თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia-2018 გაიხსნა

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia-2018 დღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მოვალეობის შემსრულებელი მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა კომპანია „Expo Georgia”-ს, რომელიც უკვე მე-11 წელია ორგანიზებას უკეთებს აღნიშნულ გამოფენას.
„დღევანდელი გამოფენა დიდ შესაძლებლობას აძლევს ქართული ღვინით დაინტერესებულ მოხმარებელს საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების დასაგემოვნებლად. ამასთან, მეწარმეებისთვის WinExpo არის შესანიშნავი შესაძლებლობა გაეცნონ საქართველოსა და მთელი მსოფლიოს ღვინის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და სიახლეებს, იმ ისტორიულ-ტრადიციულ ღირებულებებს, რომელიც ქართულ ღვინოს გააჩნია“ – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
გამოფენის მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი მიესალმა.
„ჩვენ ვიქნებით ყველა იმ ღონისძიების მხარდამჭერი, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს გამოფენა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის. კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები, სპეციალისტები და ღვინის ჟურნალისტები. მათი შეფასებები და აღიარება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე“ – აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.
გამოფენა სამი დღე გრძელდება და მასში 12 ქვეყნის 150-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრია, აშშ, გერმანია, უნგრეთი, უკრაინა, სომხეთი და რუსეთი.
WinExpo Georgia რეგიონში სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე და მათი წარმოებისთვის საჭირო მასალებსა და მომსახურეობებზე.
გამოფენის ფარგლებში ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა. საერთაშორისო ჟიურის წევრებმა „ტროფის“, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოები რამდენიმე კატეგოორიაში გამოავლინეს. კონკურსზე 60 კომპანიის 250-მდე ნიმუში იყო წარდგენილი. ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი დიდი ბრიტანეთიდან  ტიმ ატკინი გახლავთ. გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოება  გამოფენის გახსნის დღეს – 14 ივნისს გალა ვახშამზე გაიმართება.
გამოფენა ტრადიციულად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.
გამოფენის ფარგლებში იმართება ასევე თემატური ღონისძიებები: „ღვინის მომავალი“ – უძღვება ტიმ ატკინი, 10 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე;  ჩინეთის ბაზარზე შეღწევის გზები – ფუნიე ვოლკერი,  ღვინის მე – 10 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი; ქართული ღვინის გზამკვლევი 2018 – ღვინის მწერალი მალხაზ ხარბედია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *