ვაზის განვითარების ფაზები _ ფოთოლცვენა, მოსვენების პერიოდი, ფენოლოგია

 სრული სიმწიფის დადგომის შემდეგ მარცვლებთან საკვები ნივთიერებების მიდინება წყდება. მარცვლები იწყებს გადამწიფებას, ე.ი. შაქრის კონცენტრაცია მატულობს აორთქლების ხარჯზე.

მოსავლის მოკრეფის შემდეგ  ასიმილაცია გრძელდება – პლასტიკურ ნივთიერებათა გადადენა ზემო ნაწილებიდან ქვემოთ. ორგანული ნივთიერებები გროვდება ბუჩქის ძველ ნაწილებში – ყლორტებსა და განსაკუთრებით მუხლებში.

ყლორტების მომწიფება იწყება ზრდის პროცესების მნიშვნელოვნად შემცირების შემდეგ. იმის შემდეგ, რაც ქერქი გაყავისფერდება, ყლორტის მომწიფება მიმდინარეობს ნელ-ნელა, 1-3 მუხლთაშორისი 3-7 დღეში. ყლორტების მომწიფების პერიოდი არ ემთხვევა ნაყოფის დამწიფების პერიოდს. ეკოლოგიური პირობების მიხედვით, ყლორტები მომწიფდება ან მთლიანად ან ნაწილობრივ. ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად ყლორტების სიმწიფის ხარისხი კლებულობს და ყველაზე მცირეა მევენახეობის განვითარების ზღვარზე (1200 მ.).

შემოდგომაზე, აცივების დროს, ფოთლები წყვეტს ფოტოსინთეზს. ყუნწის მომაგრების ადგილზე წარმოიქმნება საკორპე ფენა. ქლოროპლასტების დაშლის კვალობაზე კი ფოთლები იღებს საშემოდგომო შეფერვას და ცვივა. ამით თავდება ვეგეტაციის ბოლო ფაზა.

მოსვენების პერიოდი

მოსვენების პერიოდი არის ორი _ ფიზიოლოგიური მოსვენება და ზამთრის მოსვენება. ზამთრის მოსვენების პერიოდი იწყება ფოთოლცვენის შემდეგ და თავდება გაზაფხულზე, კვირტების გამოსვლის დროს. ამ პერიოდში ვაზს არა აქვს ფოთოლი და არ ხდება ყლორტის ზრდა. ხოლო ფიზიოლოგიური (ორგანული) მოსვენება განისაზღვრება მოზამთრე კვირტების მდგომარეობით.

აგვისტოს ბოლოს, ყლორტის ქვედა კვირტებთან დაწყებული და ზემოთ, თითქმის ერთდროულად, მისი მომწიფების მიხედვით, მაღალი ტემპერატურის და შესაბამისი ტენიანობის მიუხედავად, კვირტები არ გაიშლება და ინარჩუნებს მოსვენების მდგომარეობას.

კვირტების ფიზიოლოგიურ მოსვენებაში შესვლა ევოლუციის შედეგად გამომუშავებული თვისებაა, რომელიც ეწინააღმდეგება მოზამთრე კვირტების გაშლას შემოდგომაზე, მაგრამ ამავე დროს გრძელდება ფესვთა სისტემის მოქმედება, რადგანაც ნიადაგის ტემპერატურა და ტენიანობა ხელს უწყობს მის მოქმედებას.

მოზამთრე კვირტები ჩვეულებრივ პირობებში არ იღვიძებს, მაგრამ თუ ვაზს შეეცვალა ყველა ფოთოლი და ზრდის წერტილი, ან მწვანე დაკალმების მეთოდის გამოყენების დროს, მოზამთრე კვირტები შეიძლება გაღივდეს და ნაზარდი მოგვცეს. შემდეგ დგება ფიზიოლოგიური მოსვენების პერიოდი, როცა სხვლის ჩატარებაც კი ვერ აიძულებს მოზამთრე კვირტებს გაღივებას, სანამ სათანადო ფაზა არ დაიწყება (გაზაფხულამდე).

ყველაზე ღრმა მოსვენების დროსაც კი მცენარეში მიმდინარეობს რთული ფიზიოლოგიური პროცესები: სუნთქვა, ტრანსპირაცია, ქიმიური გარდაქმნები და სხვა.

ფენოლოგია

ვაზის კულტურის განვითარების წლიური ციკლი უკავშირდება გარემო პირობებს. ამიტომ ცალკეული ფაზების დადგომის ვადები მნიშვნლოვნად მერყეობს წლების მიხედვით. განსხვავებულია ეს ვადები არამარტო ადგილმდებარობის, არამედ ჯიშების მიხედვითაც.

ვაზის კულტურის მთიან რეგიონში გაადგილებისას, ერთი და იგივე ჯიშების ვეგეტაციის პერიოდი რამდენადმე გრძელდება, რაც განპირობებულია ტემპერატურის შემცირებით.

სავეგეტაციო პერიოდი წვენის მოძრაობის დაწყებიდან ფოთოლცვენის დამთავრებამდე საქართველოში 200-240 დღეს შეადგენს და განსხვავებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში – მათი რაიონების ზღვის დონიდან სიმაღლეების მიხედვით. სავეგეტაციო პერიოდი იწყება კვირტების გაშლით და მთავრდება ყურძნის სრული სიმწიფით. აქედან გამომდინარე, მეტად საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშების სავეგეტაციო პერიოდი 95-120 დღეა, ხოლო მეტად საგვიანო ჯიშებისა (ოჯალეში, ჩხავერი) _ 210-220 დღე.

ჯიშების ბიოლოგიური თავისებურებების დასადგენად აუცილებელია ჩატარდეს ფენოლოგიური დაკვირვებები, ე.ი. აღინიშნოს კვირტის გაშლის, ყვავილობის, შეთვალების, სრული სიმწიფის დადგომის ფაზები. ფენოლოგიური დაკვირვებები უნდა ჩატარდეს ყველა ფერმაში. დაკვირვებების დროს ფენოლოგიური ფაზების დადგომასთან ერთად, აღრიცხავენ მოსულ ნალექებს, საშუალო დღიურ ტემპერატურას, მავნებლებისა და სოკოვან დაავადებათა გამოჩენას და სხვა. შესაძლებელია, ვისარგებლოთ ახლომდებარე მეტეოსადგურის მონაცემებით.

„მევენახეობა“

ანა გოდაბრელიძე,

ვაჟა გოცირიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *