ვაშლი, სიმწიფე, კრეფა, პირველადი სასაქონლო დამუშავება და შენახვა

ვაშლი წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ხეხილოვან კულტურას, რომელიც ხასიათდება ადაპტაციის მაღალი ხარისხით სხვადასხვა ტიპის ნიადაგობრივი და კლიმატური პირობების მიმართ. მსოფლიოში ვაშლის წარმოება 70–80 მლნ. ტონის ფარგლებში მერყეობს.

ვაშლი საქართველოშიც წამყვანი კულტურაა. ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში 70 000–120 000 ტონა ვაშლი იწარმოება, რომელიც გამიზნულია როგორც ნედლი სახით საწარმოებლად, ასევე გადასამუშავებლად, ძირითადად, ვაშლის წვენის კონცენტრატის სახით. ვაშლის სამრეწველო ნარგაობების ძირითადი ნაწილი თავმოყრილია შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში. ვაშლის წარმოების წამყვანი მუნიციპალიტეტებია _ გორი და ქარელი, სადაც ბაღები გაშენებულია მდინარეების – დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს მიდამოებში, ძირითადად ალუვიურ-კარბონატული ტყის ყავისფერ და შავმიწისებრ ნიადაგებზე.

ბუნებრივ პირობებში ვაშლი წარმოადგენს საშუალო ან დიდი ზომის ხეს, რომელიც ცოცხლობს და მსხმოიარობს 60–80 წელს. კომერციულ წარმოებაში ვაშლის ბაღის მსხმოიარებაში შესვლის დრო, მოსავლის რაოდენობა და ექსპლოატაციის ხანგრძლივობა, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ნარგაობის ტიპებზე, ფორმირების წესზე, ჯიშზე და საძირეზე. ამჟამად სამრეწველო ნარგაობებში მისი ხნოვანება, როგორც წესი, არ აღემატება 15-20 წელიწადს.

მოთხოვნები კლიმატური პირობების მიმართ ვაშლი წარმოადგენს ზომიერი კლიმატის ხეხილოვან კულტურას. მსოფლიოში იზრდება 30°C და 50°C განედების ფარგლებში. მოსავლის მისაღებად მოითხოვს სითბოს გარკვეულ რაოდენობას, როგორც წესი (2400–3600) აქტიურ ტემპერატურათა ჯამს Degree-Day. ასევე შესაბამის მოსვენების, გაცივების პერიოდს (Chilling Unit) (+7.2° C) ქვემოთ 1000-2000° C ფარგლებში. ვაშლი ვერ იტანს ზაფხულის ძალიან მაღალ ტემპერატურასაც, 40°C-ზე ზევით აჩერებს ზრდას, ხოლო ნაყოფებზე ვითარდება მზის დამწვრობები. მორწყვის მიმართ მოთხოვნა მაღალია, ურწყავ გვალვიან პირობებში ნაკლებ პროდუქტიულია. მოითხოვს წლიურ ნალექიანობას 600-800 მმ-ის ფარგლებში. ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში ინტენსიურად ვითარდება ვაშლის სხვადასხვა ტიპის დაავადებები – ქეცი, ალტერნარიოზი და სხვა.

მოთხოვნები ნიადაგობრივი პირობების მიმართ

ვაშლს გააჩნია მაღალი ადაპტაციის უნარი ნიადაგის განსხვავებული პირობების მიმართ. მაღალი მოსავლის მისაღებად მოითხოვს კარგი დრენაჟის მქონე ნოყიერ ნიადაგს. საძირის შესაბამისად ნიადაგის მჟავიანობის ოპტიმალური ფარგლებია – pH 6.0-6.5. მგრძნობიარეა ნიადაგის მაღალი კარბონატიანობის მიმართ, თუმცა პროდუქტიულია საშუალო კარბონატიანი ნიადაგების პირობებში.

ვაშლის საქართველოში გავრცელებული ჯიშები

გოლდენ დელიშესი – ამერიკული ჯიში, ნაპოვნია მე-19 საუკუნეში შემთხვევითი თესლნერგის სახით. ცნობილია ამ ჯიშის მრავალი კლონი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია გოლდენ სმიტი, გოლდენ ბი, გოლდენ რეინდერსი, გოლდსპური და სხვა. ხე საშუალო ზრდისაა, ადრეულად შედის მსხმოიარებაში, მაღალმოსავლიანი, მოითხოვს ნაყოფების დანორმებას. ნაყოფი ყვითელი ფერისაა, კონუსური, საშუალო ან დიდი ზომის, ხასიათდება საუკეთესო საგემოვნო თვისებებით. საშუალო მასა – 160180 გრამი. იკრიფება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში – ინახება აპრილ-მაისამდე – მაღალპროდუქტიული ჯიშია.

ზამთრის ბანანი – ამერიკული ჯიში. ხე საშუალო ზრდისაა, მაღალმოსავლიანი, ნაყოფი ყვითელი ფერის, მრგვალი, მზის მხარეს ალისფერი ლოყით, საშუალო ან დიდი ზომის, აქვს დამახასიათებელი არომატი, ხასიათდება საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, იკრიფება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, ინახება მარტ-აპრილამდე. საშუალო მასა – 190-200 გრამი. რეკომენდებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის.

კეხურა – ადგილობრივი ჯიში. ხე ძლიერი ზრდისაა, მსხმოიარებაში გვიან შედის მაღალმოსავლიანი, ხასიათდება მეწლეობით. გვხვდება რამდენიმე კლონი – მათ შორის კლონი – „აჩაბეთურა“. ნაყოფი წითელი ფერისაა, მრგვალი, მსხვილი, საგემოვნო თვისებები საშუალო. იკრიფება ოქტომბრის ბოლოს, კარგად ინახება მაის-ივნისამდე. მაღალპროდუქტიული ჯიშია, საშუალო მასა – 170-180 გრამი.

ივერია – ქართული სელექციური ჯიში (ავტორი. თ. ცერცვაძე). ხე საშუალო და ძლიერი ზრდისაა, ხასიათდება მეწლეობით. ნაყოფი წითელი ფერის, მრგვალი, მსხვილი, კანი – ცხიმიანი, რბილობი – ნაზი, წვნიანი, მომჟავო-მოტკბო. საგემოვნო თვისებები საშუალო. იკრიფება ოქტომბრის ბოლოს, კარგად ინახება მაის-ივნისამდე. მაღალპროდუქტიული ჯიშია საშუალო მასა – 180-190 გრამი.

ქართული სინაპი – ადგილობრივი ჯიში. ხე ძლიერი ზრდისაა, გვიან შედის მსხმოიარებაში, მაღალმოსავლიანი, ნაყოფი მოგრძო-ცილინდრული ფორმის, მწვანე ფერის, მზის მხარეს შეფერილია ჟოლოსფერ-წითლად, შებრტყელებული, საშუალო ზომის, იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში, ინახება აპრილ-მაისამდე. საშუალო მასა – 150-160 გრამი.

რედ დელიშესი – ამერიკული ჯიში, ნაპოვნია მე-19 საუკუნეში შემთხვევითი თესლნერგის სახით. ცნობილია ამ ჯიშის მრავალი კლონი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია სტარკრიმსონი, რედ ჩიფი, სტარკ დელიშესი და სხვა. ხე სუსტი ზრდისაა, მალე შედის მსხმოიარებაში, მაღალმოსავლიანი, მოითხოვს დანორმებას, ნაყოფი წითელი, სრულ სიმწიფეში – მუქი იისფერი. ხასიათდება საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, იკრიფება სექტემბრის ბოლოს, ინახება მარტ-აპრილამდე. საშუალო მასა – 180200 გრამი.

