ცხვრის გადამდები და არგადამდები დაავადებები

მეცხვარეობის განვითარების ერთერთი შემაფერხებელი ფაქტორია არაგადამდები და გადამდები დაავადებები, რომლებიც დარგს დიდ ეკონომიკურ  ზარალს აყენებენ. ზოგიერთი გადამდები დაავადება სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ამდენად, მათ საფუძვლიან ცოდნას და საწინააღმდეგო ღონისძიებათა ეფექტიან განხორციელებას, არა მარტო ეკონომიკური, არამედ  სოციალური მნიშვნელობაც აქვს. 

ტიმპანია (ფაშვის შებერვა)

 ტიმპანია (ფაშვის შებერვა) ვითარდება ძლიერ წვნიანი, ცვრიანი ან წვიმისგან სველი ბალახით, განსაკუთრებით იონჯით და სამყურით კვებისას. შედეგად, ფაშვში დიდი ოდენობით გაზები გროვდება. ცხვარი დახრილი თავით დგას, მძიმედ სუნთქავს, საკვებს აღარ იღებს. დაუხმარებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება გაიგუდოს. საჭიროა ფაშვის მოძრაობის აქტივიზაცია და გაზების გამოშვება. ამისათვის, ცხვარს წინა კიდურებით ოდნავ შემაღლებულ ადგილზე აყენებენ და მუშტით უტარებენ მარცხენა ფერდის მასაჟს. საკვების გაფუების შესაწყვეტად ასმევენ კრეოლინის ან იქთიოლის ხსნარს. შესაძლებელია ნავთიანი წყლის (1 ჩაის კოზი 0,5 ლ წყალზე) გამოყენებაც. თუ  დგომარეობა
არ გამოსწორდა, ვეტსპეციალისტი ფაშვს ტროაკარით ხვრეტს. წარმოქნილ ჭრილობის ზედაპირზე კრეოლინის ან იქთიოლის მალამოს უსვამენ.

დისპეფსია

დისპეფსია ბატკნის დაბადებიდან მეორემესამე დღეს ვლინდება. მისი გამომწვევი მიზეზია მაკეობის პერიოდში ნერბის არასრულფასოვანი კვება ან ბატკნისათვის ხსენის დაგვიანებული მიცემა. შედეგად, ვითარდება ფაღარათი, ბატკანი უმეტესად წევს, ძუძუს აღარ წოვს, აღინიშნება მუცლის შებერვა.

საჭიროა ბატკნის იზოლირება. მას 6-12 საათიან მშიერ დიეტას უნიშნავენ და ყოველ 4 საათში ერთ ჭიქა სუფრის  მარილის 1%-იან წყალხსნარს აძლევენ.

მძიმე შემთხვევაში ვეტსპეციალისტი  ანტიბიოტიკებს იყენებს.

 ჩლიქის სიდამპლე 

ჩლიქის სიდამპლე გამოწვეულია მიკრობებით და ვლინდება ჩლიქთაშუა არის კანის ანთებით, ჩლიქის რქის სიდამპლით და დაშლით, რის გამო სიკოჭლე ვითარდება. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორია ტენიანობა სადგომსა და საძოვაზე.

ცხვარს აშრევებული ჩლიქის რქას აჭრიან და კიდურს 10%-იანი ფორმალინის ან შაბიამნის ხსნარიან აბაზანაში ადგმევინებენ. დაზიანებულ უბანზე პენიცილინის ან თევზის ქონზე დამზადებულ მალამოებს უსვამენ. შენობის იატაკს გულდასმით ასუფთავებენ და ჩაუმქრალი კირით ან ფორმალინის 10%-იანი ხსნარით ამუშავებენ. მოჭრილ ჩლიქებს წვავენ.

ჯილეხი

ჯილეხი მწვავე ფორმით მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ადამიანიც ავადდება. მისი აღმძვრელი, ბაცილა – Bacilus antracis, ძლიერ მდგრადია გარემო ფაქტორების მიმართ და ნიადაგში სიცოცხლის უნარს ათეულობით წლების განმავლობაში ინარჩუნებს.
ცხოველის დასნებოვნება ალიმენტარული გზით ხდება, ძირითადად, აღმძვრელით დაინფიცირებული ბალახის, სხვა საკვების მიღებისას. დაავადება 2-3 დღეს
გრძელდება. სხეულის ტემპერატურა 42°-მდე მატულობს. ლორწოვან გარსებს მოლურჯო ელფერი გადაკრავს. მათზე სისხლჩაქცევებია. აღინიშნება ფაშვის შებერვა. ცხოველი უეცრად ეცემა დაკრუნჩხვებით იღუპება.
დაუშვებელია ციმბირული წყლულით დაავადებული ცხოველის დაკვლა. ლეში უნდა დაიწვას, მოეყაროს ქლორიანი კირი და ნარჩენები ღრმად, მშრალ ადგილას
დაიმარხოს.
პროფილაქტიკური მიზნით ყოველწლიურად ატარებენ ცხვრის მთელი სულადობის ვაქცინაციას, რომელსაც უფროსი ასაკის ცხვარს უტარებენ წლის განმავლობაში ორჯერ, ექვსი თვის ინტერვალით; მოზარდეულს – 3 თვის ასაკში, რასაც 3-3 თვის შემდეგ იმეორებენ.

თურქული

თურქული მწვავე ფორმით მიმდინარე ინფექციური დაავადებაა. მისი აღმძვრელია ვირუსი, რომელიც გარემოში გამოიყოფა რძის, ნერწყვის, შარდის, ფეკალის,
წყლულების შიგთავსის, ამოსუნთქული ჰაერის მეშვეობით. დაავადების გადაცემა ხდება ჯანმრთელთან ავადმყოფი ცხოველის კონტაქტით. სხეულის ტემპერატურა მომატებულია, აღინიშნება ნერწყვდენა, კოჭლობა.

პირის ღრუს ლორწოვან გარსსა და ენაზე, ჩლიქთაშუა არეში ბუშტუკები ჩნდება,  რომლებიც სკდება და პროცესი ეროზიებით და ინფექციით რთულდება. ზოგჯერ
დაავადება სიკვდილით მთავრდება.

თურქულის გართულების ნიშნებია – აბორტი ან მკვდარი ბატკნების დაბადება. აუცილებელია დაავადებული ცხოველების იზოლირებულად შენახვა. სამკურნალოდ
იყენებენ სპეციალურ შრატებს, ანტისეპტიკურ პრეპარატებს, აგრეთვე მალამოებს. პროფილაქტიკის მიზნით ვაქცინაციას წლის განმავლობაში ორჯერ ატარებენ.

ენტეროტოქსემია

ენტეროტოქსემია Clostridium perfrigens-ის ჯგუფის მიკრობებით გამოწვეული ტოქსიკოინფექციაა. დამახასიათებელია ნერვული სისტემის დაზიანება და ცხოველის სწრაფი სიკვდილი. აღმძვრელი ნაწლავებში მრავლდება და წარმოქმნის ტოქსინებს, რომლებიც სისხლში შეიწოვებიან და დაავადებას იწვევს.  ინფექციის წყაროა დაავადებული ცხოველი. აღმძვრელი გარემოში გამოიყოფა  ფეკალიებთან ერთად. ნიადაგსა და მოვლის საგნებზე იგი წლების განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს.

ცხოველი ინფიცირდება აღმძვრელითდაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებისას. დაავადება უპირატესად გაზაფხულსა და შემოდგომით ვლინდება, დამახასიათებელია ელვისებრი, მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობა. ელვისებრი ფორმის დროს სრულიად ჯანმრთელ ცხოველს დილით მკვდარს ნახულობენ ან იგი დაძაბუნებული და შებოჭილია, აღგზნება უწესრიგო მოძრაობით ცვლება.

ცხოველი ეცემა და კრუნჩხვების ფონზე რამდენიმე წუთში კვდება. სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. მწვავე ფორმისას დაავადება ერთ დღეს გრძელდება. ქრონიკული მიმდინარეობა დაბალი ნაკვებობის ცხვარს აღენიშნება.

დამახასიათებელია სისუსტე, ფაღარათი, ანემია, ლორწოვანი გარსების სიყვითლე, ნერვული მოვლენები. ცხოველი საკვებს არ იღებს და 5-6 დღეში იღუპება. მკურნალობის მიზნით იყენებენ ჰიპერიმუნურ შრატს ანტიბიოტიკებთან ერთად, პროფილაქტიკისათვის – ვაქცინას ან კლოსტრიდიოზის საწინააღმდეგო პოლიტოქსინს.

ბრადზოტი

ბრადზოტი ინფექციური დაავადებაა. დამახსასიათებელია მაჭიკის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება. დაავადების აღმძვრელებია Clostridium
septicum და Cl. oedematiens, რომლებიც ლოკალიზაციის ადგილებში ძლიერ ტოქსინებს წარმოქმნიან. ისინი მდგრადები არიან გარემო ფაქტორების მიმართ. ინფექციის გავრცელების წყაროა დაავადებული ცხოველი, ხოლო მისი ფადაცემის ფაქტორი – ნიადაგი, საკვები, წყალი.
დაავადება ხშირად ელვისებრი ფორმით მიმდინარეობს, რაც კრუნჩხვებით ვლინდება. ცხოველი მიწაზე ეცემა და რამდენიმე წუთში კვდება. ზოგჯერ დაავადება რამდენიმე საათს გრძელდება.
ცხოველი ტაატით მოძრაობს, კბილებს აკრაჭუნებს, იგი ხან აგზნებულია, ხან დაძაბუნებული, ეცემა და კვდება.
ხანგრძლივი მიმდინარეობისას სამკურნალოდ იყენებენ ბიომიცინს, სინტომიცინს, ტერამიცინს, პროფილაქტიკის მიზნით – პოლივალენტური ანატოქსინით
იმუნიზაციას.
დაავადებული ცხოველის დაკვლა დაუშვებელია. დაღუპული ცხოველის ლეშს, მის ორგანოებს, გამონაყოფებს, შეხებაში არსებულ მოვლის საგნებს, ინვენტარს წვავენ.

პასტერელოზი 

პასტერელოზი ინფექციური დაავადებაა, რომლის აღმძვრელია – Pasteruella multocida. მისი გავრცელების წყაროა დაავადებული ან დაავადებამოხდილი ცხოველი, გადაცემის ფაქტორები – დაინფიცირებული საკვები, წყალი, ნიადაგი, მოვლის საგნები, რძე.

დაავადების ზემწვავე ფორმით მიმდინარეობისას მატულობს სხეულის ტემპერატურა, დარღვეულია გულის მუშაობის რითმი, აღინიშნება ძლიერი ფაღარათი. ცხვარი რამდენიმე საათში იღუპება გულის სისუსტისა და ფილტვებში განვითარებული შეშუპების შედეგად.

მწვავე ფორმის დროს ცხოველი დაძაბუნებულია, თავისა და კისრის მიდამოში, კიდურებსა და ფილტვებში – შეშუპებაა, რომელიც დაინფიცირების შემდეგ მთელ სხეულზე ვრცელდება.

აღინიშნება ციებ-ცხელება. პირის ღრუს ლორწოვანი გარსი და ენა მოლურჯო ელფერს იძენს. ცხვარი 2-5 დღეში იღუპება გულის უკმარისობისა და ასფიქსიისაგან.
ქრონიკული ფორმის დროს აღინიშნება ძლიერი სიგამხდრე, ანემია კიდურების შეშუპება.
ავადმყოფ ცხოველებს მკურნალობენ ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკებით და სულფანილამიდური პრეპარატებით.
პასტერელოზის საწინააღმდეგო შრატის გამოყენება ეფექტიანია მწვავე ფორმის საწყის ეტაპზე. იგი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში. პროფილაქტიკის მიზნით ორჯერად
ვაქცინაციას ატარებენ.

დიქტიოკაულოზი 

დიქტიოკაულოზი – ინვაზიური დაავადებაა. აღმძვრელია ჰელმინთი (პარაზიტული ჭია) – Dictyocaulus filaria (სხეულის სიგრძე 8-15 სმ), რომელიც ფილტვებში პარაზიტობს.
მდედრი დიქტიოკაულუსები ლოკალიზების ადგილებში დებენ კვერცხებს, რომლებიც ამოდიან და გადაიყლაპებიან. ნაწლავში გავლისას კვერცხებიდან იჩეკებიან
ლარვები, რომლებიც ფეკალთან ერთად გარემოში გამოდიან, სადაც 6-7 დღეში ინვაზიურ სტადიას აღწევენ. ცხვრის დაინვაზიება ხდება ბალახთან ერთად ინვაზიური ლარვების გადაყლაპვით.
ლარვები შეიჭრებიან ნაწლავის კედლის სისხლძარღვებში და სისხლით მიიტანებიან ფილტვებში, სადაც გადაინაცვლებენ ბრონქიოლებში, ბრონქებში და ამთავრებენ
ზრდა-განვითარებას.
დაავადების საწყის ეტაპზე აღინიშნება ხველა, რომელიც ძლიერდება და მტკივნეული ხდება. ნესტოებიდან ჩირქოვანი გამონადენია. სუნთქვა გახშირებულია. ლორწოვანი გარსები ციანოზურია. აღინიშნება ქვედა ყბის,ქუთუთოების, მკერდის, ზოგჯერ  კიდურების შეშუპება. დაავადების ინფექციით გართულების შემთხვევაში
გამოხატულია ციებ-ცხელება. ცხოველი ასფიქსიით იღუპება.

მკურნალობის მიზნით უნიშნავენ ალბენდაზოლს, ფენბენდაზოლს ან მათ სინონიმებს. გეგმური დეჰელმინთიზაცია ტარდება გვიან შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე, ბატკნების დეჰელმინთიზაცია – ზაფხულში. დაინვაზიების თავიდან ასაცილებლად სასურველია ცხვრის სულადობა არ იქნეს გაშვებული საძოვარზე დილით ან წვიმის შემდეგ. კარგ შედეგს  იძლევა საძოვარზე ფენოთიაზინისა და საკვები მარილის (1:6-თან) სალოკი ბრიკეტების განთავსება.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის
სტრონგილატოზები

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტრონგილატოზები ინვაზიურ დაავადებათა ჯგუფია, რომელთაც იწვევენ Strongylata-ს ქვერაზმის ჰელმინთები -ჰემონქუსები  პარაზიტობენ მაჭიკში), ნემატოდირუსები, ბუნოსტომები (პარაზიტობენ წვრილ ნაწლავებში), ჰაბერტიები, ეზოფაგოსტომები (პარაზიტობენ მსხვილ ნაწლავებში). მათი
სხეული ძაფისებრი ფორმისაა, ზომით – ორიდან სამ სმ-მდე. ყველა მათგანი სისხლით იკვებება.
მდედრი ინდივიდები ჩაბუდების ადგილებში დებენ კვერცხებს. ისინი ფეკალთან ერთად გამოიტანება გარემოში, სადაც მათში ლარვები ვითარდებიან, იჩეკებიან და 4-5 დღეში ინვაზიურ სტადიას აღწევენ. ცხვრის დაინვაზიება ხდება ბალახთან ინვაზიური ლარვების გადაყლაპვით, რომლებიც ლოკალიზების ადგილებში ზრდასრულ სტადიას აღწევენ.

როგორც წესი, ცხვარი ერთროულად დაინვაზიებულია ყველა აღმძვრელით. დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებია მადის დაქვეითება, დაძაბუნება, ლორწოვანი გარსების გაუფერულება, ფაღარათი, რომელიც ზოგჯერ ლორწოს ან სისხლის შემცველია. ცხოველი ძლიერ ხდება, მოზარდეული ზრდა-განვითარებაში ჩამორჩება.
ნაწლავური სტრონგილატოზების მკურნალობა და პროფილაქტიკური ღონისძიებები ისეთივეა, როგორც დიქტიოკაულოზის დროს.

შემდგენლები: გივი ბეღელური, შადიმან ფოცხვერია,

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *