წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში 125 ჰექტარზე სასათბურე მეურნეობა შენდება

2019 წელს წყალტუბოს რაიონში, სოფელ მაღლაკში 125 ჰექტარზე სასათბურე კლასტერი აშენდება, სადაც  მწვანილის და ბოსტნეული კულტურების წარმოება დაიწყება.
პროდუქციის პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებად ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნები განიხილება.

ახალ მასშტაბურ აგროპროექტს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, რომლის მიზანი ქვეყანაში ბოსტნეული წარმოების სტიმულირება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.

დღემდე საქართველოში წარმოებული მწვანილი და სხვა ბოსტნეული ექსპორტზე ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადის.

ევროპის ბაზარზე საექსპორტოდ პროდუქციის ხარისხთან ერთად, საჭიროა მიწოდების უწყვეტი ხაზის უზრუნველყოფაც, რაც აღნიშნულმა კლასტერმა უნდა დააკმაყოფილოს.

სასათბურე მეურნეობები და მთელი კომპლექსი აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, სადაც უმაღლესი სტანდარტების პროდუქცია იწარმოება, მოეწყობა სრული ინფრასტრუქტურა მოწეული ბოსტნეულის საექსპორტო ბაზრებისთვის მოსამზადებლად და გასატანად.

ამჟამად პროექტი მომზადების სტადიაშია, მიმდინარეობს მოლაპარაკება, ვინც ამ საქმიანობაში უნდა ჩაერთოს, ასევე ადგილობრივ  და უცხოელ პარტნიორებთან ვინც წინასაექსპორტო სამზადისში მიიღებს მონაწილებას.

როგორც სასათბურე კლასტერ შპს „მერეთის აგროზონის“ დირექტორი ლევან უროტაძე აღნიშნავს, კონცეფცია ამ წლის მეორე კვარტლისთვის იქნება მზად, რის შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი კომპანიის გამოსავლენად, რომელიც მოამზადებს სასათბურე კლასტერის გენერალურ გეგმას.

კომპანიის შერჩევის დროს ფასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ექნება კომპანიის გამოცდილებას, ხარისხს, სასათბურე ტერიტორიის ოპტიმალურ გამოყენებას და სწორად დაგეგმვას.

გეგმის მიხედვით სათბურები 80 ჰექტარზე აშენდება, ყოველი სათბური 2 000 მ2-და 5 ჰექტრამდე ფართობზე აშენდება. კონკრეტულად სად განთავსდება სათბურები, სად სასაწყობე, გადასამუშავებელი და სხვა ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, ეს გენერალური გეგმით განისაზღვრება.

გეგმის მომზადებას 5-6 თვე ან ცოტა ნაკლები დასჭირდება. სასათბურე მეურნეობის აშენებაც იგივე დროს დასჭირდება.

სახელმწიფომ უკვე გამოყო 125 ჰექტარი ტერიტორია სასათბურე კლასტერის ასაშენებლად, იგი ასევე გაიღებს ტერიტორიის შემოღობვის, საგზაო, წყლის, გაზის, ელექტროენერგიის თუ წყალანარინების ინფრასტრუქტურის მოწყობის ხარჯებს. სათბურების ასაშენებლად ფერმერებს მიწები გადაეცემა უფასოდ და მათთვის ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კლასტერში მონაწილე ფერმერებისთვის მცირე ფერმერთა დახმარების ახალი სპეციალური კომპონენტი ამოქმედდება, რაც მათ სათბურების მშენებლობაში დაეხმარება.

სასაწყობე და გადამმუშავებელი საწარმოსაც კერძო საექსპორტო კომპანია ააშენებს, რომელიც ასევე საერთაშორისო ტენდერით გამოვლინდება.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გამოყოფილია 2 მილიონი ლარი, რომლის ძირითადი ნაწილი სასათბურე კლასტერის გენგეგმის შედგენაზე დაიხარჯება, საერთოდ კი კლასტერის აშენებაზე მთლიანად 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოეწყობა სპეციალური ტერმინალი, საიდანაც საექსპორტო პროდუქცია ევროპის თუ აზიის ბაზრებზე ოპერატიულად გადაიზიდება.

წყარო: east-fruit.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *