინა, რაც ერთდროულად 40 ტონა ნედლეულის გაშრობის საშუალებას იძლევა.

“2014 წელს სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარების კურსი აიღო კოოპერაციის გზით და ჩვენც გადავწყვიტეთ ჩამოვყალიბებულიყავით როგორც კოოპერატივი. პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივი ვიყავით თითქმის მთელ რეგიონში. შემდეგ ევროკავშირმა ENPARD პროექტის ფარგლებში გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, რომლის განმახორციელებლი კონსორციუმიც გახლდათ CARE. მივიღეთ მონაწილეობა და დაგვაფინასეს 40000 ევროს ოდენობით, რითაც ჩვენი საწარმოს ტექნიკური გადაიარაღება შევძელით”-აცხადებს კოოპერატივის თავჯდომარე.

ფაქტები ცხადყოფს რომ დღეს თხილზე მოთხოვნა მზარდია. „სოფლის იმედის“ წევრები აღნიშნავენ რომ დარგის განვითრება ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მართულებაა. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ ევროპის ბაზარი მზარდი მოთხოვნით ხასიათდება, სადაც აქტიურად ხორცილდება თხილის ექსპორტი.

“თხილზე მოთხოვნა მზარდია, იმიტომ რომ ევროპულ ბაზარზე მუდმივად დეფიციტია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თხილის ბიზნესს ძალიან დიდი მომავალი აქვს”- ამბობს მალხაზ ხუნწარია.

სოფელ უშაფათში თხილზე დიდ იმედებს ამყარებენ. სამომავლო გეგმებიც აღნიშნული რესურსის მაქსიმალურ გამოყენებასა და რეალიზაციას გულისხმობს. სწორედ ამიტომ კოოპერატივი აქტიურად ერთვება საერთაშორისო გამოფენებში, რათა მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საერთაშორისო ბაზრები.

წყარო:www.bm.ge
 ავტორი: ანუკა ჯოხაძე 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *