უნაბი – ZIZYPHYS JUJUBA

უნაბი დიდი ინტერესით სარგებლობს. შესწავლილია მისი ქიმიური შედგენილობა, რომელიც მდიდარია ვიტამინებით. ამას ადასტურებს ანასეულში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები შედეგები. ის ხარობს ყველა ტიპის ნიადაგზე. უნაბის მცენარე დეკორატიულ ფუნქციასაც ასრულებს. ის შეგვიძლია გავაშენოთ ქარსაფარ ზოლებში, სკოლის ნაკვეთზე, ეზოებში ცალკეული ნარგავის სახით.

უნაბი თავისი კვებითი ღირებულებით საუკეთესო ხილია. ის გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება ფილტვების დაავადების, ასთმისა და შარდის ბუშტის ანთების წინააღმდეგ. უნაბის სიროფი იხმარება ყელის სიმშრალისა და კატარული ხველების დროს. უნაბის ნაყოფის რეგულარულად გამოყენება ადამიანს იცავს ჰიპერტონული დაავადებისაგან.

ნაყოფი გემოთი და გარეგნობით მოგვაგონებს ფინიკს, რის გამოც მას ჩინურ ფინიკსაც უწოდებენ. მის შემადგენლობაში 20-28 %-მდე შაქარია, ხოლო მშრალ ნაყოფში შაქარი 63-64 %-მდე იზრდება. გარდა შაქრებისა, ნაყოფი შეიცავს ადამიანისათვის სასარგებლო ვიტამინებს და მთრიმლავ ნივთიერებებს. როგორც ნედლი, ისე შემჭკნარი ნაყოფი გამოიყენება საკონდიტრო, საკონსერვო მრეწველობაში. მცენარის მწვანედ შეფერილი ლამაზი ვარჯი მუქი ყავისფერი პრიალა ნაყოფებით საუკეთესო დეკორაციულ ფუნქციასაც ასრულებს.

უნაბის წარმოშობის პირველ კერად მიჩნეულია ჩინეთი, ავღანეთი და ბალკანეთის ნახევარკუნძული. სამრეწველო მნიშვნელობით უნაბი გავრცელებულია: ავღანეთში, ირანში, კალიფორნიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, შუა აზიის მრავალ ქვეყანაში.

საქართველოში უნაბი უძველესი დროიდან ხარობდა, თუმცა, მსხვილნაყოფა უნაბის ჯიშები პირველად შემოიტანეს კალიფორნიიდან 1930 წელს გაგრაში და შემდგომ დარგეს თბილისის დენდროლოგიურ პარკში.

უნაბის მცენარე ხარობს და მსხმოიარობს ყველა ტიპის, როგორც სილიან, ისე მძიმე თიხა და მლაშე ნიადაგებზე. იგი კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას და ხანგრძლივ გვალვებს, ამავე დროს მას შეუძლია გაუძლოს მინუს 28 გრადუსამდე ყინვას. უნაბი მრავლდება თესლის თესვით, მყნობით, ამონაყრებით. თესლით გამრავლებისას უმეტეს შემთხვევაში ადგილი აქვს დათიშვას. ამიტომ პრაქტიკაში ძირითადად გამოყენებულია უნაბის ვეგეტატიური გზით: ფესვის ამონაყრებით, ტოტების გადაწვენით, დაკალმებით და მყნობით გამრავლება. აღნიშნული წესებიდან საუკეთესოა მყნობით გამრავლება.

საძირეების მისაღებად უნაბის თესლის ნაჭუჭს ხელოვნურად აზიანებენ, რომ დროულად აღმოცენდეს. ჩვენი პირობებისათვის თესვის საუკეთესო ვადას ოქტომბრის მეორე ნახევარი ან გაზაფხულზე მარტის დასაწყისი წარმოადგენს. წინასწარ მომზადებულ კვლებზე თესლი ითესება ღია მწკრივში 15-20 სმ-ის დაშორებით, ხოლო მწკრივებს შორის მანძილი უმჯობესია 90-100 სმ. ჩათესვის სიღრმე 4-5 სმ. სასურველია ნათესი ზოლი დაიფაროს რაიმე მულჩმასალად.

სტანდარტული საძირეების მიღების დაჩქარების მიზნით საჭირო აღმონაცენების სარეველებისაგან გასხვლა, გამოკვება, მორწყვა. საძირედ ვარგისია ორი ან სამწლიანი თესლნერგები, ხოლო სანამყენედ სასურველია წინასწარ შერჩეული მსხვილნაყოფა უნაბის ხეებიდან მიმდინარე ან გასული წლის ნაზარდებზე აჭრილი კალმების გამოყენება. კარგ შედეგს იძლევა როგორც ერთი, ისე ორკვირტიანი კალმის მყნობა საძირის კანქვეშ ჩაშვებით. მყნობა შესაძლებელია ჩატარდეს გაზაფხულზე აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში. ნამყენის გახარება 60-65 %-ია. მყნობა ასევე შესაძლებელია ჩატარდეს ფესვის ამონაყრებზე, თუკი იგი იკმაყოფილებს საძირისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. რაც შეეხება უნაბის კალმებით დაფესვიანებას, ის გაცილებით რთული პროცესია, თუმცა, ბიოსტიმულატორების გამოყენების ფონზე აქაც შესაძლებელია საკუთარფესვიანი სარგავი მასალის წარმოება.

აღნიშნულ საკითხზე ყურადღების გამახვილება საინტერესო იქნება ნერგების მწარმოებელი ფერმერებისათვის, რამდენადაც ამ კულტურით ფართოდ დაინტერესების შემთხვევაში მოთხოვნილება სარგავ მასალაზე ყოველწლიურად გაიზრდება.

გასული საუკუნის 50-60-იან წლებში უნაბის კულტურა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსახლეობის საკარმოდამო ნაკვეთებზე ფართოდ შეინიშნებოდა. მეტიც, ამ კულტურის ფართოდ გავრცელების მიზნით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ტარდებოდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ცენტრსა და მის ფილიალებში. ცდის შედეგებით უნაბის კულტურა ყველაზე კარგად ხარობდა და მსხმოიარობდა კოლხეთის დაბლობის მშრალ და თბილ რაიონებში. რაც შეეხება აჭარა-გურიის და სამეგრელოს ტენიან რეგიონებს, აქ ეს კულტურა მიუხედავად ნაყოფებში შაქრების დაბალი შემცველობისა, მაინც დიდი ინტერესით სარგებლობდა. ამას ადასტურებს ჩვენს მიერ ანასეულში ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგებიც. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ეს კულტურა ზრდა-განვითარებისა და ნაყოფების ხარისხის მიხედვით ყველაზე საუკეთესოა.

ამრიგად, თუკი ჩვენი ფერმერები, გლეხები და საერთოდ, მოსახლეობა დაინტერესდა ამ კულტურით, შეგვიძლია ვურჩიოთ გაშენებისა და მოვლის ძირითადი წესები:

უნაბი შესაძლებელია გავაშენოთ როგორც პლანტაციის სახით, ასევე ქარსაფარ ზოლებში და ეზოებში ცალკეული ნარგაობის სახით. ნიადაგის წინასწარი მომზადებისა და განოყიერების ფონზე მცენარეები აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია დაირგოს 2×2 ან 3×3 მეტრზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში 3×3 ან 4×4 მეტრზე. უნაბი ნელა მოზარდი მცენარეა, ამდენად მისი ვარჯის ფორმირება ხშირად ჩარევას არ საჭიროებს. ნარგაობის განოყიერება და შემდგომი მოვლა ტარდება იმავე წესით, როგორც სხვა ხეხილოვნებში.

უნაბი მსხმოიარობას იწყებს მესამე-მეოთხე წელს. ყვავილობს მაისში, ნაყოფები მწიფდება ნოემბერ-დეკემბერში. კარგად მოვლილ სრულმოსავლიან ხიდან შეიძლება მივიღოთ 10-15 კგ ნაყოფი. თუ უნაბის ნაყოფები გამოიყენება დასაკონსერვებლად, მაშინ იგი უნდა დაიკრიფოს სიმწიფის დასაწყისში, როდესაც კანი მოწითალო-მოვარდისფროდ შეიფერება. თუ ნაყოფი შესანახად გინდათ, მაშინ იგი ხეზე დიდხანს უნდა დარჩეს შეჭკნობისათვის.

საქართველოში სოფლად არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების ფონზე რთულია არჩევანი გააკეთო რომელიმე დარგზე ან კულტურაზე, თუმცა, თხილის, ციტრუსების, ჩაის, ფეიჰოას, აქტინიდიის, ვაზის და სხვა კულტურების გვერდით უნაბმაც უნდა დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ქართული გენოფონდის მნიშვნელოვანმა წარმომადგენელმა. დაინტერესდით, შეიძინეთ და გაამრავლეთ ეს კულტურა თქვენს ეზოებში და ბაღებში.

ზაურ გაბრიჩიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ქეთევან ჩიკაშუა,

ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *