თანამედროვე სამრეწველო მეღორეობის გამოწვევები

 საქართველოს სურსათით უზრუნველყოფის მაჩვენებელი,  გაეროს მიერ დადგენილი სტანდარტებისაგან ჯერ კიდევ შორს არის.  ეს განსაკუთრებით  ქვეყნის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით უზრუნველყოფას ეხება. 120 ათასი ტონა ხორცისაგან, რომელსაც საქართველო წელიწადში მოიხმარს, 30 ათასი ტონა იმპორტირებულ ღორის ხორცს უჭირავს. ეს მაჩვენებელი უკვე რამდენიმე წელიწადია არ მცირდება. შესაბამისად, ღორის ხორცის ადგილობრივ წარმოებას კიდევ მრავალი წელიწადი მოუწევს უკონკურენციოდ არსებობა.

ერთი შეხედვით, ქვეყანაში, რომელსაც სრულიად გახსნილი აქვს საკუთარი სამომხმარებლო ბაზარი, თითქოს ძნელია, კონკურენცია გაუწიო იმპორტირებულ პროდუქციას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მოგების მარჟა აღნიშნულ სფეროში სტაბილურად 40%-ზე მაღალია, ხოლო ლიკვიდურობა, თითქმის 100%, წესით კაპიტალი თვითონ უნდა მიისწრაფოდეს ამ სფეროს შესავსებად, მაგრამ რეალურად ქვეყანაში დღეს თითზე ჩამოსათვლელი მეღორეობის ფერმები გვაქვს, რომლებიც სამრეწველო წესით  ღორის ხორცს აწარმოებენ.

რა არის ამის მიზეზი?

მთავარი მიზეზი მდგომარეობს პირველადი ინვესტიციის მოცულობაში, რაც ჯერჯერობით დაუძლეველი ბარიერია ქართული საინვესტიციო რესურსისათვის. ეს სიდიდე განპირობებულია თანამედროვე მეღორეობის ფერმების ტექნოლოგიური და ტექნიკური აღჭურვილობის  სირთულით. ამ მაჩვენებლებით იგი ბევრად აღემატება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმების მშენებლობის და აღჭურვის მაჩვენებლებს.

პირველადი ინვესტიციის მოცულობის გარდა არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არ მიისწრაფის ქართული კაპიტალი დიდი ენთუზიაზმით ამ სფეროსაკენ, ეს არის შიში ღორის ინფექციური დაავადებისადმი, რომელიც ხალხში „აფრიკული ჭირის“ სახელით არის ცნობილი. თუმცა არსებობს ამ საშიშროებასთან გამკლავების მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკა, რომელიც სრულიადაც არ გულისხმობს დაავადებასთან მხოლოდ პრეპარატებით ბრძოლას. დღეს, მოწინავე ქვეყნების გამოცდილებით დადასტურებულია, რომ ამ დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება ფერმის ტექნოლოგიური გამართულობაა – რაც უფრო მაღალიტექნოლოგიური და ხარისხიანი აღჭურვილობით არის გამართული საწარმო, მით ნაკლებია დაავადების გავრცელების საფრთხე. ასეთ ვითარებაში ამიტომაც არის დაუშვებელი კაპიტალდაბანდების დაზოგვა ტექნოლოგიური და ტექნიკურ აღჭურვილობის ხარჯზე .

მაინც რა მიზეზებითაა განპირობებული ინვესტიციების ასეთი სიძვირე?

პირველი მიზეზი, რომელიც არ იძლევა პირველადი ინვესტიციის შემცირების საშუალებას – არის ფერმის წარმადობა, რომელსაც ვერ დაგეგმავთ თქვენი სურვილის თანახმად. საქმე ის არის, რომ სამრეწველო მიმართულების მეღორეობის პრაქტიკაში წინასწარ დადგენილია  ნეზვების ის მინიმალური რაოდენობა,[1] რომლის ქვემოთ ეკონომიკურად გაუმართლებელია რენტაბელური ფერმის ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, კანონით არ არის შეზღუდული ღორის სულადობის არჩევანი, მაგრამ თუ ამ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებთ, მაშინ მარტო მოგიწევთ იმ გამოწვევებათან გამკლავება, რომელიც ასეთ არჩევანით შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს მინიმალური რაოდენობა, მოწინავე ქვეყნების პრაქტიკის თანახმად, 400-450 სულს შორის მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ წამყვანი კომპანიების მიერ გამოშვებული ფერმის სრული ტექნიკური აღჭურველობის ღირებულებას ერთ სულ ნეზვზე, რომელიც 1200-დან 1600 ევრომდე მერყეობს, მხოლოდ აღჭურვილობის ღირებულება უკვე ნახევარ მილიონ ევროს გადააჭარბებს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ 20 ნეზვი საშუალოდ წელიწადში 360 სულ ღორს იძლევა, რაც 400მ2  საცხოვრებელ ფართის აშენებას მოითხოვს, ხოლო ყოველ 100 ნეზვზე საშუალოდ 1000მ2 ფართობია საჭირო. აქ მხოლოდ ერთი კომპრომისის დაშვება არის შესაძლებელი – თუ ფერმას რამდენიმე ეტაპად ჩამოაყალიბებთ, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პირველადი ინვესტიციების სიმძიმეს.

მეორე მიზეზი, რომელიც ასევე მოითხოვს პირველადი დანახარჯების გაზრდას, საკვების  საკუთარი წარმოება, ანუ რეკომენდებულია ფერმას გააჩნდეს საკუთარი კომბინირებული საკვების მინი ქარხანა, რადგან ფერმერი დღეს თვითონ უნდა აკონტროლებდეს საკვების ხარისხს. ამ რეკომენდაციიდან გამომდინარეობს შემდეგი რეკომენდაცია, რომელიც არის პირველად დანახარჯების დამძიმების მესამე მიზეზი, რაც გულისხმობს ძირითადი საკვები კულტურების მოყვანას ფერმერის მიერ. საკვების ხარისხის გაკონტროლის გარდა, იგი საშუალებას აძლევს ფერმერს მნიშვნელოვნად გაზარდოს მარცვლეულის საჰექტარო მოსავლიანოიბა ფერმიდან მიღებული ძვირფასი ორგანული სასუქის საფუძველზე და შეამციროს საკვებდანახარჯები.

მეოთხე მიზეზი, რომელიც ასევე ამძიმებს პირველად ინვესტიციას – არის სასაკლაო, რომელიც რეკომენდებულია ფერმას საკუთარი გააჩნდეს. არამარტო იმიტომ, რომ ცოცხალ და დაკლულ ხორცების ფასთა სხვაობაა დიდი, არამედ იმიტომაც, რომ საკუთარი სასაკლაოს პირობებში ფაქტიურად, სარეალიზაციო ხორცის დანაკარგი არ არსებობს.

და ბოლო მიზეზი თუ რატომ არ მიისწრაფის ადგილობრივი კაპიტალი ისეთი დეფიციტური სფეროს დასაფინანსებლად, როგორიცაა ღორის ხორცის სამრეწველო წარმოება, გახლავთ დარგის სპეციალისტების ნაკლებობა _ პირველ რიგში თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი პრაქტიკოსი სპეციალისტების ნაკლებობა. ყველაზე პატარა ფერმასაც კი სულ მცირე 1 ზოოტექნიკოსი, 1 ვეტერინარი და 3 მეღორე მაინც სჭირდება, რომ არაფერი ვთქვათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მმართველ კადრებზე.

ამ მიზეზების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ არცერთ მათგანს არ აქვს პრიორიტეტული ხასიათი, ისინი ყველანი დიალექტიკურ კავშირში არიან ერთმანეთთან, ამიტომ, ინვესტირების შემთხვევაში, რომელიმე მათგანის უარყოფა დიდი ალბათობით ზრდის  სავარაუდო რისკების მაჩვენებლებს.

მეორე მხრივ, ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინების შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფაქტობრივად უნარჩენო წარმოებასთან, რომელიც ჰარმონიაში მწვანე ეკონომიკის პრინციპებთან და ნესმიერი სახის ბიზნეს საქმიანობისათვის სასურველ მიზანს წარმოადგენს.

ეს გამოწვევები, რომელიც ღორის ხორცის სამრეწველო წარმოების მიკრო დონეზე ძალიან სახიფათოდ გამოიყურება, მიმზიდველად ჩანს მაკრო დონეზე, რადგან თუ მართლა მოხდება დარგის განვითარებას უნარჩენო წარმოების სახით, ეს ძალიან ძლიერ სტიმულს მისცემს ქართული აგროსექტორის ისეთ ჩამორჩენილი დარგის განვითარებას, როგორიცაა საფურაჟე მარცვლის წარმოება. თუ გავითვალისწინებთ , რომ ღორის ხორცზე შიდა ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, სულ მცირე, მინიმუმ ორასი 400 სულ ნეზვზე გათვლილი ფერმა სჭირდება, თითოეულ ფერმას კი საშუალოდ 400 ტონა _ მარცვლეული, ბაზარზე გაჩნდება მოთხოვნა 80 ათას ტონა მარცვალზე, რომელსაც შეუძლია იმდენი ხორცი აწარმოოს, რომ ღორის ხორცზე ქვეყნის მოთხოვნა მთლიანად დააკმაყოფილოს.

თუმცა, აქ ღორის ხორცზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე უფრო მთავარი ის ბიძგია, რომელიც შეიძლება ქვეყნის აგრარულმა სექტორმა მიიღოს მთვლემარე მდგომარეობიდან გამოსაყვანად, რადგან, ამგვარი ინტერვენციის დროს ეკონომიკის სხვავადსხვა დარგებს შორის სექტორთა შორის ინტერესთა გადაკვეთი მაჩვენებელი ძალიან დიდია. ასეთივე ბიძგის როლი შეიძლება შეასრულოს აგრეთვე კოოპერაციული მოძრაობის წასახალისებლად და ასევე, მიწების კონსოლიდაციის საქმეში.

ასეთი ეფექტის ფონზე შეიძლება არცთუ ძვირად მოგვეჩვენოს ასეთი ინტერვენციის ღირებულება, რომელიც დაახლოებით ასი მილიონი დოლარია, თუ ერთი 400 სულ ნეზვზე გათვლილი ფერმის საინვესტიციო ღირებულება ნახევარი მილიონი დოლარია, მითუმეტეს თუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მიერ ევროკავშირიდან მხოლოდ ენპარდის პროგრამით მიღებული დახმარება 100 მილიონ ევროზე მეტი იყო.

გოჩა გუნავა,

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების

პროექტების მონიტორი

[1] თანამედროვე მეღორეობის ფერმების დაპროექტება ხდება არა ღორის საერთო სულადობის მიხედვით, არამედ დედაღორების რაოდენობის მიხედვით.