ცხოველთა პარაზიტული დაავადებები და მათთან ბრძოლის მეთოდები

 მეცნიერებას, რომელიც განიხილავს პარაზიტების გრანდიოზულ სამყაროს და ამუშავებს ცხოველთა ინვაზიურ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს, პარაზიტოლოგია ეწოდება.
 პარაზიტოლოგია  ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ფიტოპარაზიტოლოგიად და ზოოპარაზიტოლოგიად
 ჩვენთვის საინტერესოა ზოოპარაზიტოლოგია, რომელიც შეისწავლის ცხოველთა და მცენარეთა პარაზიტული ჭიებით გამოწვეულ დაავადებებს.
 უკანასკნელთა შორის მრავალი ფორმაა, რომელთაც  შინაურ ცხოველთა დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

 ზოოპარაზიტოლოგიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ვეტერინარული ზოოპარაზიტოლოგია. იგი სწავლობს შინაურ ცხოველთა ზოოპარაზიტებს და მათ მიერ  გამოწვეულ დაავადებებს, რომელნიც ატარებენ ინვაზიური დაავადებების სახელწოდებას.

ინვაზიური დაავადებები ფართოდაა გავრცელებული, ავადდებიან ყველა სახეობის შინაური, გარეული და სარეწაო ცხოველები და მოაქვთ დიდი ეკონომიკური ზარალი.
ზოგიერთი ინვაზიური დაავადებები, განსაკუთრებით პროტოზოული და ჰელმონთოზური, იწვევენ ცხოველთა მასიურ სიკვდილიანობას (ცხოველთა დაცემა).

ფართოდაა გავრცელებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თეილერიოზით და პიროპლაზმოზით სიკვდილი, წიწილების და ბოცვრების ეიმერიოზით (კოქციდიოზით) სიკვდილი. ცხვრების და ხბოების დიქტიოკაულოზით და მონეზიაზით სიკვდილი, მსხვილი რქოსანის და ცხვრების ფასციოლოზით სიკვდილი და სხვა მრავალი.

 მნიშვნელოვნად მეტია ზარალი დაკავშირებული ცხოველთა პროდუქტიულობის დაქვეითებით და მათგან მიღებული პროდუციის დაბალი ხარისხით. ნათლად რომ წარმოვიდგინოთ ინვაზიური დაავადებებით გამოწვეული ზარალი, ის უნდა შევადაროთ აისბერგს. ზარალი, გამოწვეული ცხოველთა სიკვდილით იქნება აისბერგის წყლის ზედა ხილული ნაწილი, ხოლო მისი უხილავი, უდიდესი, ნაწილი წარმოადგენს ზარალს, რომელიც გამოწვეულია ცხოველთა პროდუქტიულობის მკვეთრი დაცემით.

ზოგიერთი ინვაზიური დაავადებების, განსაკუთრებით კი ჰელმინთოზების დროს, სიკვდილიანობა ფაქტიურად არ არის. დაავადება უმეტესად მიმდინარეობს კლინიკური ნიშნების გარეშე, ირღვევა ნორმალური ფიზიოლოგიური განვითარება, ქვეითდება პროდუქტიულობა და ორგანიზმის რეზისტენტობა, ცხოველები ადვილად ამთვისებლები ხდებიან ინფექციური დაავადებების მიმართ.

მაგალითად, მსხვილი რქოსანი პირუტყვის ფასციოლოზით დაავადების დროს, რომელიც კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, 20-50 %-ით ქვეითდება წველადობა.

საქართველოში ფასციოლოზის შედეგად, დაინვაზირების 20%- ზე გადაანგარიშებით მარტო რძის დანაკლისი 43 ათას ტონას აღემატება, ხოლო დასავლეთ საქართველოს რაიონებში, სადაც ცხოველთა დაინვაზირება 100 %- ს აღწევს, ზარალი უფრო დიდია.

ცხვრის ფასციოლოზისას კლებულობს მატყლის რაოდენობა 10-30 %-ით და მისი ხარისხიც შედარებით დაბალია.

 ექინაკოკოზით დაავადებისას ცხვრებში ცოცხალი მასა კლებულობს 8 კგ-ით და მეტად. სუბპროდუქტების გამოყენება შესაძლებელია საშუალოდ 36 %-ით, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ცხოველთა სუბპროდუქტები გამოწუნებული იქნეს მთლიანად – 100 %- ით.

გამოანგარიშებულია, რომ ექონოკოკოზით დაავადების დროს ერთი ცხვრიდან ღებულობენ 1 კგ-ით ნაკლებ ხორცს, 140 გრ – ით ნაკლებ ქონს, 105 გრ – ით ნაკლებ მატყლს.
გოჭები დაავადებული ასკარიდიოზით 3 თვეში კარგავენ წონის ერთ მესამედს.

ასკარიდოზის დროს ქათმებში ქვეითდება კვერცხმდებლობა 10-20 %-ით. 

ამგვარი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება. სისხლისმწოველი მწერები და ობობასნაირები (ტკიპები) არიან ცხოველთა და ადამიანთა მრავალი ინვეზიური დაავადებების დიდი ნაწილის გადამტანები. ამიტომ მათ მიერ გამოწვეული პათოლოგიური პროცესები მარტო ეკონომიკურად არ შეიძლება შეფასდეს, მათ აქვთ
სოციალური მნიშვნელობა.

მეურნეობის, რაიონის და რეგიონის გაჯანსაღება ინვაზიური დაავადებებისაგან ნიშნავს იმას, რომ გამოვიყენოთ მეცნიერების მიერ დამუშავებული გამაჯანსაღებელი ღონისძიებები: მკურნალობა, პროფილაქტიკა და დევასტაცია. ამ ღონისძიებების განხილვა არ შეიძლება იზოლირებულად, რადგან ისინი მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს გამაჯანსაღებელი ღონისძიებებით. თითოეულ მათგანს აქვს თავისი სპეციფიკური მიზნობრივი დანიშნულება. 

ინვაზიური დაავადებების დროს ცხოველთა მკურნალობამ უნდა უზრუნველყოს ადამიანთა და ცხოველთა პროფილაქტიკა დასენიანებისაგან და შეიცავდეს აღმძვრელის განადგურების ღონისძიებებს (დევასტაცია). პროფილაქტიკა ისახავს მიზნად: აღკვეთოს ინვაზიური საწყისის გავრცელება და დაიცვას ჯანმრთელი ცხოველები დასენიანებისაგან.

დევასტაცია– აქტიური პროფილაქტიკაა, მიმართული დაავადებების აღმძვრელების მოსპობისაკენ, ფიზიკური განადგურებისაკენ მათი ცხოველქმედების ციკლის ნებისმიერ ფაზაში ყველა ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით (მექანიკური, ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური).

ვეტერინარიული პარაზიტოლოგია უნდა ამუშავებდეს, აუმჯობესებდეს და ეძიებდეს ახალ გზებს მკურნალობის, პროფილაქტიკის და დევასტაციის მეთოდების დასახვეწად.
ინვაზიებთან ბრძოლაში გამოყენებული უნდა იქნას სამივე გამაჯანსაღებელი ღონისძიება.

 ცხოველთა ჰელმინთოზების აცილების და ლიკვიდაციის ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან კოლოსალურია ჰელმინთებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი. მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი ყოველწლიურად ერთ მილიარდ დოლარს აღემატება. პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ჩასატარებლად გაწეული ხარჯები უდრის 1,5 მილიარდს. ამრიგად, ჰელმინთებით გამოწვეული საერთო ზარალი ორ
მილიარდნახევარ დოლარს აღემატება.

ჰელმინიოზებთან ბრძოლის ღონისძიებები იყოფა ორ ნაწილად: ზოგადი ღონისძიებები და სპეციფიკური პროფილაქტიკის ღონისძიებები.

ზოგადი ღონისძიებები:

 1. ცხოველთა ჰელმინთოზების აცილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებები მდგომარეობს ვეტერინარიულ-სანიტარულ და სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსის გატარებაში, დაავადების აღმძვრელთა ბიოლოგიისა და ადგილობრივი კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით.

 2. ჰელმინთოზების მიმართ ცხოველის ორგანიზმის გამძლეობის ამაღლების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ზოგადი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, რაც გულისხმობს ცხოველის სრულფასოვანი საკვებით უზრუნველყოფას, კვების, დაწყურვებისა და შენახვის ჰიგიენის დაცვას, სახელდობრ:

ა) ცილებით, ვიტამინებითა და მინერალური მარილებით რაციონის დაბალანსებას; იმ ზონებში კი, სადაც საძოვარი ღარიბია ამა თუ იმ მიკროელემენტებით, საკვებ რაციონში დამატებით, სპილენძის მარილის, კობალტის, იოდის, მოლიბდენის და სხვა მიკრო და მაკრო ელემენტების შეტანას;

 ბ) ცხოველთა კვებას მხოლოდ საკვებურებიდან;

 გ) დაწყურვებას წყალსადენის, ჭის, მდინარისა და ნაკადულის სუფთა წყლით;

დასაშვებია გასაფილტრი მოწყობილობების გამოყენებით ჭებიდან, ტბორებიდან და სხვა წყალსატევებიდან ცხოველთა დაწყურვება. დაუშვებელია ჰელმინთებით, მათი ლარვებით და ამ უკანასკნელთა შუამავალი მასპინძლებით (ლოკოკინები, წყლის ხოჭოები, და სხვა წყალმცურავი მწერები) დაბინძურებული წყალსატევებიდან, გუბეებიდან ცხოველთა დაწყურვება.

დასაწყურვებელ წყალსატევთან მისასვლელი უნდა იყოს სპეციალურად მოწყობილი, რაც გულისხმობს მტკიცე საფარიანი მოედნის ან დატკეპნილი გრუნტისაგან მისასვლელის გაკეთებას;

 დ) აუცილებელია ცხოველების უზრუნველყოფა სუფთა ბინებით, საკვებურებით, საწყურვებლებით, ინვენტარით, ტექნიკური მოწყობილობებით, ეზოებით, სასეირნო მოედნებითა და საჭიროების შემთხვევაში სოლარიუმებით (მეღორეობა). ცხოველთა შესანახი შენობები უნდა იყოს მშრალი, ნათელი, კარგად განიავებადი. შენობებში ცხოველთა სადგომები უნდა შეესაბამებოდეს ზოოტექნიკურ და სანიტარულ ნორმებს;

 ე) საჭიროა ყველა ფერმასთან მოეწყოს დახურული ტიპის საპირფარეშო შენობა სპეციალური დაბეტონებული ორმოთი მომსახურე პერსონალისათვის.

უცილებელია ცხოველთა სადგომები ყოველდღიურად დასუფთავდეს. საჭიროა ნაკელი და სკორე (ფეკალური მასა) შენობიდან, სასეირნო მოედნიდან, ბაზიდან და ცხოველთა სხვა სადგომებიდან გატანილი იქნეს ნაკელსაცავებში, სადაც მოხდება ნაკელის ბიოთერმული გადამუშავება, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა დაავადებათა აღმძვრელების განადგურებას. ნაკელის გასატანად საჭიროა გამოიყოს სპეციალური ინვენტარი და ტრანსპორტი, რომელთა გამოყენება საკვების გადასატანად და დასარიგებლად დაუშვებელია. ყოველი დეჰელმინთიზაციის (პარაზიტული ჭიებისგან  ცხოველთა განთავისუფლება) შემდეგ, 3-5 დღის განმავლობაში აგროვებენ გამოყოფილ ფეკალს (ნაკელი) და ანადგურებენ დაწვით, ხოლო შენობებს, სასეირნო მოედნებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს უკეთებენ დეზინსექციას;

 ვ) აკრძალულია ცხოველთა ძოვება ჭაობიან და წუნწუხით დაბინძურებულ საძოვრებზე;

 ზ) ჰელმინთოზური დაავადებების გავრცელების საშიშროების გათვალისწინებით უნდა მოხდეს საძოვრების დაცვა ცხოველთათვის საშიში პარაზიტული ჭიებისგან. ეს ღონისძიება ითვალისწინებს საძოვრების მელიორაციას, ქვებისა და ბუჩქნარისგან გაწმენდას, ვეტ.სანიტარული და ზოოჰიგიენური მოთხოვნების გათვალისწინებით.
აუცილებელია კულტურული საძოვრების შექმნა, სადაც ჰელმინთოზური დაავადებების გაჩენის საშიშროება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი;

თ) საჭიროა მოზარდი ცხოველების, როგორც უმრავლესი ჰელმინთოზების, უფრო ამთვისებელი პირუტყვის ისეთ საძოვრებზე გაყვანა, რომლებიც თავისუფალია პარაზიტული ჭიების კვერცხებისგან და ლარვებისგან;

ი) ფერმაში ან ოჯახურ მეურნეობაში პარაზიტული ჭიების საწინააღმდეგო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ვეტერინარული კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს გულისხმობს ვეტერინარულ-სანიტარული ისტრუქციების ზუსტად განხორციელებას  კ) აუცილებელია ყველა გლეხურ და კოოპერატიულ მეურნეობაში ხდებოდეს
ინვაზიური დაავადებების სისტემატიური აღრიცხვა, რათა დროულად დაიგეგმოს პარაზიტული ჭიებით გამოწვეული დაავადებების ოპტიმალური მკურნალობისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების დრო;

ლ) სავალდებულოა გლეხურ ან კოოპერატიულ მეურნეობაში ახლად შემოყვანილი საქონელი გარკვეული დროით დაყენებული იქნას საკარანტინო სადგომში, სადაც მოხდება ცხოველთა გამოკვლევა ინვაზიებზე და საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ შესაბამისი მკურნალობა 3-4 დღის განმავლობაში. მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია ახლად შემოყვანილი ცხოველების გადაყვანა საერთო ჯოგში.

3. პარაზიტული ჭიებით დასენიანებული ცხოველების გამოკვლევა წარმოადგენს ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც მოიცავს: ეპიზოოტოლოგიური მონაცემების შეკრებას, დაავადების კლინიკური სიმპტომების დადგენას, ლაბორატორიულ გამოკვლევას და ცხოველთა სიკვდილიანობის შემთხვევაში მათ პათოლოგო-ანატომიურ მონაცემების დადგენას. აღნიშნული ღონისძიებების კომპლექსური შეჯერების საფუძველზე დაისმება ინვაზიური დაავადების დიაგნოზი, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება ცხოველთა მკურნალობა, ჯანმრთელი ცხოველების პროფილაქტიკა და პირუტყვის შესანახი შენობების და ინვენტარის დეჰელმინთიზაცია;

4. საოჯახო მეურნეობიდან ცხოველების გაყვანის წინ აუცილებელია მოხდეს ცხოველების შემოწმება ინვაზიურ დაავადებებზე. ვეტ.კანონმდებლობით დაიშვება მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველების რეალიზაცია ან მათი გადაყვანა სხვადასხვა საძოვრებზე.

5. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველებში აღმოჩენილი იქნა ცხოველისა და ადამიანისათვის საერთო საშიში პარაზიტული დაავადებები, როგორიცაა: ტრიქინელოზი, ფინოზი და სხვა, აუცილებელია რაიონულმა ვეტერინარულმა სამსახურმა ჯანმრთელობის დაცვის რაიონულ სამსახურთან შეთანხმებით დაგეგმოს დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და სალიკვიდაციო ღონისძიებები.

 6. ჰელმინთოზების საწინაარმდეგო სპეციფიკური პროფილაქტიკის ძირითადი ღონისძიებებია: ქიმიოთერაპიული და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენება, ცხოველთა დაავადებისა და გარემოში ინვაზიის აღმძვრელის გავრცელების აღკვეთის უზრუნველსაყოფად.

 7. ყველა გლეხურ და კოოპერატიულ მეურნეობაში, სადაც ადგილი ჰქონდა ჰელმინთოზებით ცხოველთა დაავადების შემთხვევებს, ატარებენ პროფილაქტიკურ დეჰელმინთიზაციას მათი ბაგურ შენახვაზე დაყენების და საძოვარზე გაშვების წინ.

 8. სამკურნალო დეჰელმინთიზაციას ატარებენ წლის ყველა დროში, ცხოველთა დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისას. მეორადი ინფექციებით ან არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული გართულების შემთხვევაში, დაავადებულ ცხოველებს უნიშნავენ მეორადი დაავადების სიმპტომატურ მკურნალობას და ამის
შემდეგ ატარებენ ცხოველთა დეჰელმინთიზაციას.

 9. დეჰელმინთიზაციას არ ექვემდებარებიან მაკე ცხოველები მოგებამდე ორი კვირით ადრე და მოგების შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, აგრეთვე ჯანდაგი ცხოველები და მწვავედ მიმდინარე დაავადებებით დასენიანებული ცხოველები. ასეთი ცხოველების დეჰელმინთიზაციას ატარებენ ინდივიდუალურად, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ.

 10. სადეჰელმინთიზაციოდ გამოიყენება სამკურნალო საშუალებები, რომლებიც დაშვებულია გამოსაყენებლად ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ და პასუხობენ პრეპარატის მოხმარების ინსტრუქციაში მითითებულ ნორმებს.

 ძლიერმოქმედი პრეპარატების გამოყენებისას ვეტერინარი სპეციალისტები იცავენ პირადი ჰიგიენისა და პროფილაქტიკის ნორმებს.

 11. ჰელმინთოზით მძიმედ დაავადებულ ცხოველებს გამოყოფენ ცალკე ჯგუფებად, აუმჯობესებენ მათი კვებისა და შენახვის პირობებს, მკურნალობენ ინდივიდუალურად. 

 12. გლეხური მეურნეობა ან კოოპერატივი (ფერმა, განყოფილება) ჰელმინთოზებზე კეთილსაიმედოდ ჩაითვლება, თუ სამი-ოთხი თვის შუალედით ორჯერადი შერჩევითი გამოკვლევისას, არ აღმოაჩნდება ჰელმინთის კვერცხები, ლარვები და ერთი წლის განმავლობაში მკვდარ ან დაკლულ ცხოველებში ვერ აღმოაჩენენ პარაზიტულ ჭიებს და მათ კვერცხებს. ვეტერინარი სპეციალისტები ვალდებულნი არიან ფართოდ განუმარტონ მეცხოველეობის მუშაკებსა და ადგილობრივ მოსახლეობას (ნაბეჭდი მასალით თუ ზეპირად) ცხოველთა ჰელმინთოზებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. 

„ეკოლოგიურად უსაფრთხო მეცხოველეობის პროექტი“

წყარო: www.care-caucasus.org.ge