ტრიტიკალე

ტრიტიკალე ახალი მარცვლეული კულტურაა. გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობის პოტენციალით. ცილებისა და შეუცვლელი ამინომჟავეების გაზრდილი შემცველობით, რაც განაპირობებს ამ კულტურის ფართო პერსპექტივას, როგორც სასურსათოდ, ისე საკვებად გამოყენებისათვის.

ტრიტიკალე გამოირჩევა მაღალი იმუნურობით და ექსტრემალური პირობებისადმი კარგი ამტანობით. მისი მარცვალი 1-1,5% მეტ ცილებს შეიცავს ხორბლის მარცვალთან შედარებით. მისგან გამომცხვარი პურის მოცულობა უფრო დაბალი და ნაკლებ ფორიანია, რაც ამ კულტურის წებოგვარას დაბალ ხარისხზე მიუთითებს. კარგი ხარისხის პური მიიღება როცა 70-80% ხორბლის ფქვილში 20-30% ტრიტიკალეს ფქვილია შერეული.

ტრიტიკალეს ნამჯა გამოიყენება ცხოველთა საკვებად, საფენად და სხვა. ტრიტიკალეს საკვები მიმართულების ჯიშები კარგ სასილოსე და მწვანე მასას იძლევიან.

ტრიტიკალე ახალი ბოტანიკური გვარია, რომელიც შექმნა ადამიანმა სელექციით ხორბლისა და ჭვავის შეჯვარებით და სახელწოდებაც ტრიტიკალე –პირველი ნაწილი წარმოადგენს tritikum (ხორბალი) და მეორე ნაწილი შეკალე (ჭვავის) სახელწოდებების სინთეზს. გენეტიკურად ის ამფიდიპლოიდურია.

ოპტიმალური აგროტექნოლოგიების დაცვით შესაძლებელია მიღებულ იქნას მისი მარცვლი – 40-50ც/ჰა და მწვანე მასა – 100-600 ც/ჰა, რაც მაღალი მოსავლიანობა.

ტრიტიკალეს თესლის გაღივება 2°C-სითბოზე იწყება. ოპტიმალური ტემპერატურაა 20°C, ხოლო მაქსიმალური 35°C. თესვიდან 5-7 დღის შემდეგ იწყება აღმოცენება; 18-20°C-ზე ძირითადი მასა ბარტყობს, შემოდგომაზე ნაბარტყის რაოდენობა საშუალოდ 3-6. სავეგეტაციო პერიოდი 250-325 დღეა. ტენის მიმართ განსაკუთრებულ მოთხოვნილებას არ ავლენს, მისთვის საკმარისია ნიადაგის ზღვრული ტენტევადობის 65-75%, მოითხოვს ნიადაგის ნეიტრალურ (Ph-5,5-7,0) არეს.

ტრიტიკალე წინამორბედისადმი ნაკლებ მომთხოვნია, თუმცა მისთვის კარგი წინამორბედია  შავი ანეული, პარკოსანი და სათოხნი კულტურებისგან გათავისუფლებული ნაკვეთები.

ტრიტიკალეს 1ც მარცვლისა და შესაბამისი ბიომასის მოსავლისას ნიადაგიდან გამოაქვს  4-5კგ აზოტი, 1,3-1,6კგ ფოსფორი და 3,6-4კგ კალიუმი. სავარაუდოდ განოყიერებისათვის საჭიროა: N-45-60 კგ/ჰა, P-60-65 კგ/ჰა, K-45-60კგ/ჰა მ.ნ. ნიადაგის მომზადება დამოკიდებულია წინამორბედზე, დასარევლიანების ხარისხზე და მოყვანის ზონაზე.

ტრიტიკალეს თესვის ვადა ისეთივეა, როგორიცაა საშემოდგომო ხორბლის ოპტიმალური ვადა.

სათესი ნორმა მერყეობს 3,5-დან 7,5 მილიონ აღმოცენებისუნარიანი თესლი ჰა-ზე. ჩათესვის სიღრმე 6-8 სმ.

ნათესის მოვლა. იგივე ღონისძიებებია რეკომენდებული როგორც საშემოდგომო ხორბლის  ნათესებისათვის. ტრიტიკალეს მარცვალი თავთავის კილებში მჭიდროდ არის ჩამჯდარი, ამიტომ  არ ახასიათებს ცვენადობა და მისი აღება ხდება სრული მომწიფების ერთ ფაზაში.

„სოფლის მეურნეობის საფუძვლები“

ზაირა ტყებუჩავა,

გივი ცაგურიშვილი,

ცოტნე სამადაშვილი,

ჯემალ შენგელია,

ბუხუტი აბაშიძე,

ელენე მაღლაკელიძე,

ნუნუ ჩხაიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *