მწვანე ოპერაციები ვენახში

მწვანე ნაწილების ოპერაციები მიზანდ ისახავს ვაზის ზრდა -განვითარების რეგულირებას, ამიტომ მას მწვანე სხვლასაც უწოდებენ. მწვანე ოპერაციების ჩატარება დამოკიდებულია ვაზის ზრდის სიძლიერესა და ფორმირების წესზე. მწვანე ოპერაციების ჩატარების ვადებსა და წესების უგულველყოფამ შესაძლოა უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ვენახში  შემდეგი სახის მწვანე ოპერაციები ტარდება:

– ზედმეტი ყლორტების შეცვლა ანუ ყლორტების დომინირება – წარმოადგენს სხვლის ოპერაციის გაგრძელებას, რის საშუალებითაც სწორდება სხვლაში დაშვებული შეცდომები, ხოლო ზედმეტი ყლორტების მოცლით ვაზის სავეგეტაციო ძალა წარიმართება დარჩენილი მსხმოიარე და სამამულე ყლორტების ზრდა – განვითარებაზე. ამრიგად, მცირდება ორგანულ- მინერალური ნივთიერებების უსარგებლო ხარჯვა.

– ვაზის ფურჩქვნა ანუ ზედმეტი ყლორტების შეცლა წარმოებს ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე ახალგანვითარებული ყლორტი უნდა შეეცალოს მრავალწლიან ნაწილებს, შტამბს, კორდონის მხარეს (მძინარე კვირტებიდან განვითარებული ყლორტები) არ უნდა შეეცალოს ის ყლორტები, რომელთაც შესაფერისი მდებარეობა აქვთ სამამულეს ჩამოსაყალიბებლად ან მხარის გასაგრძელებლად, შტამბის გასაახალგაზრდავებლად ან ახალი შტამბის გამოსაყვანად;

მეორე ეტაპზე ყლორტების შეცლა ხორციელდება ყვავილედების გამოჩენის დროს, როცა შესაძლებელი ხდება ყვავილოვანი და უმოსავლო ყლორტების გარჩევა, წყვილად ამოსული ყლორტიდან ცილდება უმოსავლო ყლორტები თუმცა, ვაზის ზრდის სიძლიერის მიხედვით შეიძლება ზოგიერთი უმოსავლო ყლორტიც დარჩეს.

ყლორტის წვერის წაწყვეტა – ამ ოპერაციის მიზანია, შეაჩეროს ვაზის ინტენსიური ზრდა, რომელიც ყვავილობის პერიოდში ახასიათებს ვაზს და ზრდაზე მიმართული საკვები ნივთიერებები წარმართოს ყვავილობის უზრუნველსაყოფად.

ეს ოპერაცია პირველ რიგში ტარდება იმ ჯიშებზე, რომლებიც ზედმეტი ყვავილთცვენით ხასიათდება. წვერის წაწყვეტის წესი ასეთია: ყვავილობის დაწყების წინ 2-3 დღით ადრე, ვაზის ყლორტებს აცილებენ გარდა სამამულე განვითარებული ყლორტებისა. 3-4 სმ სიგრძის წვერის წაწყვეტის ნაცვლად, ყლორტების გადაჭრა სასხლავი მაკრატელით ან სხვა იარაღით არ შეიძლება. ყლორტების გადაჭრტა აძლიერებს ნამხრევების ინტენსიურ ზრდას და ვაზისთვის მოაქვს უარყოფითი შედეგები.

– ნამხარის შეცვლა – ეს ოპერაცია 3-4 – ჯერ ჩატარდეს ვაზის ზრდის სიძლიერის მიხედვით. ოპერაცია ტარდება ყლორტების ახვევასთან ერთად. ნამხარის შეცვლა უნდა მოხდეს , როცა იგი 3-4 ფოთოლს განივითარებს, ხოლო მისი რქა რბილია და ჯერ არ არის მომწიფებაში შესული. თუ რქა გახევებულია, მაშინ მისი ძალით შეცვლას შეიძლება უარყოფითი შედეგები მოყვეს, მოყვეს, როგორიც არის – ფოთლის იღლიაში მდებარე კვირტის დაზიანება, რქის დაზიანება და სხვა.

ცის გახსნა – იგი გულისხმობს ყლორტების იმ დონეზე გადაჭრას, რომ მოსავალს , ე.ი. ვაზს ხვდებოდეს მზის პირდაპირი სხივი. ცის გადახსნას ატარებენ ივლისის ბოლოს -აგვისტოს დასაწყისში, როცა ვაზი აჩერებს ზრდას. დაუშვებელია ვაზის თავის გადაჭრა სავეჰეტაციო პერიოდში (2-3 ჯერ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე პრაქტიკაში).

წყარო: „მევენახეობა“

ვაჟა გოცირიძე, ანაგოდაბრელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *