რეგიონებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

თუთის ტყლაპი მესხეთიდან

ნიჯგორში, ივლისის თვე, თუთის დარხევის პერიოდია. თუთა წინა დღით ირხევა და მოსახარშად მზადდება.

,,თუთის მწიფობა ამინდზეა დამოკიდებული, იწყება ივნისის ბოლოს, ივლისი… თუ ბევრია ასხია, აგვისტომდეც გასტანს ხოლმე. წელს, თუთის მოსავალი ბევრი გვქონდა, მაგრამ წვიმამ და სეტყვამ გაგვიფუჭა“ – ამბობს ხათუნა ლონდარიძე.

 ტყლაპის მომზადება გამთენიისას იწყება, მოხარშული თუთის წვენს ფქვილი ერევა და ფაფა მზადდება.

,,ყველაფერი კეთდება უშაქროდ, ნატურალურად.

წვენს ვადუღებთ, რომ დატკბეს.

ქალის ოსტატობაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად მოურევს და მოეკიდება ფქვილს. ფაფა უნდა იყოს ატლასივით თხელი და რბილი“ – განმარტავს ხათუნა.

ცხელი ფაფა სქელი ჩითის ნაჭერზე ანუ ,,ამერიკაზე“ ისხმება და მზეზე შრება. კარგი ამინდის დროს ტყლაპს მეორე დღესვე აძრობენ.

,,ვასველებთ ნაჭერს და შემდეგ ვაძრობთ. არის გემრიელი საჭმელი. სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისათვის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლისათვის, როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ. არ არსებობს ადამიანი სარო-ნიჯგორში, რომ არ აკეთებდეს ტყლაპს“ – ამბობს ზოია ლონდარიძე.

 

უბნის ქალები თუთისა და ტყლაპის სასარგებლო თვისებებზე ლაპარაკობენ. სოფლის მოსახლეობამ ტყლაპი, ბაქმაზი და არაყი- მესხეთის სავიზიტო ბარათად აქცია.

,,თუთის არაყი თავის ტკივილისა და გულისთვის კარგია, საქეიფო არ არის, მხოლოდ წამალია. წნევისთვისაც კარგია, დღეში 100 გრ დილიდან, უზმოზე. ბაქმაზი უკეთესია – გულისთვის, საჭმელად, კუჭ-ნაწლავისთვისა და შაქრიანი დიაბეტისთვისაც კი“ – გვიყვება თინიკო ლონდარიძე.

ასპინძის სოფლებში თუთა და მისი ნაწარმი მოსახლეობის შემოსავლის წყაროა. 

წყარო: tv9news.ge