ვაზის ჯიშების სამეურნეო კლასიფიკაცია

საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვაზის ჯიშები შეიძლება 5 ჯგუფად დაიყოს:

1. სასუფრე ყურძნის ჯიშები;

2. საღვინე ჯიშები;

3. საქიშმიშე ჯიშები;

4. ჯიშები წვენების წარმოებისათვის;

5. საკონსერვო ჯიშები.

სასუფრე ყურძნის ჯიშები – განკუთვნილია ნედლი ხილის სახით მოხმარების მიზნით.

მარცვლებს უნდა ჰქონდეს ლამაზი გარეგნობა, კარგი გემური თვისებები, უნდა იყოს ტრანსპორტაბელური და შენახვისუნარიანი.

სუფრის ყურძნის სასაქონლო სახეში განმსაზღვრელია მარცვლების სიმსხო, ფორმა, ფერი.

სუფრის ყურძნის ჯიშების უმრავლესობას ახასიათებს მსხვილი მარცვლები, მაგრამ მათი პოპულარობა აიხსნება ისეთი საუკეთესო თვისებებითაც, როგორიც არის უწიპწობა ან განსაკუთრებული არომატი. ასეთ შემთხვევაშიც კი მევენახე ცდილობს მიიღოს რაც შეიძლება მსხვილმარცვლიანი მოსავალი.

ყურძენს აქვს მრავალი გემური თვისება, მაგრამ გამოყოფენ სამ კატეგორიას: ნეიტრალურს, მუსკატურს და მომჟავოს.

საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნები გვკარნახობს, რომ სუფრის ყურძენი უნდა ვაწარმოოთ მომხმარებლის უმეტესობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

საქართველოში არსებობს სუფრის ყურძნის წარმოების დიდი აგროეკოლოგიური პოტენციალი.

საქართველო ტრადიციულად მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინის მწარმოებელი ქვეყანაa.  ამის მიუხედავად, გარკვეულ რეგიონებში არსებობს დიდი შესაძლებლობა და მოთხოვნა სუფრის ყურძნის წარმოების განსავითარებლად.

ასეთი რეგიონებია: მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი; დედოფლისწყარო, და საგარეჯოს რაიონის ივრის ზეგანი, ხოლო დასავლეთ საქართველოში – ზღვის დონიდან 0-600 მ სიმაღლის სანაპირო ზოლი ბათუმიდან გაგრამდე.

საქართველოში წარმოებული სუფრის ყურძენი არც ერთი სასაქონლო მაჩვენებლით არ ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებში წარმოებულ სუფრის ყურძენს, ქიმიური შემადგენლობით კი უფრო მდიდარია მათზე.

საღვინე ჯიშები

მსოფლიოში წარმოებული ყურძნის ძირითადი რაოდენობა გამოიყენება ღვინოების დასამზადებლად. საღვინე ჯიშები ეწოდება იმ ჯიშებს, რომლებისგანაც მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიიღება გარკვეული ხარისხის ღვინო.

ქართული ვაზის ჯიშების ტექნოლოგიური პოტენციალი იმდენად დიდია, რომ საქართველოში მათგან შეიძლება თითქმის ყველა ტიპის ღვინო იწარმოოს, რაც კი არსებობს მსოფლიოში. გარდა ჯიშური მრავალგვარობისა, ამას ხელს უწყობს საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნება. მაგალითად, კახური ვაზის ჯიშის რქაწითელისგან შეიძლება წარმოებულ იქნას მაღალხარისხოვანი კახური ტიპის, ევროპული ტიპის, სუფრის (ღვინო) შემაგრებული და ასევე სადესერტო ღვინოები: პორტვეინი, მალაგა, მადერა და სხვა.

დიდი ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნია: საფერავს, მწვანეს, ხიხვს, ჩხავერს, ოჯალეშს და სხვა ჯიშებს.

ჯიშები ყურძნის წვენებისათვის

ყურძნის წვენის წარმოება საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოში. პასტერიზაციის ან სხვა მეთოდების გამოყენებით შეიძლება მიღებულ იქნას ტკბილი წვენი, მისაღები გემური თვისებებით. ამ კატეგორიის ჯიშები უნდა გამოირჩეოდეს წვენის სიუხვით და დიდხანს უნდა ინარჩუნებდნენ ახალი ყურძნის ბუნებრივ გემოს. პასტერიზაციის შედეგად, მუსკატური ჯიშები კარგავენ მისთვის დამახასიათებელ არომატს, ამიტომ მათ წვენების წარმოებისათვის არ გამოიყენებენ.

ამერიკაში ფართოდ არის გავრცელებული ამერიკული ჯიში „კონკორდი“, რომლის წვენების წარმოება ტრადიციული გახდა.

საქართველოში წვენების წარმოებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას საღვინე ვაზის რეკომენდებული ჯიშები. ჯიშები მშრალი ყურძნისა და ქიშმიშის წარმოებისათვის. გამშრალი ყურძნის თვისებები არსებითად დამოკიდებულია ჯიშურ თავისებურებებზე და შრობის მეთოდზე.

ქიშმიშსა და ჩვეულებრივ გამშრალ ყურძენს შორის არის სხვაობა. საქიშმიშე ჯიშების მარცვლები ხასიათდება რბილი სტრუქტურით, უწიპწობით, სასიამოვნო არომატით, მარცვლების საშუალო ან მსხვილი ზომით. სტრუქტურა დამოკიდებულია ჯიშსა და შაქრიანობაზე. გამომშრალი ყურძენი კარგად ინახება თუ მისი ტენშემცველობა არ აღემატება 17%-ს. რაც მეტ შაქარს შეიცავს ქიშმიში, მით უფრო რბილია და მეტია მისი ხვედრითი წონა.

საქართველოში მშრალი ყურძნის ან ქიშმიშის წარმოების ტრადიცია არ არსებობს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საღვინე ყურძნის ჯიშისაგან გირლიანდების ასხმას და მზეზე გამოშრობას (საოჯახო მოხმარებისათვის), რისთვისაც გამოიყენება რქაწითელი, ცოლიკოური, ბუერა და ზოგიერთი სხვა ჯიში.

ყურძნის წვენის საწარმოებლად საბაზრო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ შემდეგი ჯიშები:

1. ქიშმიში თეთრი, ოვალური;

2. კორინკა შავი, ანუ პანარიტი;

3. ალექსანდრიის მუსკატი;

4. სულთანინა უწიპწო;

5. წითელი კორინკა;

6. შავი ქიშმიში.

აღნიშნული ჯიშები გავრცელებულია სუფრის ყურძნის და ქიშმიშის მწარმობელ ყველა ქვეყანაში.

საქართველოში ამ დარგის განვითარება შეიძლება შეზღუდულად, განსაკუთრებით ივრის ზეგანზე და იორმუღანლოს მიკრორაიონში.

საკონსერვო ყურძნი ჯიშები

ყურძენი, როგორც წესი, კონსერვდება სხვა საკონსერვო ხილთან ერთად. გამოიყენება უმეტესად უწიპწო ჯიშები: თეთრი ქიშმიში, კანერი და სხვა.

ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების მიერ მიღებულია ახალი სელექციური საქიშმიშე ჯიშები, რომლებიც გამოიყენება პირდაპირ, შერევის გარეშე, საკონსერვო წარმოებაში. ასეთი ჯიშები გამოყვანილია კალიფორნიაში, მოლდავეთსა და უნგრეთში.

ანა გოდაბრელიძე,

ვაჟა გოცირიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *