დარგებიმებოსტნეობა

სტაფილო _ თესლის შერჩევა, თესვა, მოვლა და მოსავლის დაბინავება

სტაფილო (Daucus  carota  L.) ქოლგოსანთა ოჯახის ორლებნიანი, ორწლიანი ძირხვენიანი მცენარეა. სიცოცხლის პირველ წელს წარმოქმნის სამარაგო ორგანოს_ძირხვენას. სიცოცხლის მეორე წელს ივითარებს საყვავილე ღეროს და თესლს. ფოთლები ყუნწიანია, წაგრძელებული, ღეროზე მახვილი კუთხითაა განლაგებული. ყვავილი რთული ქოლგაა. თესლი ბრტყელია, წაგრძელებულ- ელიფსური ფორმის, 1 გრამში 700-1200 თესლის მარცვალია.

სტაფილო საკმაო რაოდენობით შეიცავს შაქარს, თუმცა მასში შაქრის შემცველობა დამოკიდებულია ჯიშებზე, კლიმატურ პირობებზე და მოყვანის აგროტექნიკაზე. სტაფილოს, ვიტამინების შემცველობის მრავალფეროვნებით ერთერთი პირველი ადგილი უჭირავს ძირხვენიან კულტურებში, მას ვიტამინების წყაროს ეძახიან. იგი შეიცავს: კაროტინს (A ვიტამინის პროვიტამინი), ასკორბინის მჟავას (C ვიტამინი), თიამინის (B1), ნიკოტინმჟავას (PP ვიტამინი), რიბოფლავინს (B2 ვიტამინი), ტოკოფეროლს (F ვიტამინი), რუტინს (R ვიტამინი) და ვიტამინ K-ს, საკმაო რაოდენობით შეიცავს ასევე იოდსაც (0,17 მგ). სტაფილოს თესლიდან იღებენ ნივთიერება დაუკარინს, რომელიც გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ. მისი თესლის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთი გამოიყენება კოსმეტიკურპარფიუმერულ მრეწველობაში.

სტაფილოს შეფერილობა განპირობებულია მასში პიგმენტ კაროტინის შემცველობით, რაც უფრო ინტენსიურად არის შეფერილი ძირხვენა, მით მეტია მასში კაროტინის შემცველობა.

სტაფილოს ქიმიური შემცველობა (100 გრ. პროდუქტში)

/კალ წყალი ცილა ცხიმი შაქარი უჯრედანა ნაცროვანი ელემენტები ვიტამინები მდ-ში
C A B1 B2 PP
39 38,3 1,5 0,3 6,5 1,2    0,8 5 9 0,06 0,06 0,4

სტაფილოს ძირხვენას აქვს თხელი კანი, რომელიც ადვილად ითვისებს წყალს, გვალვების შედეგად ძირხვენის კანი სქელდება, ჭარბი ნალექის შემთხვევაში კი ძირხვენა სკდება.

სტაფილოსთვის საუკეთესოა ქვიშიან-ლამიანი მდინარისპირა ნიადაგები, აგრეთვე ჰუმუსით მდიდარი შავმიწები, ნეიტრალური ან სუსტმჟავე ნიადაგები (პH-5,5-7). მძიმე, ჰუმუსით ღარიბი, მჟავე რეაქციის მქონე და უსტრუქტურო ნიადაგები გამოუსადეგარია სტაფილოსთვის. ასეთ შემთხვევაში ისინი ცუდად ვითარდებიან, იძენენ დამახინჯებულ ფორმას, შეინიშნება აგრეთვე ძირხვენების დატოტვაც (სასურველია ჰუმუსის შემცველობა არანაკლებ 2-3%, ადვილადჰიდროლიზებადი აზოტი 8-10 მგ, ფოსფორი და კალიუმი მოძრავ ფორმაში 6-8 მგ 100 გრ მასაში). ნაიდაგის დამუშავება მოიცავს აოშვას და მზრალად ნიადაგის მოხვნას წინმხვნელი გუთნით, ბელტის გადაბრუნების გარეშე. ჭარბტენიან რაიონებში, ნიადაგის დამუშავებას აწარმოებენ ადრე გაზაფხულზე. ნახნავს ადრე გაზაფხულზე, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, აკულტივატორებენ, ან ფრეზავენ. მოგვიანებით ნიადაგის ზედაპირს მოასწორებენ და მოტკეპნიან.

სტაფილოს თესლის გარსი შეიცავს ბევრ ზეთს, რომელიც სწრაფად მძაღდება (მწარდება), რის გამოც 2 წელზე მეტი ხნით თესლის შენახვისას, მკვეთრად მცირდება მისი აღმოცენების უნარი. გარდა ამისა, ზეთის შემცველობა ხელს უშლის წყლის შეღწევადობას, რაც თავის მხრივ აფერხებს თესლის გაჯირჯვებას და აღმოცენებას. პირველი აღმონაცენები ჩნდებიან დათესვიდან 15-20 დღეში, ხოლო ცივი ამინდების შემთხვევაში კი – 30-25 დღეში. დათესვისას ნიადაგის სასურველი ტენტევადობა _80%-ია.
თესლის გაჯირჯვებისას, თესლის გარეკანი სკდება და ფესვი გამოდის გარეთ. პირველ დღეებში ფესვი ძალიან ნელა იზრდება – დღეში 5-7 მმ, შემდეგში ზრდის ინტენსივობა ძლიერდება 2-3-ჯერ და წყვილი არანამდვილი ფოთლის ფაზაში მთავარ ფესვზე წარმოიქმნება 3-8 მმ-ის სიგრძის 6-9 გვერდითი ფესვი. ამ დროს ახალგაზრდა მცენარეები გადადიან დამოუკიდებლ კვებაზე, მათი ფესვების სიგრძე მხოლოდ 6-10 სმ-ია, ამიტომ ნიადაგის ტენიანობა ამ დროს აუცილებელია. აღმონაცენები თავიდან იზრდებიან ძალიან ნელა, პირველი ნამდვილი ფოთოლი ჩნდება აღმოცენებიდან 10-15 დღეში, მეორე – 18-20, მესამე – 24-25 დღეში. ყოველი ახალი ფოთლის წარმოქმნა შემდეგში ხდება 5-7 დღეში. წარმოქმნილი ფოთლები განსხვავდება ერთმანეთისგან ფორმით, ზომით და წონით. ძირხვენა გამსხვილებას იწყებს 40-60 დღის შემდეგ. პირველი ნამდვილი ფოთლის ფაზაში, მთავარი ფესვი ჩადის ნიადაგში 11-12 სმ-ის სიღრმეზე, გვერდითი ფესვების რაოდენობა კი არის 8-12, მაგრამ ყველა მათგანი მოკლეა. მესამე, ნამდვილი ფოთლის ფაზიდან იწყება გვერდითი ფესვების ინტენსიური ზრდა, რომლებიც სიგრძით 6-8 სმ-ს აღწევენ, ამავე დროს იწყება მეორე იარუსის ფესვის წარმოქმნაც. მთავარი ფესვი აღწევს 17-26 სმ სიგრძეს და იწყებს გამსხვილებას. ფესვები აღწევენ სახნავი ფენის მთელ სიღრმეზე. ამ დროს საკვები ელემენტები უნდა იყვენენ მთელ სახნავ ფენაში. თესვისას შეტანილი საკვები ნივთიერებები რჩება ნიადაგის ზედაპირის სიახლოვეს და მცენარეთა მიერ სუსტად გამოიყენება. ამის გამო, მხოლოდ თესვის დროს შეტანილი სასუქებით შემოფარგვლა არასასურველია.

5-6 ნამდვილი ფოთლის ფაზაში აღინიშნება მიწისზედა ნაწილის ინტენსიური ზრდა, ფესვები იზრდებიან ასევე სწრაფად, გვერდითი ფესვები ვრცელდება ძირხვენიდან ჰორიზონტალურად, ნიადაგის ზედაპირთან 3-5 სმ სიგრძეზე, ხოლო სიღრმეში 10-25 სმ. ეს გასათვალისწინებელია ამ ფაზაში რიგთაშორისების დამუშავების დროს, ნიადაგის დამუშავების სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 5-6 სმ-ს. ერთი მცენარე ვეგატაციის პერიოდში წარმოქმნის 7-დან 12-მდე ფოთოლს. 7-8 ფოთლის ფაზაში მთავარი ფესვი სიგრძეში აღწევს 60-70 სმ-ს, ამ ფაზაში ხდება ძირხვენის ინტენსიური ზრდა. მისი დიამეტრი აღწევს 1,5-2,5 სმ-ს, შემდგომში ახალი ფოთლების წარმოქმნა ფერხდება, ხოლო ქვედა ფოთლები ბერდება, ყვითლდება და თანდათანობით კვდება. ნიადაგის მდგომარეობა, მისი სიმკვრივე უშუალოდ მოქმედებს ფესვთა სისტემის განვითარებაზე, ზრდის ვადებზე და ფორმაზე.

სტაფილო საკმაოდ სიცივეამტანი მცენარეა, მისი თესლი აღმოცენებას იწყებს 3-4ºC-ზე, თუმცა სასურველი ტემპერატურა 6-8ºC-ია. აღმონაცენი უძლებს -4ºC-მდე მცირეხნიან წაყინვებს, ხოლო  მინუს 6ºC‐ზე აღმონაცენი იღუპება. ზრდასრული მცენარე შემოდგომაზე ადვილად უძლებს -6ºC, ხანგრძლივი წაყინვებისას, -8ºC‐ზე ზიანდება ძირხვენის კანი და იგი კარგავს შენახვის უნარს. სტაფილოს განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა არის 17-20ºC. 34-37ºC-ზე მცენარის ზრდა და ძირხვენაში სამარაგო ნივთიერებების დაგროვება ფერხდება. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი დათესვიდან მოსავლის აღებამდე არ უნდა იყოს 2080ºC-ზე ნაკლები. სტაფილოს ჯიშები განსხვავდება ერთმანეთისგან ფორმით, ფერით, ძირხვენის ზომით და გემოვანი თვისებებით. ფორმის მიხედვით სტაფილო შეიძლება იყოს_ მრგვალი, წაგრძელებული ბლაგვი ბოლოთი, გრძელი, წვეტიანი დაბოლოებით.

ცნობილია სტაფილოს რამდენიმე ტიპი, მაგრამ ძირითადად გავრცელებულია ორი ტიპი – ნანტის და შანტენე.

ნანტის ტიპი_ბლაგვწვერიანი, ცილინდრული ფორმის ძირხვენები, სიგრძით 12-16 სმ, 2-4 სმ-ის დიამეტრით, წონა – 60-100 გრ, შემოდის 80-100 დღეში, ახასიათებს მცირე მწვანე მასის წარმოქმნა და საშუალო შენახვისუნარიანობა.

ანტენი_ შენახვისადმი უფრო მდგრადი და მოსავლიანი სტაფილოს ტიპია, წაგრძელებული, წვეტიანი ფორმის, შემოდის აღმოცენებიდან 115-125 დღეში, სიგრძით 14-20 სმ, დიამეტრი – 4-6 სმ, წონა – 80-140 გრ. ხასიათდება საუკეთესო შენახვისუნარიანობით.

ნაკვეთის შერჩევისას გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სტაფილო თავიდან ნელა იზრდება და ადვილად იჩაგრება სარეველებისაგან, ამიტომ მისთვის უნდა შეირჩეს, შეძლებისდაგვარად, სარეველებისგან თავისუფალი ნაკვეთი (განსაკუთრებით მრავალწლიანი სარეველებისგან _ ჭანგა, ნარი, ხვართქლა). სტაფილოსთვის საუკეთესო წინამორბედებს წარმოადგენე _ კომბოსტო, პომიდორი, ხახვი, კიტრი.

დაბალი სახნავი ფენის (10-15 სმ) მქონე ნიადაგებზე და ჭარბტენიან რაიონებში სტაფილო მოჰყავთ შემაღლებებზე.

წინამორბედი კულტურების აღებისთანავე აწარმოებენ ნიადაგის აჩეჩვას. შემოდგომაზე, ღრმა ხვნის წინ ნიადაგში შეაქვთ ფოსფოროვანი სასუქის მთელი ნორმა და კალიუმიანი სასუქის 2/3. ადრე გაზაფხულზე ნიადაგს ფარცხავენ და ატარებენ კულტივაციას, ამავე დროს შეაქვთ აზოტოვანი სასუქები.

საშუალო ნაყოფიერების მიწებზე შეაქვთ გამომწვარი ნაკელი – 40-60 ტონა (ნედლი ნაკელის გამოყენება დაუშვებელია, რადგან იგი აუარესებს ძირხვენების ხარისხს _ მახინჯი ფორმები, მშრალი ნივთიერებების დაბალი შემცველობა, ცუდი შენახვისუნარიანობა. ნედლი ნაკელის არსებობის შემთხვევაში, ის უნდა შევიტანოთ წინამორბედ კულტურაში), ამის გარდა შეაქვთ 120-150 კგ კალიუმი, 70-90 კგ ფოსფორი და 90-100 კგ აზოტი 1 ჰექტარზე. მხოლოდ მინერალური სასუქების გამოყენებისას შეაქვთ 120-150 კგ აზოტი, 150-180 კგ კალიუმი, 90-100 კგ ფოსფორი 1 ჰექტარზე. ნიადაგში შეაქვთ აგრეთვე 15 კგ ბორის სასუქი, რომელიც ამცირებს ძირხვენების დასკდომას. ნიადაგში ჰუმუსის 3%-ზე და მეტი შემცველობისას ორგანული სასუქი არ შეაქვთ.

მძიმე ნიადაგებზე სტაფილოს თესავენ 1.5-2 სმ-ის, ხოლო მსუბუქ ნიადაგებზე 3 სმ-ის სიღრმეზე. რიგებს შორის დათესვა ხდება 18-20 სმ-ის, ხოლო რიგებში მცენარეთა შორის – 4-6 სმ-ის დაშორებით. ჯიშებიდან გამომდინარე, 1 ჰექტარზე ითესება 2-დან 5 კგ-მდე. სტაფილოს თესავენ ფართო მწკრივებში 10×45, რათა მაქსიმალურად შეძლონ მექანიზაციის გამოყენება, გამოიყენება წყვილ_ლენტური (10x4x45 სმ) და ვიწრომწკრივიანი (10x4x45) თესვაც. ვიწრომწკრივიანი თესვისას მიმართავენ კვების არის მრავალნაირ კონფიგურაციას 7×5, 8×8, 10×10, რაც დამოკიდებულია ფერმერთა ხელში არსებულ მანქანა-დანადგარებზე (განსაკუთრებით რიგთაშორისების გამაფხვიერებელ დანადგარებზე).

დღეისათვის მიღებულია, რომ 1 ჰა-ზე მცენარეთა ოპტიმალური რაოდენობაა 1-1,2 მილ. ცალი. განოყიერების და რწყვის კომპლექსის გამოყენებისას, უფრო მაღალი მოსავალი მიიღება 1 ჰა-ზე 1,2-1,5 მილ. ცალი მცენარის სიხშირისას.

მთელი ვეგეტაციის პერიოდში სტაფილო საჭიროებს წყლის საკმაო რაოდენობას. ის განსაკუთრებით საჭიროა პირველი ნამდვილი ფოთლების წარმოქმის ფაზაში. ტენის უკმარისობის შემთხვევაში, ახალგაზრდა, ჩამოყალიბების პროცეში მყოფი ძირხვენა აჩერებს ზრდას და მისი კანი იწყებს გამერქნებას. მორწყვის ან ნალექების მოსვლის შემდეგ, ასეთი ძირხვენა კვლავ აგრძელებს ზრდას, მაგრამ ფესვთა სისტემის გამერქნებული ნაწილი კარგავს ელასტიურობას და სკდება. ამრიგად, დაგეგმილი, ხარისხიანი და სტანდარტული ძირხვენების მისაღებად საჭიროა რეგულარული რწყვა და ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნება ოპტიმალურ ფარგლებში (მისი ტენტევადობის 70-80%).

სტაფილო მიეკუთვნება გრძელი დღის მცენარეს, კარგი მოსავლის ფორმირებისთვის საჭიროებს საკმაო განათებას, განსაკუთრებით ძირხვენის გამსხვილების დაწყებისას, ამიტომ აუცილებელია ჩახშირებული ნათესის დროული გამარგვლა-გამეჩხერება (2-3-ჯერ ვეგეტაციის პერიოდში), ამ პროცესის დაგვიანება საკმაოდ ამცირებს მოსავლიანობას.

სტაფილო მოითხოვს რიგთაშორისების გაფხვიერებას, რწყვას. რიგთაშორის კულტივაცია საგრძნობლად ამცირებს სარეველების რაოდენობას, მაგრამ მათი სრულად მოსპობა მაინც არ ხდება და მთელი იმედის მასზე დამყარება არ შეიძლება, რადგან მცენარის გარშემო რჩება საკმაოდ დიდი, დაუმუშავებელი ადგილი. მინდვრის სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის აუცილებელია ისეთი ჰერბიციდების გამოყენება, რომლებიც მეტნაკლები ეფექტურობით ანადგურებენ სარეველა მცენარეებს და მნიშვნელოვნად აიოლებენ მოვლის პროცესს _ სტომპი (აღმოცენებამდე 4-6 ლ/ჰა-ზე), პროპოზანი 3-6 კგ/ჰა, გეზაგარდი 2-5 ლ/ჰა (გამოიყენება როგორც კულტურული მცენარის აღმოცენებამდე, ასევე მისი ამოსვლის დროს და 2 წყვილი ფოთლის ფაზაში), ფიუზილადი სუპერი 2-3 ლ/ჰა, ცენტურიონი 0,2-1 ლ/ჰა. კარგ შედეგს იძლევა პრომერტინისა და ლინურონის ერთობლივი გამოყენება, მაგრამ აღნიშნული ჰერბიციდები ვერ სპობს ლელს, შალაფას, ჯორისძუას, ნარს, ხვართქლას და ფესვურიან სარეველებს. ამიტომ, ასეთ დასარევლიანებულ ნიადაგზე ნათეს სტაფილოში ჰერბიციდების გარდა საჭიროა ნათესის ხელით გამარგვლა.

რწყვის რეჟიმის დარღვევით გამოწვეული ძირხვევნის დაზიანება, დახეთქვა

მორწყვის რაოდენობა და ნორმა დამოკიდებულია კლიმატურ, ნიადაგობრივ პირობებზე. საშუალოდ 1 ჰა-ზე საჭიროა 300-400მ³ წყალი და 3-4-ჯერ მორწყვა (გვალვიან წლებში 4-5-ჯერ მორწყვა). დამატებით გამოკვებას ატარებენ ორჯერ _ პირველს, გამარგვლა-გამეჩხერების შემდეგ, 4-6 სმ სიღრმეზე მცენარიდან 6-8 სმ-ის მოშორებით, ხოლო მეორეს – 5-6 ფოთლის ფაზაში, 8-10 სმ სიღრმეზე.

საკარმიდამო ნაკვეთებზე სტაფილოს მოყვანისას, შემოდგომაზე, ნიადაგის დამუშავების დროს 1 მ2-ზე შეაქვთ 4-5 კგ კომპოსტი ან ორგანული სასუქი, 30-40 გრ ფოსფოროვანი და 20-30 გრ კალიუმიანი სასუქი, 15-20 კგ ამონიუმის გვარჯილა. გაზაფხულზე, გაღივების დაჩქარებისა და ერთნაირი აღმონაცენის მიღების მიზნით, თესლს წინასწარ ალბობენ წყალში (1 გრ თესლი 1 მლ წყალში 1:1), ხსნარს რამდენჯერმე ურევენ, შემდეგ მათ შლიან თხელ ფენად, რომელიმე არაღრმა ჭურჭელში, რომელსაც ზევიდან დააფარებენ ნაჭერს, აჩერებენ 15-20ºC რამდენიმე დღე, შეშრობისთანავე ატენიანებენ. ერთეული ღივების გამოჩენისთანავე თესლს შეაშრობენ, შეურევენ მდინარის ქვიშას 1:5 თანაფარდობით (მათი თანაბრად დათესვისთვის) და თესავენ ტენიან ნიადაგში, შემდეგ რიგებს ტკეპნიან (ნიადაგისა და თესლის მჭიდრო კონტაქტისათვის). აღმოცენების დაჩქარების მიზნით რეკომენდებულია, ნაკვეთს მაშინვე დაეფაროს შუქგამტარი ცელოფანი, როგორც კი გამოჩნდება ერთეული ღივები, ცელოფანს აშორებენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული აღმონაცენის აწოწვა. ზედაპირული ქერქის წარმოქმნისას, მას შლიან ფოცხის საშუალებით. ჩახშირებული ნათესის შემთხვევაში, აუცილებელია ნათესის გამეჩხერება, მცენარეთა შორის 1-2 სმ-ის ინტერვალის დატოვებით, მეორე გამეჩხერება ტარდება 4-5 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, ძირხვენის 0,5-1 სმ დიამეტრისას. გამეჩხერებასთან ერთად ატარებენ გამარგვლას და დამატებით გამოკვებას მინერალური სასუქებით. სტაფილოს რწყავენ 2-3 ჯერ, ძირხვენების ინტენსიური განვითარების ფაზაში საჭიროა 5-6 ლიტრი წყალი 1 მ²-ზე.

მოსავლის მასიური აღება იწყება ძირხვენების ფორმირების დამთავრების შემდეგ. აღება უნდა დამთავრდეს ხანგრძლივი საშემოდგომო წვიმების და წაყინვების დაწყებამდე. მოსავალი აღებული უნდა იქნეს მშრალ ამინდში. ძირხვენებს თხრიან სპეციალური მანქანებით (წარმადობა 0,5 ჰა/1სთ-ში). შეიძლება კარტოფილის ამღები მანქანების გამოყენებაც. ძირხვენებს აჭრიან ფოჩებს, მსუბუქად შეაშრობენ, გადაარჩევენ, მოაშორებენ დაზიანებულ, დაავადებულ, დახეთქილ ძირხვენებს და მიაქვთ შესანახად. საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 20-25 ტონას, ხოლო მოწინავე ქვეყნებში – 50-60 ტონას 1 ჰა-ზე.

დღეისათვის საქართველოში არსებული ჯიშებიდან აღსანიშნავია რამდენიმე: როიალ ფორტე (მწარმოებელი ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია SEMINISI) ნანსკის ტიპი, შემოდის 110 დღეში, სიგრძე 18 სმ-მდე, დიამეტრი 3,5-4 სმ, ცილინდრული ფორმის, ბლაგვბოლოიანი ძირხვენები, ხასიათდება კარგი შენახვისუნარიანობით და მაღალი საგემოვნო თვისებებით.

ცესარო (მწარმოებელი ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია SEMINISI) ნანსკის ტიპი, შემოდის 115 დღეში, სიგრძე 17-19 სმ-მდე, დიამეტრი 3-3,5 სმ, ცილინდრული ფორმის, ბლაგვბოლოიანი ძირხვენები, ხასიათდება კარგი შენახვისუნარიანობით და მაღალი საგემოვნო თვისებებით. მდგრადია ძირხვენების დასკდომისადმი.

ესპერადო (მწარმოებლი ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია SEMINISI) ნანსკის ტიპი, საადრეო, შემოდის 90 დღეში, სიგრძე 17-19 სმ-მდე, დიამეტრი 2,5-3,5 სმ, ცილინდრული ფორმის, ბლაგვბოლოიანი ძირხვენები, ხასიათდება მაღალი საგემოვნო თვისებებით, რეკომენდებულია მექანიზებული აღებისთვის.

როიალ შანსონი (მწარმოებლი ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია SEMINISI) შანსონეს ტიპი, შემოდის 100 დღეში, სიგრძე 14-16 სმ-მდე, დიამეტრი 5-7 სმ, ცილინდრული ფორმის, ოდნავ წაწვეტებული ბოლოთი. ძირხვენები ხასიათდება კარგი შენახვისუნარიანობით და მაღალი საგემოვნო თვისებებით.