გალა – ახალზელანდიური ჯიში. არსებობს ამ ჯიშის მრავალი კლონი – როიალ გალა, გალა მასტი, გალაქსი, შნიგა, გეილ-გალა, და ა.შ. ხე საშუალო ზრდისაა, ნაყოფი კონუსური ფორმის, საშუალო მასა – 170-180 გრამი, შეფერვა – ალისფერ-წითელი, დაწინწკლულია ოდნავ შესამჩნევი თეთრი წერტილებით. გამოირჩევა მეტად მიმზიდველი სასაქონლო სახით, რბილობი ხრაშუნა, ყვითელი ფერის, წვრილმარცვლოვანი, მეტად არომატული, საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, სიმწიფეში შედის და იკრიფება სექტემბრის დასაწყისში, მწიფდება არაერთდროულად, იკრიფება ორ ვადაში. მოიხმარება მოკრეფისთანავე. სარდაფის პირობებში ინახება აპრილამდე.

აიდარედი – ზამთრის სიმწიფის პერიოდის ამერიკული ჯიში (ვაგნერი X ჯონათანი). ხე სუსტი ზრდისაა, მსხმოიარებაში შედის მე-3-4 წელს, ნაყოფი იკრიფება ოქტომბრის მეორე დეკადაში. აიდარედი გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით – 35-40 ტონა ჰექტარზე და მაღალი მარკეტინგული თვისებებით. ნაყოფი საშუალოზე მსხვილია (180-200 გრამი), მობრტყო-მომრგვალო ფორმის, კანის ძირითადი შეფერვა – მოყვითალო, რომელიც მთლიანად დაფარულია ალისფერ-წითელი ფერით. რბილობი თეთრი, ოდნავ მოყვითალო, მომჟავო-მოტკბო გემოთი და გამორჩეული სასიამოვნო არომატით. სარდაფის პირობებში ინახება მაისამდე.

ფუჯი – იაპონური ჯიში. მრავალი კლონი არსებობს – ფუჯი ნაგა-ფუ 12, ფუჯი კიკუ, სან ფუჯი და ა.შ. ხე საშუალო ზრდისაა. ნაყოფი მომრგვალო კონუსური ფორმის, საშუალო მასა – 180-200 გრამი, შეფერვა – წითელი. გამოირჩევა მიმზიდველი სასაქონლო სახით. რბილობი ხრაშუნა, ყვითელი ფერის, წვრილმარცვლოვანი, ტკბილი გემოსი. იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში. სარდაფის პირობებში ინახება აპრილ-მაისამდე. საშუალო მასა – 170-180 გრამი. უხვმოსავლიანი ჯიში.

გრანი სმიტი – ავსტრალიური ჯიში. ხე საშუალო ზრდისაა. ნაყოფი მომრგვალო-კონუსური ფორმის, საშუალო მასა – 180-200 გრამი, შეფერვა – მწვანე, დაწინწკლულია შესამჩნევი თეთრი წერტილებით. გამოირჩევა მიმზიდველი სასაქონლო სახით. რბილობი ხრაშუნა, მომწვანო-მოთეთრო ფერის, გემო – მომჟავო-მოტკბო, იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში. სარდაფის პირობებში ინახება აპრილ-მაისამდე. მაღალპროდუქტიული და უხვმოსავლიანი ჯიში.

ჯონაგოლდი – ამერიკული ჯიში. წარმოებაში გავრცელებულია ჯონაგოლდის შემდეგი კლონები – ჯონაგორედი, ჯონიკა, რედ ჯონაპრინცი, ვილმუტა და ა.შ. რბილობი – მოყვითალო, წვრილმარცვლოვანი კონსისტენციის, ოდნავ მომჟავო, მაგრამ მაღალი საგემოვნო თვისებებით. ნაყოფი მსხვილი და მიმზიდველი. სარდაფის პირობებში ინახება აპრილამდე. პერსპექტიული ჯიშია გასავრცელებლად.

ვაშლის კრეფა

ვაშლის კრეფა ყველაზე დაძაბული და საპასუხისმგებლო პერიოდია ხეხილის ბაღში. არადროულ და მოსავლის არასწორ აღებას შეუძლია მოსავლის დიდი დანაკარგი გამოიწვიოს და შესამჩნევად დააქვეითოს პროდუქციის ხარისხი. მაგალითად, ვაშლის 1 დეკადით (10 დღე) ადრე კრეფა ამცირებს მოსავლიანობას 10-15%-ით. ხილი ამ დროს უფრო წვრილია და ცუდად ინახება, ხოლო დაგვიანებით კრეფისას, იზრდება შაქრის რაოდენობა, ნაყოფი გადამწიფდება და უფრო ცუდად ინახება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად დადგინდეს კრეფის ვადა, ტარის საორიენტაციო რაოდენობა და საჭირო სამუშაო ძალა, რათა კრეფა ჩატარდეს ორგანიზებულად და წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.

ნაყოფის ხარისხსა და შენახვისუნარიანობაზე გავლენას ახდენს როგორც ჯიშობრივი თავისებურებები, ასევე წარმოების აგროტექნიკური ფონი და ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორები.

ჯიშის ფაქტორი – ბიოლოგიური თავისებურებები განაპირობებს მოცემული ჯიშის ხარისხიანი (მსხვილი, უკეთესად შეფერილი ნაყოფები, დაავადებებისგან ნაკლებად დაზიანებული) ნაყოფის გამოსავლიანობას. ზოგიერთი ჯიში ერთნაირ პირობებში უფრო ხარისხიან ხილს იძლევა, ვიდრე სხვა ჯიში.

საძირე – დადგენილია, რომ ნაგალა საძირეებზე დამყნობილი ხეხილისგან მიღებული პროდუქცია ხასიათდება მაღალი ხარისხით, თუმცა მისი შენახვისუნარიანობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ძლიერ საძირეებზე მოყვანილი ხილის.

მცენარის ხნოვანება და მდგომარეობა – ახალგაზრდა მცენარე იძლევა უფრო მსხვილ ნაყოფს, ვიდრე სრულ მსხმოიარებაში მყოფი მცენარე, თუმცა მათი შენახვისუნარიანობა უფრო ნაკლებია. ამიტომ, ასეთ ბაღებს უქმნიან ვარჯის უკეთეს განათებას და ახდენენ მოსავლის ნორმირებას.

ნაყოფის მაღალ ხარისხს მნიშვნელოვნად განაპირობებს აგროტექნიკური ღონისძიებების აგროვადაში მართებულად ჩატარება. ნიადაგის მოვლის გამართული სისტემა, განოყიერების სისტემა, სხვლაფორ-მირება, მოსავლის ნორმირება, ზუსტად შერჩეული მცენარეთა დაცვის პროგრამა, ოპტიმალური მორწყვა და კრეფის ვადების დაცვა განაპირობებს მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებას.

ნაყოფის ხარისხსა და შენახვისუნარიანობაზე ასევე გავლენას ახდენს რელიეფის თავისებურებები და სიმაღლე ზღვის დონიდან. მაგალითად, განსაკუთრებით მაღალი ხარისხის თესლოვანი ხილი მიიღება ზღვის დონიდან 500-900 მეტრ სიმაღლეზე, წინამთების კალთებზე ან ვაკეზე გაშენებული ბაღებიდან.

მოსავლის წინასწარი შეფასება

საჭირო ინვენტარის და მუშახელის რაოდენობის დასაზუსტებლად მნიშვნელოვანია სავარაუდო მოსავლის წინასწარი შეფასება – ამისთვის მოსავლის აღებამდე ერთი თვით ადრე ბაღში შეარჩევენ 10-15 ტიპურ ხეს და მოახდენენ ნაყოფის ათვლას. ნაყოფის რაოდენობა გამრავლდება ნაყოფის საშუალო მასაზე და მიიღება საორიენტაციო საშუალო მოსავალი ერთ ხეზე, რომლის მიხედვით იანგარიშება მოსავლიანობა 1 ჰა-ზე. თუ ხე დიდი ზომისაა, ვაშლის ნაყოფს ითვლიან ხის მხოლოდ ერთ სამოდელო დედატოტზე, ან ვარჯის გარკვეულ ნაწილზე, მიღებული ნაყოფის რაოდენობა გამრავლდება იმ ნაწილზე, რასაც შეადგენს მოდელური ნაწილის მოსავალი.

საკრეფი სიმწიფის განსაზღვრა

მოსავლის აღების დროს არჩევენ სამი ტიპის სიმწიფეს: საკრეფი, ტექნიკური და მოსახმარი. ხილის საკრეფი სიმწიფე დგება მაშინ, როდესაც ნაყოფი მიაღწევს ჯიშისათვის დამახასიათებელ ზომას, ფორმას, შეფერვას, ადვილად წყდება ყუნწს, ხოლო თესლი იღებს დამახასიათებელ ყავისფერს (თესლოვანი ხილის შემთხვევაში). ასეთ სტადიაში მოკრეფილ ხილს შეუძლია შენახვის დროს დაასრულოს დამწიფება და მიიღოს ჯიშისათვის დამახასიათებელი გემო, არომატი და კონსისტენცია.

ტექნიკური სიმწიფე დგება საკრეფ სიმწიფეზე 2-4 დღით გვიან, ნაყოფი ვარგისია გადამუშავებისა და ტრანსპორტირებისათვის.
მოსახმარი სიმწიფე დგება მაშინ, როცა ნაყოფის ბიოლოგიური მომწიფება დასრულებულია, ნაყოფი იღებს ჯიშისათვის დამახასიათებელ გემოს, კონსისტენციას, წვნიანობას და ფერს. ნაყოფი ვარგისია ნედლად გამოსაყენებლად.

ვაშლის საგვიანო ჯიშების მოსახმარი სიმწიფე კი კრეფიდან 2-3 თვის შემდეგ დგება.

ვაშლის კრეფის ვადები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული არა მარტო ჯიშსა და საძირეზე, არამედ კლიმატზე, ნიადაგსა და ადგილმდებარეობაზე, ბაღის მოვლის აგროტექნიკაზე, მსხმოიარობის ინტენსივობაზე და სხვა. ამიტომ ხილის კრეფის ვადები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთი მუნიციპალიტეტის ფარგლებშიც კი კულტურებისა და ჯიშების მიხედვით.

პრაქტიკაში ვაშლის კრეფის ვადის განსაზღვრის მარტივი მაჩვენებელია ყუნწის მიმაგრების ადგილზე გაკორპებული ფენის წარმოშობა. ამ დროს ნაყოფი შემოტრიალებისას ადვილად წყდება ტოტს. თუმცა არსებობს ნაყოფის სიმწიფის ოპტიმალური ვადის დადგენის სხვა, უფრო ზუსტი მეთოდები, მაგალითად: დღეების რაოდენობა სრული ყვავილობიდან კრეფამდე წარმოადგენს საკმაოდ მუდმივ მაჩვენებელს, მიუხედავად წლების მიხედვით მეტეოროლოგიური პირობების განსხვავებისა. ყოველ ზონაში, ხეხილის სახეობის კონკრეტული ჯიშისათვის დღეების რაოდენობა ყვავილობიდან სიმწიფემდე უნდა დადგინდეს ექსპერიმენტული გზით. ზოგადად დადგენილია, რომ გოლდენ დელიშესისათვის ეს მაჩვენებელი საშუალოდ შეადგენს 150-160 დღეს. რბილობის სიმკვრივე განისაზღვრება პენეტრომეტრის საშუალებით. აკუსტიკური ვიბრაციის მეთოდზეა დამყარებული თანამედროვე ინსტრუმენტების მოქმედების პრინციპი, რომლებიც განსაზღვრავს სიმკვრივეს ნაყოფზე მარტივი შეხების საფუძველზე ან დისტანციურად. უკანასკნელ ხანებში ფართოდ გამოიყენება Sincler -ის, Aveta-ს ინსტრუმენტები. იოდ-სახამებლის ტესტი დაფუძნებულია ნაყოფში სახამებლის შემცველობის დადგენის პრინციპზე. ამისათვის ნაყოფს ჭრიან შუაზე და ჩაუშვებენ იოდის ხსნარში (4 გრამი იოდკალიუმი და 1 გრამი იოდი 1 ლიტრ წყალში). სახამებლის შემცველობას აფასებენ 1-2 წუთის შემდეგ ხუთქულიანი სისტემით: 5 ქულა – მთლიანად შეფერილი, 4 ქულა – თესლსაკნები ღია ფერის, 3 ქულა – ღია ფერის ლაქები თესლსაკნების გარეთაც, 2 ქულა – რბილობის დიდი ნაწილი შეუფერავი, 1 ქულა – ოდნავ არის შეფერილი, 0 ქულა – შეუფერავი. კრეფის ოპტიმალური პერიოდია 3-4 ქულა, ანუ როდესაც მუქად არის შეფერილი რბილობის 2/3 მდე. იოდ–სახამებლის ტესტი ტარდება „ლუგოლის“ ხსნარით.

კრეფა

კრეფა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მშრალ ამინდში, წვიმიანი ამინდის შემდეგ კრეფა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაყოფზე წვეთები აღარ იქნება. თუ ხილი დანამულია, კრეფა უნდა გადაიდოს 1-2 საათით, ნამის შეშრობამდე. კრეფის დროს ხის ვარჯი პირველ და მეორე იარუსებად ნაწილდება, ნაყოფი იკრიფება ჯერ ქვედა იარუსის, შემდეგ კი – ზედა იარუსის ტოტებზე.
ვაშლის კრეფა ხორციელდება შემდეგნაირად: ნაყოფი ხელისგულში თავსდება, შემდეგ ნაყოფის ყუნწში ზევით და გვერდზე გადაწევის გზით ხდება ნაყოფის კრეფა. ამ დროს აუცილებელია ხილის ყუნწის შენარჩუნება. დაუშვებელია ნაყოფის ტოტიდან ქვევით ჩამოგლეჯა. კრეფის დროს თავიდან უნდა იყოს აცილებული ნაყოფის ერთმანეთთან მიჯახება და დაჟეჟვა. აღსანიშნავია, რომ ხილის კანის სისაღე (დაუზიანებლობა) და მისი დაუჟეჟავი ზედაპირი განაპირობებს შენახვის გახანგრძლივებას.
კრეფის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ სანაყოფე ტოტები არ დაზიანდეს და არ დაიმტვრეს. მკრეფავებმა უნდა იმუშაონ თითებიანი მოქნილი ხელთათმანებით, შიშველი ხელით კრეფისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ხელის თითებზე ფრჩხილები არ იყოს წამოზრდილი.

მოკრეფილი ხილი ჩანთებიდან და ვედროებიდან ფრთხილად გადალაგდება ტარაში (კონტეინერები ან ხის ყუთები). ვაშლის ზოგიერთი ჯიში მწიფდება სხვადასხვა დროს, ამიტომ მოითხოვს ორ-სამ ვადაში კრეფას.
ვაშლს ძირითადად ინახავენ სპეციალურ საცავებში. კომერციული მიზნით ხილის შესანახად გავრცელებულია შენახვის სამი ფორმა: 1.ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლით ჩვეულებრივ გარემოში (სტანდარტული). 2.რეგულირებად ატმოსფეროში (პროგრესული) 3.ბუნებრივად გრილ, ჩვეულებრივი სარდაფის პირობებში.

წინასწარი გაცივება აუცილებელია ვაშლის წინასწარი გაცივება მოკრეფიდან 24 საათის განმავლობაში

ხილის დამუშავება

ვაშლის ფიზიოლოგიური და არაფიზიოლოგიური დაავადებების კონტროლისთვის გამოიყენება DPA ხსნარში დამუშავება ან 1–MCP გამოიყენება.

შენახვის რეჟიმები

oვაშლის შენახვის რეჟიმი ითვალისწინებს ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებას -1+1 C ფარგლებში, ხოლო ტენიანობის რეჟიმი დაცული უნდა იყოს 85-90 %-მდე. შენახვის რეჟიმი მეტად სპეციფიკურია და დამოკიდებულია ჯიშობრივ თავისებურებაზე. კონტროლირებად აირში (CA) შენახვის რეკომენდებული რეჟიმია (2-3 % O + 1,0-2,0 % CO ). 2 2 შენახვის ხანგრძლივობა – 9-12 თვე.

სახელმძღვანელო ნათარგმნია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტის ფარგლებში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *