აგროსიახლეებიდარგებიმეფუტკრეობა

ძალოვანი სტრუქტურების თაფლით მომარაგების ტენდერში გამარჯვებული კომპანია ცნობილია

 ნატურალური თაფლით ძალოვანი სტრუქტურების მომარაგების ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია. სატენდერო კომისიის დასკვნით, ტენდერში გამარჯვებულად „გსქ კულა“ გამოცხადდა. ის კილოგრამ თაფლს ძალოვან სტრუქტურებს 14.44 ლარად მიაწვდის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ თაფლის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი იანვარში გამოაცხადა. 

29 იანვარს რამდენიმე ვებგვერდმა დაწერა, რომ საქართველოს მთავრობა 2019 წელს 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსულ თაფლს ყიდულობს. აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენს.

ტენდერში კომპანია ვ.ტ.-ც მონაწილეობდა, რომლის 100%  წილის მფლობელი იური ჯოგლიძე ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, რუსული წარმოების შპს „აპიდეის“ კილოგრამი თაფლის მიყიდვას მთავრობისთვის 14 ლარად გეგმავდა. თუმცა, სატენდერო კომისიამ ამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

მანამდე თაფლის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ“ საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითშვილსა და სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს ღია წერილით მიმართა.