თხილის ბუჩქის (ვარჯი) სხვლა-ფორმირება

  საქართველოში თხილის პირველადი მწარმოებლები ძირითადად წვრილი მეურნეები და მცირე საოჯახო მეურნეობები არიან, რომელთა ფართობი 0.2-1.5 ჰა და  ოდნავ მეტია. თხილის ბაღები  ხშირად გაშენებულია ქაოსურად, უსტანდარტოდ. ბაღებს უმეტეს შემთხვევაში არ უტარდება მცენარის ზრდა – განვითარებისა და მოვლა-მოყვანისათვის საჭირო აუცილებელი აგრო-ღონისძიებები, თხილის ბაღების უმეტეს ნაწილში ფაქტიურად უგულვებელყოფილია თხილის მცენარის სხვლა-ფორმირება. განსაკუთრებით თვალში საცემია ბუჩქში (ვარჯი)  დედა-ტოტების სიხშირე, არ არის დაცული მათი რაოდენობა და სხვა.

თხილის ბაღებში, დედა-ტოტების რაოდენობის გაზრდით შეზღუდულია ბუჩქის (ვარჯი) შიგნით აერაციის, განათების, ტენის და კვების რეჟიმი, ასეთ პირობებში  ჩრდილში მოქცეულ ტოტებს შეზღუდული აქვს წყლის და, შესაბამისად, საკვები ნივთიერებების შეთვისების შესაძლებლობა, მცირდება დედა-ტოტებზე გვერდითი ახალი ნაზარდების განტოტვის ინტენსივობა, მცენარე იზრდება სიმაღლეში, ჩქარდება ვარჯის შუა ნაწილის გაშიშვლების პროცესი, რაც მცენარის ადრეული ასაკში  ნაკლებად ვლინდება, ხოლო შემდგომ პერიოდში კი უფრო ინტენსიური ხდება. ასეთ ბაღებში მოსავლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელი მკვეთრად ეცემა, ბუჩქი (ვარჯი) კნინდება  და ხშირ შემთხვევაში ხმება.

ასეთი ბაღების პროდუქტიულობის აღდგენა, მოსავლიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება და  სტაბილურად შენარჩუნება სრულად შესაძლებელია თხილის ბაღებში  სხვლა-ფორმირების ჩატარებით.

თხილის კულტურის მოვლის ტექნოლოგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ფაქტორია სამრეწველო ნარგაობისათვის მცენარის სხვლა-ფორმირების რაციონალური განხორციელება, მცენარის ასაკისა და განვითარების შესაბამისად ტექნოლოგიური პროცესის რეგულირება. ნაზარდის წარმოქმნის სტრუქტურა დამოკიდებულია ბუჩქის ფორმირების წესებზე. დედა ტოტების რაოდენობის შემცირებით იზრდება ნაზარდის განტოტვის ინტენსივობა.

დარგის სპეციალისტები სოფლის მოსახლეობას, მეთხილე მეურნეებს, დაინტერესებულ პირებს, მცენარის ბიოლოგიური თავისებურებებიდან, ადგილ-მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, ასევე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე –  ვთავაზობთ თხილის ბუჩქის სხვლა-ფორმირების წესებს და მეთოდებს:

ბუჩქის(ვარჯი)სხვლა – ფორმირება

გულდასმით  ვათვალიერებთ ბუჩქს (ვარჯს), ვაცილებთ ამონაყრებს, გადაბერებულ, გამხმარ, დაზიანებულ, დაკნინებულ და დაავადებულ ნაწილებს. ბუჩქის(ვარჯი) შიგნით შუაში, ნიადაგის ზედაპირიდან 5 სმ-ზე ვჭრით ტოტებს, სინათლის და აერაციის შეღწევადობის გაუმჯობესების მიზნით.  პერიფერიებისკენ ვტოვებთ ჯანსაღ და ახალგაზრდა დედა-ტოტებს. აუცილებელია მეტ-ნაკლებობით დავიცვათ ბუჩქის შუა თავისუფალი სივრცე და დედა-ტოტებს შორის მანძილი. სიმაღლეში შეზღუდვის მიზნით ზრდის წერტილს ვაჭრით ვამოკლებთ. სასურველია ბუჩქის(ვარჯი)სიმაღლე იყოს 3-3.5 მ

სხვლა-ფორმირება შესაძლებელია მოვახდინოთ თანდათანობით ეტაპობრივად, რომელიც გვაძლევს საშუალებას გასხვლის შედეგად პირველ წელს მივიღოთ რაც შეიძლება მოსავლის ნაკლები დანაკარგი. სხვლა-ფორმირება ტარდება სამ ეტაპად: პირველი წელი- ვაცილებთ გადაბერებულ, გამხმარ, დაზიანებულ, დაკნინებულ და დაავადებულ ტოტებს. მეორე წელი- ვაშორებთ ბუჩქის  შიგნით არსებულ და ერთმანეთთან შეხებაში მყოფ და გადახლართულ ტოტებს. მესამე წელი- ბუჩქში(ვარჯი) ვტოვებთ მხოლოდ დედა-ტოტების განსაზღვრულ რაოდენობას.

მოსავლის გასაზრდელად და ხარისხის გასაუმჯობესებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თხილის სამრეწველო ბაღში დედა-ტოტების ოპტიმალურ  რაოდენობას.

ნორმალური განათების, აერაციის, ტენის და კვების პირობებში   დასავლეთ რეგიონებში ენდემური ჯიშების ბუჩქში(ვარჯი) დედა-ტოტების დასაშვები რაოდენობა

 

ბუჩქის (ვარჯი)კვების არე დედა-ტოტების რაოდენობა
4X3                                                                     

2-3

4X4                                                                       3-4
4X5 4-5
5X5 5-6
6X5 6
6X6 6-7

მრავალწლოვანი ტოტი უნდა გადაიჭრას ფესვის ყელთან ახლოს, სუსტი დაავადებული და მექანიკურად დაზიანებული ტოტი კი ძირითადად განტოტვის ადგილას.

რეკომენდებულია სხვლა-ფორმირების შემდეგ, გადანაჭერის ბაღის საღებავით ან მალამოთი დამუშავება, მცენარე მთლიანად ფუნგიციდით მუშავდება.

სხვლა-ფორმირების ჩატარების საუკეთესო პერიოდია  ნოემბერი-იანვარი, როდესაც    თხილი ნაწილობრივი მოსვენების პერიოდში იმყოფება

ამგვარი ქმედებებით:

  • ვარეგულირებთ მცენარის ზრდა-განვითარების პროცესს;
  • ფორმირებულ ბუჩქში (ვარჯში) რეპროდუქციული ორგანოების ნორმალური განვითარების პირობები განაპირობებს მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდას;
  • ვზრდით დედა-ტოტების სიცოცხლისუნარიანობას, რეგულარულად ვიღებთ სტაბილურ მოსავალს;
  • აგრო-ტექნიკური ღონისძიებების გატარებისათვის გვექმნება ხელსაყრელი პირობები;
  • გვიადვილდება მოსავლის აღების დროს, ფერთხვის შედეგად ბუჩქის შიგნით ჩაცვენილი თხილის მოგროვება;
  • გვექნება დაავადებების და მავნებლების გავრცელების ნაკლები ალბათობა.

 

თამაზ ხასაია,

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

_  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *