ვიტამინების საბადო: სასაცილო სახელის მქონე მცენარე ჭარბი წონის კორექციისთვის

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე დღეს დასავლეთ საქართველოში

ფართოდ გავრცელებულ მცენარეს გაგაცნობთ, რომლის სასარგებლო

თვისებები შესაძლოა ბევრი თქვენგანისთვის უცნობია.

ჭყიმი – ძვირფასი და არომატული სანელებელი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდანაა ცნობილი. ძველი ბერძენი და რომაელი კულინარები მას სხვადასხვა კერძში გემოსა და არომატისთვის უმატებდნენ. რუსეთში მისგან ღვინოს აყენებდნენ, საქართველოში კი უხსოვარი დროიდან საკმაზ-სანელებლადაც იყენებდნენ და მინდვრის მხლის კერძის ერთ-ერთ შემადგენელ მცენარედაც.

ღრინჭოლა, ლიმი, ჭიმი, მაყრანწალა, ყროლა, დიყინჭორა, მაყალურწა, მაწარა ყველა ამ უჩვეულო და სასაცილო სახელით ერთი და იგივე მცენარე, ჭყიმი აღინიშნება, რომლის ლათინური სახელწოდებაცაა Anthriscus.

ჭყიმის სახეობებიდან საკვებად ყველაზე ფართოდ გავრცელებულია Anthriscus cerefolium (L.) Hoffm., რომელიც ჭყიმა მხლის სახელითაა ცნობილი. დასავლეთ საქართველოში მოსახლეობა მისგან, სხვა მცენარეებთან ერთად (ბალბა, ჭინჭარი, ნაცარქათამა და სხვ.), მინდვრის მხლის კერძს ამზადებს.

მცენარის სამშობლოდ ჩრდილო კავკასია მიიჩნევა. საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია გვარის რვა სახეობა. მათ შორის ორი — Anthriscus ruprechtii Boiss. და A. schmalhauseni (Albov.) K.-Pol. კავკასიის ენდემია.

მცენარე დიდი ოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, გლიკოზიდებს, პროტეინებს, ცხიმოვან მჟავებს, A, B1, B2, B6, B9, C, PP ვიტამინებსა და მინერალებს: რკინას, თუთიას, სპილენძს, მანგანუმს, სელენს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალიუმს, ფოსფორს.

დასავლეთ საქართველოში მოსახლეობა ჭყიმისგანსხვა მცენარეებთან ერთად (ბალბა, ჭინჭარი, ნაცარქათამა და სხვ.), მინდვრის მხლის კერძს ამზადებს.

ჭყიმის ნედლი ფოთლები და ნორჩი ყლორტები ყვავილობის დაწყებამდე, აგრეთვე, ზეთზე, სპირტზე, ან ძმარზე დამზადებული ნაყენი კულინარიაში გამოიყენება როგორც ძვირფასი სანელებელი, რომელიც სასიამოვნო გემოსა და არომატს აძლევს კერძს და ამძაფრებს სხვა საკმაზ-სანელებლების გემოს.
ის იოლად შეითვისება და უხვად ამარაგებს ორგანიზმს ვიტამინებით.


სანელებელს აქვს ოხრახუშის და ანისულის არომატი და სასიამოვნო, მოტკბო გემო. კარგად ეხამება სხვადასხვა საკმაზ-სანელებელს. თერმული დამუშავებისას მცენარე კარგავს სასარგებლო თვისებებს, ამიტომ კერძს უმატებენ სულ ბოლოს. მხლად მოხარშვისას კი ჭირდება ოდნავ მოთუთქვა. მცენარის ნორჩი ფოთლებით აფორმებენ სალათებს, ცივ და ცხელ კერძებს.

სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოში ჭყიმა მხლით გემოსა და არომატისთვის კმაზავენ სატაცურს, არტიშოკს, ისპანახს, მწვანე შჩის, ფლოვს, აკროშკას, სალათებს, კომბოსტოს, პარკოსნებს, პომიდორს, გარნირებს, სუპებს, ბულიონებს, ხორცის კერძებს, თევზს, ნანადირევს, ფრინველის ხორცს, მარინადებს; ჩრდილო ამერიკაში — გრილზე შემწვარ ფრინველის ხორცს, შემწვარ თევზს, კვერცხის კერძებს, პასტებსა და სენდვიჩის პიურეებს. ჭყიმი კარტოფილის პიურესა და ომლეტს აძლევს განსხვავებულ, სასიამოვნო გემოს. ძალიან უხდება ქათმის ბულიონს და ღორისა და ცხვრის ცხიმიან ხორცს.
სანელებლით შეზავებული კვერცხის, ძმრის, ზეთის, არაჟნისა და მდოგვის სოუსი შეუდარებელია შემწვარი და მოხარშული ხორცის, ომლეტის, კარტოფილისა და ყველის კერძებთან.

საუცხოო მსუბუქ და სასიამოვნო არომატს აძლევს მარგარინს, ხაჭოს, ყველს, სოუსებს, გარნირებს, მწვანე ზეთს და ძმარს.

ჭყიმი განსაკუთრებით პოპულარულია  ფრანგულ სამზარეულოში. სანელებელი მთავარი ინგრედიენტია პოპულარული ფრანგული სოუსებისა და შედის კლასიკური არომატული სანელებელი ბალახების ნაკრებებში: „Fines Herbes“ და „Bouquet garni“.

ხორცპროდუქტების საკონსერვო, ალკოჰოლური და სხვა სასმელების წარმოებაში აგრეთვე, იყენებენ ჭყიმის ზეთს.

გაითვალისწინეთ:

  • ჭყიმის ზეთის გამოყენებისას სახლის პირობებში სიფრთხილე გმართებთ, რამდენადაც, მცენარის თესლებისგან გამოხდილი ზეთი შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა.

გარდა მწვანე ნაწილებისა, საკვებად გამოდგება ჭყიმის ზოგიერთი სახეობის ძირხვენა, რომლებიც კვებითი ღირებულებით ბევრ სხვა საკვებ ძირხვენას აღემატება. წვრილად დაჭრილი გამოიყენება სალათებსა და ძირითად კერძებში, აგრეთვე, ვიტამინით გამდიდრებული ყველის სორტების დასამზადებლად.

რაც შეეხება მცენარის სამკურნალო თვისებებს, ხალხურ მედიცინაში იყენებენ მცენარის თესლებსა და მწვანე ნაწილებს (და ექსტრაქტს), მასობრივი ყვავილობის დროს.

მცენარეს აქვს საერთო გამაჯანსაღებელი, აღმდგენი, ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, საფარარათე, ანტიოქსიდანტური, იმუნიტეტის გამაძლიერებელი და დამამშვიდებელი მოქმედება. არის ვიტამინების ნამდვილი საბადო. შედის სუნთქვის ორგანოების, სისხლის მიმოქცევის და ენდოკრინული სისტემების სამკურნალო პრეპარატების შემადგენლობაში.

ჭყიმი აუმჯობესებს მონელებას, ამაღლებს მადას, წმენდს სისხლს, აწესრიგებს გულის რიტმს, ამცირებს არტერიულ წნევას, ორგანიზმიდან დევნის შლაკებს, ჭარბ სითხეს და ქოლესტერინს, ასტიმულირებს თავის ტვინის მუშაობას, ამაღლებს იმუნიტეტს.

ეფექტურია ღვიძლის, თირკმელების, შარდის ბუშტის, ნაღვლის ბუშტის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, კუჭ-ნაწლავური აშლილობის, თვალების ანთების და დაძაბულობის, ლიმფური კვანძების და ჯირკვლების ანთების, გაცივების, სიყვითლის, რევმატიზმის, შეშუპების, შაქრიანი დიაბეტის, ართრიტების, შემოდგომის ავიტამინოზების, დაღლილობის, დეპრესიის, უყურადღებობისა და ნერვული სისტემის აშლილობისას.

ჭყიმის ჩართვა რეკომენდებულია დიეტურ კვებაში ჭარბი წონის კორექციის (გაცხიმოვნების), ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის და თირკმელების მკურნალობის დროს.

მცენარის ექსტრაქტი შედის სამკურნალო მალამოების შემადგენლობაში და იყენებენ განსაკუთრებით პრობლემური კანისთვის გამონაყრის, გაღიზიანების, აკნეს, ფურუნკულოზის, სისხლჩაქცევების, ეკზემის, ლიქენის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ჭყიმი ასევე მოჰყავთ როგორც დეკორატიული მცენარე. აფრთხობს ლოქორას (ლოფორთქინა) და იცავს მცენარეებს ბუგრების და ჭიანჭველებისგან.
მცენარე გახმობისას კარგავს არომატს და თუ გსურთ ზამთარშიც დატკბეთ ამ სანელებლით, დათესეთ ქოთანში.

გაითვალისწინეთ!

ნუ დაკრეფთ ველურად მზარდ მცენარეს, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ კარგად იცნობთ მას. რადგან, გარეგნულად ჭყიმი ძალიან ჰგავს შხამიან კონიოს (Conium maculatum), რომელიც კერძში სასიკვდილოდ ტოქსიკურია.

დაბოლოს, ჭყიმის სანელებლის ყოველდღიური მოხმარებით იოლად გათავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან და გაიმდიდრებთ ორგანიზმს ვიტამინებით, მინერალებითა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.

 

წყარო:sputnik-georgia.com

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *