ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს

გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში უკვე ორი წელია მებოცვრეობის ფერმას თბილისიდან საკუთარ სოფელში დაბრუნებული 27 წლის დათა ყავრელიშვილი ხელმძღვანელობს. ფერმერობა მცირე ბიუჯეტით, ბანკიდან გამოტანილი 700-ლარიანი კრედიტით დაიწყო და სოფლის, ბუნების, ცხოველების სიყვარული თავის მომავალ, ყოველდღიურ საქმიანობას დაუკავშირა. პირველ ეტაპზე 10 ბოცვერი შეიძინა. იყო ექსპერიმენტები, შეცდომები, გამოცდილების დაგროვება და წარმატებები…

დათა სოფლის სახლში მარტო დაბრუნდა. დედაქალაქში საკუთარი პროფესიით მუშაობა სიამოვნებას არ ანიჭებდა და მისთვის სრულიად უცხო დარგის — მებოცვრეობის შესწავლა დაისახა მიზნად.

„რამდენიმე მებოცვრე ამომიდგა მხარში, ვინც დაუზარლად მასწავლიდა ბოცვრის მოვლა-პატრონობისა და გაზრდის ტექნოლოგიას. საწყის ეტაპზე ჩემთვის ძალიან უცხო იყო ბოცვრის დაავადებები, რომელიც მეგონა, ძნელად იკურნებოდა. დიდი დახმარება გამიწია „მომავლის ფერმერის“ კონსულტანტმა დავით ბოსტაშვილმა, რომელიც კვალიფიციურად დამეხმარა და ფერმის მოწყობისა თუ კვების რაციონის შედგენის ავან-ჩავანი მაქსიმალურად კარგად მასწავლა. დღეს მებოცვრეობა ძალიან პერსპექტიულ და ფინანსურად მომგებიან დარგად იქცა, უკვე გამოცდილები კი კონკურენტად მიგიჩნევენ და რჩევების მოცემას ერიდებიან. პირადად ჩემი მაგალითით რამდენიმე ახალგაზრდა დაინტერესდა და იმდენად ვარ მონდომებული, მათაც ვუზიარებ გამოცდილებას.  მნიშვნელოვანია, რომ დამწყებმა ფერმერებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც დააგროვონ და თავად გამოიტანონ დასკვნები, რისი გაკეთება რა დროს უმჯობესია. პირადად მე ზამთარში სიცივისგან ბაჭიები მეხოცებოდა და თავად ვნახე გამოსავალი, კლიმატის ცვლილების შემთხვევაში რა გამეკეთებინა. პრობლემაც სრულად გადავჭერი. სწორად უნდა შეარჩიოთ დამხმარეც. ის უნდა იყოს სანდო, რადგან მინიმალური ცოდნის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ,“ — ამბობს დათა ყავრელიშვილი.

ახალგაზრდა მებოცვრემ საკუთარი ხელით გააკეთა გალიები, თავად მოაწყო საკვები ბაზა, საკვებურები და დიდი ნებისყოფით ზრდის თავის ბოცვრებს, რომელიც კარგი შემოსავლის წყაროდაც აქცია.

„კურდღლის მოვლა ძალიან საინტერესოა. მალე მრავლდება და ნამატსაც სწრაფად იღებ. რა თანხასაც დახარჯავ, მინიმუმ ერთი იმდენს ამოიღებ. დღეს 120 დედამდე მყავს. ბოცვრის ხორცზე მოთხოვნაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. ვამარაგებ რამდენიმე კერძო მაღაზიას თბილისში და ამ ფორმით ვახდენ რეალიზებას. თუ ერთი სულის გაზრდა საკვების ყიდვის შემთხვევაში 10 ლარამდე ჯდება, სულ მცირე 13 ლარად ჩააბარებ კილოს. ერთი კურდღლისგან მოგება სულ მცირე 8-9 ლარი გრჩება. ნამატი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მოვლაზე, გარემო პირობებზე, კლიმატზე… მსურს მეურნეობა გავაფართოვო, რაშიც ფინანსური მხარდაჭერაც მჭირდება… დაზუსტებით ვიცი, რომ მთელი ცხოვრება მინდა ვიყო ფერმერი, რადგან ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს,“ — დასძენს ახალგაზრდა მებოცვრე და ახალგაზრდებს მოუწოდებს, იაქტიურონ, ინიციატივა გამოიჩინონ და დაიწყონ ის საქმე, რაც აინტერესებთ და წარმატებასაც უსათუოდ მიაღწევენ.

თეონა ნოზაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *