ცვლილებები აგროდაზღვევაში: მიწის დაურეგისტრირებლად მოსავალს ვერ  დააზღვევთ

ფერმერები, რომლებსაც მოსავალი დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე მოჰყავთ, აგროდაზღვევის პროექტით ვერ ისარგებლებენ. შესაბამისი ცვლილებები აგრო დაზღვევის პროექტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შედის.

საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით აგროდაზღვევით ის მსურველები ისარგებლებენ, რომლებსაც დასაზღვევი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული აქვთ.
 „ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში თითოეული მიწის ნაკვეთი არის რეგისტრირებული კონკრეტულ ადამიანზე, კერძო ორგანიზაციაზე თუ სახელმწიფოზე. საქართველოში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ფერმერები დოკუმენტებით ვერ ადასტურებენ არის თუ არა მათ დე-ფაქტო სარგებლობაში მყოფი მიწა მათი საკუთრება. ეს ინიციატივა მისცემს მათ მოტივაციას მივიდნენ საჯარო რეესტრში და ნაკვეთები დაარეგისტრირონ“-აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას მისი თქმით საკუთრებაში არსებული მიწების აღურიცხაობა სათავეს ჯერ კიევ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდიდან იღებს. როდესაც მიწების ყიდვა-გაყიდვაზე შეთანხმება სიტყვიერადაც კი იყო შესაძლებელი.

„ახლა იმდენად გამარტივდა რეგისტრაციის პროცედურები, რომ ფერმერებს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაც კი არ ევალებათ, მათ მაგივრად ყოველივე ამას საჯარო რეესტრის თანამშრომლები აკეთებენ. ხელს რომ გიწყობს სახელმწიფო, უნდა მიხვიდე და ისარგებლო,“- მიაჩნია  გიორგი გიგოლაშვილს.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გელა სამხარაულის განცხადებით, ხელისუფლებამ  ბოლო პერიოდში  ბევრი ნაბიჯი გადადგა მიწიების  აღრიცხვის მოსაწესრიგებლად. მათ შორის უფასო გახადა საჯარო რეესტრში ნაკვეთის  რეგისტრაცია.
„ვფიქრობ სათანადო სტიმული მივეცით ჩვენს მოსახლეობას, რომ  ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეძლონ საკუთრებაში არსებული მიწების  სათანადო წესით რეგისტრაცია.  ვფიქრობ  ჯერ კიდევ არის დარჩენილი ბევრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების დაურეგისტრირებელი მიწა. ამიტომ გარკვეულწილად რაღაც ბერკეტები კიდევ არის საჭირო რომ მოსახლეობამ იგრძნოს  პასუხისმგებლობა,“ — აღნიშნა გელა სამხარაულმა Sputnik საქართველოსთან საუბრისას.
დეპუტატის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღწერილი იყოს თითოეული მიწის ნაკვეთი. 

 რაც შეეხება აგროდაზღევას, გელა სამხარაულის თქმით, სოფლის მეურნეობა რისკიანი დარგია და დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებს მოსავალი დაზღვეული ჰქონდეთ.
 წელს ბიუჯეტიდან აგროდაზღვევის  პროექტის დასაფინანსებლად 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
აგროდაზღვევის პროექტს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის, მეწარმეთა, ფერმერთა, რისკების შემცირების მიზნით, სახელმწიფო, უკვე მე-5 წელია, ახორციელებს.
პროექტით 2014-2017 წლებში დაზღვეული ფართობი 60 ათასამდე ჰექტარს შეადგენს. ჯამში დაზღვეულია 500 მილიონამდე ლარის მოსავალი.
აგროდაზღვევის პროექტი სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის დაზღვევას სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან ყველა კულტურაზე — 70%-ით, ხოლო ვაზზე — 50%-ით ითვალისწინებს.

ნატა პატარაია

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *