მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნება _ ლევან დავითაშვილი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, სტიქიამ ყურძნის მოსავალი თითქმის სრულად გაუნადგურა. ისინი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ, გადარჩენილი ყურძენი ჩაიბაროს.

მოსახლეობამ თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

კახეთის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. როგორც კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშივლმა განაცხადა, სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის სამ სოფელში, ქისტაურში, ახშანსა და მატანში თითქმის სრულად განადგურდა ყურძნის მოსავალი. ამასთან, სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი.

ქალაქ თელავში უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის გამოც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ცენტრალურ ქუჩებზე დაზიანდა ასფალტის საფარი.

რაც შეეხება თელავში არსებულ ვითარებას, მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა უკვე დაწყებულია. თელავში გზის გასაწმენდად დილიდან მობილიზებულია ტექნიკა.

როგორც თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება საღამომდე დასრულდება.

„გზების გარდა, პრობლემა შეექმნა რამდენიმე ხიდსაც, საქმის კურსშია ცენტრალური ხელისუფლება და ყველაფერს მიექცევა ყურადღება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი. ქალაქ თელავში უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის გამოც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ცენტრალურ ქუჩებზე დაზიანდა ასფალტის საფარი.

18 აგვისტოს კახეთში სეტყვის საწინააღმდეგოდ 200-მდე რაკეტა გაისროლეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში სეტყვისაგან დაზარალებული მოსახლეობა დაზიანებულ ყურძენს მინიმალური დანახარჯებით ადგილზევე, ახმეტაში ჩააბარებენ, – ამის შესახებ თელავში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

„გუშინდელი სტიქიის შემდეგ შექმნილ შტაბს მუდმივი კონტაქტი აქვს კომპანიებთან, რომლებიც სპირტის დამზადებას შეძლებენ. მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება და ხვალ დილიდან დაკრეფას დაიწყებენ“, –  განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რომელიც ფერმერებსა და ჩამბარებელს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ამასთან, მინისტრმა ფერმერებს აგროდაზღვევის გამოყენებისკენაც მოუწოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღესვე დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

კახეთში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 2018 წელს სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას აღარ განახორციელებდა. თუმცა სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლეხებისგან ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებაზე სახელმწიფო 10 მილიონ ლარს დახარჯავდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *