აგროსიახლეებიმეფრინველეობარუბრიკები

წიწილების გამოზრდა და კვება

სასოფლო-სამეურნეო ფრინველის კვება მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ეყრდნობა სამეცნიერო კვლევებსა და გამოცდილებებს. წიწილების შენახვისა და გამოზრდის აუცილებელ პირობად ითვლება საფრინველის თბილად და სუფთად მოწყობა. ტემპერატურა უნდა იყოს +20 გრადუსი და მეტი. საფრინველეს გარეთ შემოღობილი უნდა ჰქონდეს სასეირნო მოედანი ღრმა ქვეშსაფენით.

ქათმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მისი აქტიური მოძრაობა. ქათამს (ინდაურს) საკვები არ უნდა მოაკლდეს. ძლიერი სიცივის დროს საბუდარი უნდა დავათბუნოთ სათბურით („გრელკა“). მასში ჩავასხამთ ცხელ წყალს და ორ ფენად შემოვახვევთ შალის ნაჭერს. პერიოდულად გამოვცვლით წყალს. დათბურების ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ მაშინაც, როცა წიწილები უკრუხოდ დარჩებიან.

შინაურ პირობებში წიწილების კვება

პირველი ორი დღე წიწილები აუცილებელია ვკვებოთ მაგრად მოხარშული, წვრილად დაჭრილი კვერცხით, რომელსაც მოვაბნევთ სუფთა ქაღალდის ფურცელზე. ორ დღეში ყოველ 10 წიწილზე გვჭირდება 1-2 ცალი კვერცხი. საკვების მიღების დროს ყუთის კუთხეში რეკომენდებულია იდგეს მძიმე მინის ან ფაიფურის ქილით სუფთა დასალევი წყალი. წიწილები უნდა გამოვკვებოთ დღე-ღამეში 5-6-ჯერ, დროის თანაბარ მონაკვეთში. ჭამის შემდეგ წიწილების ყუთი უნდა გადავხუროთ თხელი ქსოვილით, რათა მათ ნაკლები იმოძრაონ.

მესამე დღიდან რაციონში შეგვაქვს: ფეტვი, ხაჭო (ახალი), წვრილად გახეხილ სტაფილოსთან შეზელილი ჭინჭარი.

მეხუთე დღიდან მოხარშული და გახეხილი კარტოფილი, რომლის ჭამასაც იწყებენ სპეციალურ საკვებურში (სიგრძე – 50 სმ, სიგანე – 6 სმ, სიმაღლე – 3 სმ.). საკვებურს შუაში შეიძლება გავუკეთოთ სახელური ისე, რომ ფრინველი მათ შორის არ ჩავარდეს.

მეათე დღიდან წიწილების საკვებში შეგვაქვს სველი ნარევი მოხარშული დაქუცმაცებული სიმინდის, ხაჭოს, წვრილად დაჭრილი ჭინჭრის, იონჯის, გახეხილი სტაფილოს, მოხარშული გახეხილი კარტოფილის, უმარილო თევზის ნარჩენები (ხორცის საკეპ მანქანაში გატარებული) სახით. ყველა ეს ნაერთი იყოფა ტოლ ნაწილად.

მეორე თვიდან ოთხ თვემდე ასაკის წიწილებისათვის აუცილებელია შემდეგი შემადგენლობის საკვები:

  1. ფრინველის გაცრილი კომბინირებული საკვები 30%
  2. მწვანე საკვები (წვრილად დაჭრილი), გახეხილი სტაფილო 20%
  3. გასრესილი კარტოფილი 30%
  4. კვერცხის ნაჭუჭი, დაფქვილი ძვალი 2%
  5. სამზარეულოს ნარჩენები 18%

თუ ზემოთ ჩამოთვლილი სრულფასოვანი კვება, წიწილების სანიტარულ-ჰიგიენური შენახვა უზრუნველყოფილი იქნება, მოზარდი კარგად განვითარდება.

თუ ფრინველის წიწილების გაზრდა დიდი რაოდენობით გვინდა, გამოვიყენებთ ღრმა საფენს, რომელიც კეთდება შემდეგნაირად: თუ თიხის იატაკია, იტკეპნება და ზემოდან ეყრება ფხვიერი ჩამქრალი კირი 1კვ.მ-ზე 0,5 კგ. საფენს დებენ 4-6 სმ სისქეზე. ყოველ 10-12 დღეში ამ ფენას უმატებენ 2-3 სმ სისქის საფენს ისე, რომ საბოლოოდ ღრმა საფენის სისქე 16-20 სმ იყოს. გაანგარიშებულია, რომ 3 თვის ასაკამდე თითო ფრთა ფრინველს სჭირდება 8-8,5 კგ საფენი. საფენი იცვლება ახალი წყების წიწილების მოთავსების წინ. ე.ი. ყოველ 2-3 თვეში.

ღრმა საფენზე გამოზრდის დროს 1კვ.მ-ზე წიწილების დატვირთვა 10-15 წიწილას შეადგენს.

კვერცხმდებელი ქათამი

ქათამი, წონის მიუხედავად, გადაამუშავებს კოლოსალური რაოდენობით საკვებს.

მაღალპროდუქტიული ქათამი სრულფასოვანი კვებისას საშუალოდ წელიწადში 300-330 კვერცხს დებს. ეს დაახლოებით 12-17 კგ მაღალი საკვები ღირებულების პროდუქტია და შეუცვლელი ცილაა, რომელიც ადამიანს სჭირდება.

მაღალი ხარისხისაა ასევე ქათმის ხორცი – გემრიელია და კარგი კვებითი ღირებულება აქვს ქათმის „ბულიონს“, ამიტომაც არის, რომ ექიმები სუსტ ავადმყოფებს, ასევე, ოპერაციის შემდეგ ადამიანს უნიშნავენ ქათმის ბულიონს.

ადგილობრივი ქათმები, ძირითადად მეხორცულ-მეკვერცხული მიმართულების არის.

შენობა, სადაც კვერცხმდებელ ქათამს ვინახავთ, უნდა იყოს ნათელი და თბილი, ზაფხულის პერიოდში კი განიავებული. შენობის ოპტიმალური ტემპერატურაა +16, +18 გრადუსი.

ბუნებრივი განათების კოეფიციენტი შენობაში -1:10, ე.ი ყოველ 10 მეტრში (თუ მცირე ზომის ფერმაა) უნდა იყოს. 1კვ.მ ფანჯარა განათებისათვის. ზამთრის პერიოდში წარმატებით გამოიყენება დამატებითი ელექტროგანათება.

1 ფრთა ქათამს სჭირდება: შენობაში – 0,2კვ.მ, სასეირნო ეზოში 5კვ.მ ფართობი.

უკეთესია, შენობის იატაკი იყოს ხის. ის უფრო თბილი და მოხერხებულია. თუ შენობა თბილია, შეგვიძლია გამოვიყენოთ მავთულის ბადე, რაც უზრუნველყოფს კარგ სანიტარულ მდგომარეობას და ნაკლებად მოსალოდნელია ქათმების დაინვაზირება. ნაკელი, რომელიც გროვდება ბადის ქვეშ, ზამთრის პერიოდში ითვლება დამატებითი სითბოს წყაროდ.

ერთი ფრთა ფრინველის გამოსავლიანობა წელიწადში 40კგ-ს შეადგენს. 25 ქათამი გვაძლევს 1 ტონა ნაკელს, ნაკელი კი კარგ ორგანულ სასუქად ითვლება.

როდესაც ხის იატაკს ნაკელისგან გავწმენდთ, მათზე შეიძლება დავყაროთ ქლორიანი კირი, ზევიდან კი მშრალი ნახერხი. ეს უზრუნველყოფს შენობის დეზინფექციას და არ წარმოადგენს საშიშროებას ფრინველისთვის.

კარგი იქნება, თუ შენობაში დავდგამთ ყუთს, სადაც მოვათავსებთ ნახევარ ნაცარს და ნახევარ – სილას. ყუთის მონაცემები უნდა იყოს: 1კვ.მ ფართობის, სიღრმე – 20 სმ. ნაცრის ვანის საშუალებით ფრინველი თავისუფლდება ექტოპარაზიტებისგან (ბუმბულის მჭამელები და სხვა).

ბუდე შენობაში ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი განლაგდნენ 2-3 იარუსად, როგორც წესი, ჩაბნელებულ ადგილში, ფანჯრიდან მოშორებით. ბუდის კონსტრუქცია მარტივია – ერთი ბუდე გათვლილია 5 ფრინველისთვის.

კვება

კვერცხმდებელი ქათმისთვის საუკეთესო საკვებად ითვლება ფრინველის კომბინირებული საკვები, რომელიც სტანდარტს შეესაბამება, მაგრამ გლეხურ მეურნეობაში 25-50 ფრთაზე ყოველთვის არ არის ფრინველის სპეციალური კომბინირებული საკვების შეძენის საშუალება. ამ შემთხვევაში მის შემცვლელად შეიძლება გამოვიყენოთ მარცვლოვნების საშუალო ნაფქვავის (ღერღილი) ნარევი, სადაც აუცილებლად უნდა შევიდეს შემდეგი სახის კომპონენტები:

სიმინდი – 35%, ხორბალი – 20%, ქერი – 20%, ბარდა – 10%, მზესუმზირის კოპტონი – 8%, ხორბლის ქატო – 7%.

რატომ არის საკვები ასეთი შემადგენლობის?

ყველა მარცვლეული კულტურიდან განსაკუთრებულად გამოირჩევა სიმინდი. მისი კვებითი ერთეულია 1,34, კაროტინი – 4გრ, სასიცოცხლო მიკროელემენტებიდან შედის: რკინა, მარგანეცი, სპილენძი, თუთია, იოდი.

ბარდა მაღალცილოვანი საკვებია. ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალცს (1,7გრ), ფოსფორს (4,2გრ), ფაქტობრივად, ყველა მიკროელემენტს.

მზესუმზირის კოპტონი, ხორბლის ქატო, ძვალხორცოვანი ფქვილი, ასევე, მდიდარია ცილით, კალცით, ფოსფორითა და ყველა მიკროელემენტით.

რაც შეეხება ხორბალსა და ქერს, რაციონში დიდ რაოდენობას იკავებენ, ამიტომ აუცილებლად მოითხოვება მათში შევიდეს ზემოთხსენებული კომპონენტები.

საღამოს სასურველია გამოვიყენოთ მარცვლეულის ნარევი, კერძოდ, ფეტვი და შვრია. ქათამი ძალიან კარგად ჭამს წვრილ მარცვალს. ორივე ზემოთ ნახსენები კულტურა ასევე მდიდარი არის ცილებით, კალცით, ფოსფორითა და ყველა მიკროელემენტით, რაც აუცილებელია მაგარი ნაჭუჭისთვის.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რაციონის ვიტამინებით უზრუნველყოფას. ზაფხულის პერიოდში აუცილებელია გამოვიყენოთ მწვანე საკვები (ჭინჭარი, იონჯა), ზამთარში – სტაფილო, საკვები კომბოსტო, გოგრა. ეს ყველაფერი ფრინველს წვრილად დაჭრილი და ახლადმომზადებული უნდა მივაწოდოთ.

თუ ზამთარში ვერ შევძლებთ ვიტამინიანი საკვების დამატებას, მაშინ აუცილებელია რაციონში შევიტანოთ ვიტამინ-ამინომჟავები (კარგად არის დაბალანსებული პრეპარატები: ჩიკტონიკი, განამინოვიტი, ad3E ვიტამინი.)

ქათამს არ აქვს კბილები და იმისთვის, რომ წარმატებით გადაამუშაოს საკვები, განსაკუთრებით მარცვლოვანი, საკვების მოსასრესად აუცილებელია კუნთოვან კუჭში ქათამს ჰქონდეს ცოტა ქვიშა, სილა, ნიჟარა. ამისთვის ქათმებს დავუდგამთ ქვიშით, სილით და ნიჟარებით გავსებულ ყუთს. შეიძლება დავამატოთ დაფხვნილი ცარცი (1 ფრთაზე 3-4 გრ დღე-ღამეში).

საკარმიდამო მეურნეობაში ქათამი შეიძლება ვკვებოთ 3-ჯერ დღეში:

დილით – კომბინირებული საკვები ან მსხვილად დაფქვილი მარცვალი

შუადღით – წვნიანი საკვები და ვიტამინები

საღამოს – მარცვლოვანი ნარევი (ფეტვი, შვრია)

დღეღამური კონცენტრირებული საკვების ხარჯია 100-120 გრ ერთ ფრთაზე. წყლის ხარჯი 170-200ლ. წყალი უნდა მივაწოდოთ ისეთი ჭურჭლით, რომ წყალი ნაკელით არ დაბინძურდეს.

ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები კვერცხმდებელი ქათმებისთვის უზრუნველყოფს ქათმის პროდუქტიულობას და მცირე ხარჯებს.

ძირითადად საკარმიდამო მეფრინველეობაში მოშენებულია მეხორცულ-მეკვერცხული ქათმები. როდესაც ქათამს ხორცის წარმოების მიზნით ვზრდით, კვების ნორმები იზრდება 25-30%-ით. ასევე, ფრინველები მჭიდროდ უნდა მოვათავსოთ, რათა მოძრაობის შეზღუდვის გზით მაქსიმალური ნამატი მივიღოთ. თუ საკვებში არ უმატებთ მინერალურ ნივთიერებებს, მაშინ ფრინველი ეზოში დაახლოებით 2 საათი უნდა გავუშვათ.

ნებისმიერ ფრინველს კარგად ასუქებს ჭინჭრისა და მოხარშული სიმინდის ნარევი (ახალი სახით).

დაიმახსოვრეთ:

  1. ქათმის კვერცხმდებლობა მცირდება თუ ტემპერატურა 28 გრადუსზე მეტია, ან 10-12 გრადუსზე ნაკლებია.
  2. კვერცხის დებისათვის ქათამს დღის სინათლე 11-14 საათი უნდა ჰქონდეს.
  3. ბუმბულის ცვენის პერიოდში ქათამი კვერცხის დებას წყვეტს.
  4. ბუმბულის ცვენა რომ არ გაგრძელდეს. ფრინველს ვიტამინიანი საკვებით ინტენსიური კვება სჭირდება. შეიძლება დამატებით მივცეთ ბუმბულის ფქვილი.
  5. ქათმებისათვის აუცილებელია სუფთა ჰაერი და წყალი.
  6. ქარიანი ამინდი ქვერცხმდებლობას ამცირებს.
  7. არ შეიძლება კვების რეჟიმის და საკვების უეცარი შეცვლა ან უცხო საკვები.
  8. ყურადღება უნდა მივაქციოთ ფრინველის დაავადებებს და პარაზიტებს.
  9. საკვებში არ უნდა იყოს კალციუმის და ფოსფორის ნაკლებობა.
  10. ზედმეტად მსუქანი ან სუსტი ქათამი კვერცხდებას წყვეტს.
  11. 2 წელზე მეტი ხნის ქათმის შენახვა კვერცხმდებლობის მიზნით არაეკონომიურია.

მიხეილ ჭიჭაყუა,

„მომავლის ფერმერის“ მთ. ვეტკონსულტანტი,

ბიოლოგიის დოქტორი