ვენახის დაპროექტება

მცირე ფართობის ვენახის (2 ჰექტარი და ნაკლები) დაგეგმვა ხდება ადგილობრივი მევენახე-სპეციალისტის მიერ. მსხვილი სამრეწველო ვენახის დაპროექტება საქართველოს პირობებში მიზანშეწონილია ჩატარდეს სპეციალური საპროექტო სამსახურის მიერ. საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური და რელიეფური მრავალგვარობა მოითხოვს გასაშენებელი ფართობის დეტალურ შესწავლას. პროექტის შედგენა მოიცავს ორ ეტაპს: 1) საძიებო-საპროექტო სამუშაო; 2) ტექნიკური პროექტის დამუშავება.
საძიებო-საპროექტო სამუშაოები

სპეციალისტების ჯგუფი დასაწყისში სწავლობენ ტერიტორიას, რომელიც უნდა დაკავებული იქნას ვენახებით. ნიადაგების აგროსამეურნეო შეფასების, ტერიტორიის ორგანიზაციისა და ჯიშების განლაგებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ტოპოგრაფიული გადაღება. ტოპოგრაფიული გადაღება ხდება მსხვილი მასშტაბით – 1:5000 ან 1:2000 იმ ფერდობებისთვის, რომლებიც ექვემდებარება დატერასებას.

რელიეფი უნდა გამოიხატოს ჰორიზონტალებით, რაც უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს, განსაკუთრებით ფერდობი ადგილების გადაღების დროს და საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად დალაგდეს სარწყავი სისტემა ან ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები.

ვენახის დაპროექტების თავისებურებები ზონების მიხედვით

საქართველოში ვაზი ხარობს თითქმის ყველა რაიონში. მას საწარმოო მნიშვნელობა გააჩნია 0-დან 1200 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. ისტორიულად ცნობილია მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი მიკროზონები კახეთში – კარდანახი, წინანდალი, ნაფარეული, ქინძმარაული, ახაშენი და სხვა; ქართლში – ატენური, მუხრანული და სხვა; რაჭა-ლეჩხუმში – ხვანჭკარა, ტოლა; გურიაში – ბახვი, ასკანა; იმერეთში – სვირი, ობჩა; სამეგრელოში – მარტვილი, თამკონი და სხვა; აფხაზეთში – ლიხნი და სხვა. ყველა ეს მიკრორაიონი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ხანგრძლივი ისტორიული განვითარების პროგრესის შედეგია, მაგრამ სულ უკანასკნელ დრომდე იგი არის იურიდიული ძალით განმტკიცებული. მიკროზონების აგროეკოლოგიური მაჩვენებლების შესწავლა და მისი იურიდიული საფუძვლების შემუშავება დაიწყო მებაღეობა, მევენახებისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ვაზის აგროეკოლოგიის განყოფილებამ გასული საუკუნის 80-იან წლებში, რომელიც შეწყდა 90-იანი წლების პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის გამო.

ამჟამად, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, ადგილმდებარეობის სახელწოდების მატარებელი ღვინოების წარმოებას დიდი ყურადღება ექცევა და საქართველოს მეღვინეობის მიკრორაიონების კარტოგრაფირებას და სანედლეულო ბაზის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ეძლევა. აქედან გამომდინარე, მიკრორაიონებში ვენახების დაგეგმვის დროს, აუცილებელია პროექტით იმ ჯიშის გაშენება იყოს გათვალისწინებული, რომლის წარმოებითაც ცნობილია ეს მიკრორაიონი. მაგალითად, ქინძმარაულში – საფერავი; ხვანჭკარაში – ალექსანდროული და მუჯურეთული. არ შეიძლება უნიკალური პროდუქციის მწარმოებელ მიკრორაიონში ინდმეწარმის ან მსხვილი ფირმის შემოთავაზებით დაპროექტდეს იმ ჯიშის გაშენება, რომელიც კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.

ვენახის დაპროექტების მარკეტინგული საფუძვლები

ვენახის გაშენების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს საბაზრო მოთხოვნები. საქართველოში ერთ მუშახელს შეუძლია ერთი ჰექტარი ვენახის არასამექანიზაციო სამუშაოს შესრულება. ნორმალურ პირობებში ერთ ჰექტარ ვენახს შეუძლია ერთი ოჯახის გამოკვება. გერმანიაში, მოზელში 0,8-1,0 ჰექტარი ვენახი უზრუნველყოფს ოჯახის გამოკვებას. აქ ყველა სამუშაო ხელით სრულდება, ვაზი მცირე მოსავალს იძლევა, მაგრამ იგი ძვირად ფასობს. მსოფლიოს ბევრ სხვა რეგიონში, ცალკეული სამრეწველო ვენახებს უჭირავთ დიდი ფართობი. კალიფორნიაში, სადაც ვენახში ხელით სამუშაო მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ საცხოვრებელი მინიმუმი მაღალია, ოჯახის უზრუნველსაყოფად მევენახეს უნდა ჰქონდეს 20-32 ჰექტარი ვენახი. ვენახის მინიმალური ფართობის დროს მევენახემ და მისმა ოჯახმა თვითონ უნდა შეასრულოს თითქმის ყველა სამუშაო. მოსავლის ასაღებად და სხვლისათვის ჩვეულებრივ გამოიყენება ტრაქტორი და სხვა მანქანა-იარაღები. ვენახის ფართობის ზრდის ზღვარი დამოკიდებულია ფულადი სახსრების არსებობაზე, მუშა ხელზე და მფლობელის ადმინისტრაციულ უნარზე. ერთი ჰექტარი ვენახის გაშენების ღირებულება 4 წლამდე მოვლით საქართველოში 20-30 ათასი ლარია. საქართველოს პირობებში ვენახი მესამე წლიდან იძლევა მოსავალს, ხოლო მე-4-5 წელს სრულ მსხმოიარობაში შედის. აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის შეძენის, ვაზის დარგვის, შპალერის მოწყობის ხარჯების გარდა, მევენახეს უნდა ჰქონდეს საკმაო კაპიტალი იმისათვის, რომ 2-3 წლის განმავლობაში მოუაროს ვენახს, რომელიც არ იძლევა მოსავალს. ახალშენ ვენახში შესაძლებელია ერთწლიანი კულტურების წარმოება. საქართველოს სამრეწველო ქალაქებისა და კურორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მევენახემ შეიძლება აწარმოოს სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის სუფრის ყურძენი.

ვაზის ჯიშების შერჩევისა და ვენახში განლაგების პრინციპები

ვაზის ჯიშების შერჩევა ამა თუ იმ რეგიონის ან მიკროზონისთვის ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული `ვაზის და ღვინის შესახებ~ საქართველოს კანონით დადგენილი ჯიშების ჩამონათვალიდან. დიდი ფართობების ვენახის გაშენების დროს სასურველია გაშენდეს ერთი და იგივე ტექნოლოგიური მიმართულების, სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის რამდენიმე ჯიში, რაც უზრუნველყოფს გადამამუშავებელი საწარმოების თანაბარ დატვირთვას და ყურძნის მოვლა-მოყვანაზე დასაქმებული მუშახელის რაციონალურ გამოყენებას. სუფრის ყურძნის წარმოების მიზნით ვენახების დაპროექტების დროს, ჯიშების შერჩევა განსაკუთრებით სამრეწველო ქალაქებსა და საკურორტო ზონაში მიზანშეწონილია მოხდეს კონვეიერის პრინციპით, რაც გულისხმობს ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდების თანმიმდევრობით სასუფრე ვაზის ჯიშების გაშენებას. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერის აკადემიური დოქტორის ვ. გოცირიძის მიერ შემუშავებულია სუფრის ყურძნის წარმოების ჯიშური კონვეიერის მეთოდი საქართველოსათვის. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში გაშენდეს 30-35 ჯიში, რომელთა სიმწიფის პერიოდები ერთმანეთს დაცილებულია მხოლოდ 5-10 დღით. ამ პრინციპით გაშენებული ვენახი საშუალებას იძლევა მოვამარაგოთ მომხმარებელი სამაცივრო დანადგარების გარეშე, ახალი ყურძნით, 20-25 ივნისიდან 10-15 დეკემბრამდე, ე. ი. 4,5-5 თვის განმავლობაში. ჯიშური კონვეიერის პრინციპით სუფრის ყურძნის წარმოება უთუოდ აამაღლებს დარგის რენტაბელობას.

კულტურული ჯიშების შერჩევასთან ერთად უნდა მოხდეს საძირეების შერჩევა. ნიადაგის აქტიური კარბონატობის სხვადასხვა სიდიდე განაპირობებს ქლოროზის გაჩენას და მის მიერ მიყენებული ზარალის სიდიდეს. ამიტომ:
საძირე რიპარია X გლუარი გამოყენებული უნდა იქნას ნიადაგებში, სადაც აქტიური კარბონატობა 6,0% უდრის

რიპარია X რუპესტრის 101-14 8%-ზე;

`—————`————-` 3309 – 10,5%-ზე;

ბერლანდიერი X რიპარია კობერი 5ბბ – 20%-ზე;

შასლა X ბერლანდიერი 41ბ – 26%-ზე.

საძირე ჯიშების სწორ შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვენახის ნაყოფიერებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობისათვის.

გზებისა და ქარსაფარების მოწყობა

ვენახის საგზაო სისტემის დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ყველა ტერიტორიულ-საწარმოო ერთეულის უფრო რაციონალურად გამოყენებას.
თავისი დანიშნულების მიხედვით გზები იყოფა შემდეგ კატეგორიად: მაგისტრალური გზები, რომლებიც ემსახურება რამოდენიმე მასივის ერთმანეთთან, პროდუქციის გადამუშავების პუნქტების და სხვა სამეურნეო ცენტრების დაკავშირებას. ცალკეულ შემთხვევაში, ვენახის მაგისტრალური გზები შეიძლება გახდეს ტრაქტორის აგრეგატების მოსაბრუნებელი ადგილი. მაგისტრალური გზების სავალი ნაწილი გაანგარიშებულია ორმხრივი მოძრაობისთვის. ასეთ შემთხვევაში, სავალი ნაწილის სიგანე შეადგენს 6-7 მ-ს. მაგისტრალური გზების გასწვრივ, გვერდებზე რგავენ ალვის ხეებს, ან ალუბლის, ბლის, ან თხილის ბუჩქებს.

ჩვეულებრივი გრუნტის გზები ადრე გაზაფხულზე ან მოსავლის აღების წინ საჭიროებენ სისტემურ მოწესრიგებას გრეიდერით. თუ მაგისტრალური გზები გამოიყენება სატრაქტორო აგრეგატების მოსაბრუნებლადაც, მაშინ მათი სიგანე უნდა დაიგეგმოს 8 მეტრამდე. კვარტალშორისი გზები ემსახურება სხვადასხვა ტვირთის შემოზიდვას ერთ ან რამოდენიმე კვარტალში. კვარტალშორისი გზები არის ორი სახის: განივი და გრძივი.
განივი კვარტალშორისი გზა ეწყობა კვარტლის გრძელი მხარეების გასწვრივ ტერიტორიის საერთო ქანობის გარდიგარდმო.
მისი დანიშნულებაა ავტო-ტრაქტორთა მოძრაობის უზრუნველყოფა ორი მიმართულებით. ასეთი გზების სიგანე შეადგენს 6 მეტრს. თუ ადგილის სპეციფიკა მოითხოვს ცალმხრივ მოძრაობას, მაშინ ამ გზის სიგანე 4 მეტრი იქნება.

ფერდობზე ეროზიის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გზა დაიგეგმოს მთელი ფერდობის სიგრძეზე. თანაბარი დაქანების დიდ ფერდობებზე გზები იგეგმება შერეულად, 30-40 მ-ზე დიდი ქანების ფერდობებზე კი გზებს ტეხილი ფორმა აქვს (ზიგ-ზაგი). გზის სავალი ნაწილის დახრილობა არ უნდა აჭარბებდეს 8-10°-ს. თარგთაშორისი გზები წარმოადგენენ დამხმარე გზებს, რომლებიც აერთებენ ორ მეზობელ თარგს. ისინი გათვლილია ერთი მიმართულებით ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების მოძრაობისთვის. ასეთი გზების სიგანე – 4-5 მ-ია. ისინი უფრო ხშირად ფერდობის გასწვრივ ეწყობა, ამიტომ დიდ ფერდობზე მათი გამართვა უნდა მოხდეს მონაცვლეობით, ძლიერ ქანობიან ფერდობზე კი – ზიგზაგისებურად. გარდა აღნიშნულისა, დატერასებულ ფერდობზე ეწყობა ფეხით მოსიარულეთა ბილიკები მოსავლისა და სხვა ტვირთის ერთი ტერასიდან მეორეში გადასატანად. ასეთი გზების სიგანე 1,8-2,0 მეტრია, კიბისებრი გამაგრილებელი საფეხურების მსგავსად.
საგზაო სისტემის მოვლის მოთხოვნაა გზის პროფილის შენარჩუნება მთელ სავალ ნაწილზე. ამისთვის, წლიური წვიმების შემდეგ, მთელი სავეგეტაციო პერიოდის მანძილზე, გზა უნდა მოსწორდეს გრეიდერით.

ვენახის ქარსაფარისა და წყლის მარეგულირებელი ბუჩქნარის მოწყობა

ტყის ზოლები ვენახში ასრულებს წყლის ეროზიისაგან დაცვის როლს. ამიტომ მის სტრუქტურაში უნდა ჭარბობდეს ტყის ჯიშები, რომელთა სიმაღლე 1,52,0 მეტრზე მეტით არ აღემატება ვენახის სიმაღლეს. მხოლოდ ქარიან ადგილებში რეკომენდებულია შეიქმნას წყლის მარეგულირებელი მაღალი ტყის ზოლები (ქარსაფარი), რომელიც ასევე უნდა შედგებოდეს მაღალი ხეებისა და ბუჩქნარის სახეობებისა და ჯიშებისაგან.

ტყის ზოლების განლაგება ხდება ტერიტორიის ორგანიზაციის შესაბამისად. წყლის მარეგულირებელი ტყის ზოლი ვენახში იგეგმება კვარტლების გრძელი მხრის გასწვრივ, ფერდობის გარდიგარდმო. ტყის ზოლის გაშენება ფერდობის დახრის მიმართულებით შეუძლებელია, რადგან ეს გამოიწვევს წვიმისა და სხვა ზედაპირული წყლების დინების კონცენტრაციას ერთ ან ორ ზოლში, რაც პროვოცირებას უკეთებს ეროზიულ პროცესებს.

სტრუქტურისა და ვენახებში განლაგების პრინციპის მიხედვით გამოიყოფა რამდენიმე სახის ტყის ზოლი.

წყლის ნაკადის მარეგულირებელი ბუჩქნარი ზოლები ეწყობა კვარტლის გრძელ მხარეზე. ასეთი ტყის ზოლები არის ფერდობის მხრიდან კვარტალშორის ან გარე გზებზე. ისინი იგეგმება 5-7 მეტრი სიგანის. კარგი შედეგი მოიტანა ტყის ზოლმა, სადაც 4-5 რიგი ჟოლო ან მოცხარი გაშენდა 2,0-2,25×0,52 მ. კვების არზე.

კარგი წყალმარეგულირებელი უნარი გააჩნია ტყის ზოლს, რომელიც შედგება 10-12 რიგის, სხვადასხვა სახეობის ბუჩქებისგან. კვების არე ასეთ ბუჩქებში 0,75×0,5 მ²-ია. ასეთ ტყის ზოლებში მოვლა ხორციელდება 3-4 წლის განმავლობაში. შემდეგ კი მოვლა გამოიხატება მხოლოდ სანიტარული ღონისძიებების გატარებაში. ქარსაფარ და წყლის მარეგულირებელ ანტიკოროზიულ ტყის ზოლს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი სტრუქტურა: 2 რიგი ბუჩქნარი, რომელიც არ საჭიროებს ინტენსიურ მოვლას და 4 რიგი ხე-მცენარეები 2,5×1,5 მ კვების არით. მასივის მხრიდან ასევე ირგვება 2 რიგი ბუჩქნარი. 1,0X0,5 მ კვების არეზე. ხემცენარეებიდან შეიძლება ქარსაფარში გამოვიყენოთ: ალვის ხე, აკაცია, ცაცხვი და ტყის სხვა ჯიშები.

ნაკვეთის კვარტლებად დაყოფის და კონფიგურაციის შერჩევის მეთოდები

ვაკე და მცირედ დახრილ ფერდობებზე, კვარტლების და თარგების საუკეთესო ფორმას წარმოადგენს სწორკუთხოვანი ფორმა. უფრო დახრილი და რთული რელიეფის ფერდობებზე კი იყენებენ ტრაპეციის ფორმას. კვარტლის ოპტიმალური სიგრძე არის 600-800 მ, რთული რელიეფის ფერდობებზე კი – 150-დან 700 მეტრამდე. კვარტლის სიგანე სწორ ადგილზე უნდა იყოს 400-500 მეტრი, ფერდობ ადგილებზე კი, სადაც დახრილობა 60-მდეა – 250-300 მ, 6-120-მდე დახრილ ფერდობზე – 180-200 მ, ხოლო 120 უფრო დაქანებულ ადგილებში – 80-120 მ. აქედან გამომდინარე, კვარტლის ფართობი ძლიერ მერყეობს რელიეფის მიხედვით, მაგრამ ოპტიმალურია 10-25 ჰექტარი.

რიგების მიმართულების დადგენის მიდგომები

ტერიტორიის ორგანიზაციის დროს გადამწყვეტია რიგების მიმართულების განსაზღვრა. რიგების მიმართულების განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ მანქანა-ტრაქტორთა აგრეგატების მოძრაობის მიმართულება რიგებში აგროტექნიკურ ღონისძიებათა შესრულების დროს, ქარების მიმართულება, სარწყავ ადგილებში კი – რწყვის წესები. სწორ, ვაკე ადგილებში რიგები უმჯობესია განლაგდეს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ამ დროს გარანტირებულია მცენარის საუკეთესო განათება მთელი დღის განმავლობაში. 20-ზე მეტი დახრილობის ფერდობზე რიგები უნდა განლაგდეს ფერდობის გარდიგარდმო, რაც გამორიცხავს ნიადაგის ჩამორეცხვას, აჩერებს ტენს და აადვილებს ვენახის დამუშავებას. თუ კვარტალი განლაგებულია სხვადასხვა ექსპოზიციაზე, მაშინ რიგები ეწყობა ჰორიზონტალების გასწვრივ.

ქარიან ადგილებში რიგების მიმართულება უნდა კვეთდეს ქარის მიმართულებას. ასეთ შემთხვევაში ნიადაგის გამოშრობის რისკი შემცირებული იქნება.

ნიადაგის ანალიზი: გამოკვლევის მეთოდები, შედეგების ინტერპრეტაცია

საქართველო გამოირჩევა ნიადაგური მრავალფეროვნებით. ვაზის წარმოება შეიძლება ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა ჭაობიანი და მლაშე ნიადაგებისა. თუ ადვილად ხსნადი მარილები ნიადაგის გამონაწურში 0,3%-ს აღემატება, ასეთი ნიადაგი ვაზისათვის გამოუყენებელია. მინერალიზებული გრუნტის წყლები არ უნდა იყოს 2,5-3 მეტრ სიმაღლეზე ახლოს, ხოლო გაზაფხულზე გრუნტის წყლები არ უნდა აღწევდეს 1,5 მეტრზე ახლოს მიწის ზედაპირიდან.

გამოუსადეგარია მიწის ნაკვეთები, სადაც მოქმედებენ მეწყერები. მკვრივი დანალექი ქანები, როგორიც არის კონგლომერატი, კირქვა, მერგელი და სხვა, უნდა იყოს არანაკლებ 1,5-2 მეტრის სიღრმეზე მიწის პირიდან. სავენახე ადგილის შესარჩევად ატარებენ ადგილის ტოპოგრაფიულ აგეგმვას, შეისწავლიან ნიადაგის საფარს და გრუნტს (ქვენიადაგს), სწავლობენ ნიადაგწარმომქმნელ ქანებს, მათ მექანიკურ და ქიმიურ შემადგენლობას, ამის საფუძველზე კი ადგენენ ტექნიკურ სამუშაო პროექტს. ნიადაგების ლაბორატორიულმა, ქიმიურმა ანალიზმა უნდა მოგვცეს საფუძველი ორგანულ-მინერალური სასუქებით, პლანტაჟისწინა განოყიერების გეგმის შესადგენად და კონკრეტულ კვარტლებში და მასივებში სასუქების შესატანი დოზების გასაანგარიშებლად.

ანა გოდაბრელიძე,

ვაჟა გოცირიძე

„მევენახეობა“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *