ვორქშოფი შიდა ქართლის მცირე მეწარმეებისთვის

ფონდი BPN-ი შიდა ქართლის მცირე მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრას, (ვორქშოფს) მართავს თემაზე „ბიზნეს გეგმის შედგენა“. შეხვედრა  9-10 ივლისს გორში გაიმართება.

ვორქშოფს გაუძღვებიან BPN საქართველოს ხელმძღვანელები, ქართველი და შვეიცარელი ბიზნეს კონსულტანტები. ვორქშოფის თემა იქნება მცირე ბიზნესის დაგეგმვის საფუძვლები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება, ანუ მეწარმეები პირდაპირ შეძლებენ საკუთარი ბიზნეს იდეის დაგეგმვაზე მუშაობის დაწყებას. განხილული და დამუშავებული იქნება ყველა ის საკვანძო საკითხი, რომლის წარმოჩენაც მცირე ბიზნესის გეგმაში აუცილებელია.

ვორქშოფის მიზანია საკითხის ძირითადი არსის ჩაწვდომა, რათა მეწარმემ ზედმეტი ცხრილებისა და დიაგრამების გარეშე, მცირე ბიზნესისთვის მისაღებ ფორმატში, თავად შეძლოს გეგმის მომზადება.

თუ გაქვთ მცირე ბიზნესი შიდა ქართლის რეგიონში, ან ხართ გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც ახალი მიმართულებით ბიზნესის განვითარებას ცდილობს, გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) ტელეფონის ნომერზე 599 879341 ქართული, ან ინგლისური შრიფტით შემდეგი ტექსტით:
მსურს მოვიდე შეხვედრაზე
msurs movide shexvedraze

 შეგიძლიათ გამოიყენოთ Viber მესენჯერი იგივე ტექსტის გამოსაგზავნად.

შეტყობინების გამოგზავნის შემდეგ ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და თუ შეხვედრის ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, გაივლით რეგისტრაციას.

ვორქშოფში მონაწილეთა ადგილები შეზღუდულია. მაგრამ ყველას, ვინც გამოაგზავნის მითითებულ SMS შეტყობინებას, აუცილებლად დავუკავშირდებით, და საჭიროების შემთხვევაში ვიზრუნებთ მონაწილეთა ადგილების გაზრდაზე.

შეხვედრაზე დასწრება უფასოა. ვორქშოფის ხარჯებს ფარავს ფონდი  BPN-ი, რომელიც შეხვედრას საქართველოს რეგიონებში მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს.

გარდა დაგეგმილი თემატიკისა, შეხვედრა საშუალებას აძლევს მონაწილეებს, მოკლედ და საქმიანად იმსჯელონ იმ საკვანძო პრობლემებზე, რომლებსაც აწყდება შიდა ქართლის მცირე ბიზნესი, გამოთქვან თავიანთი მოსაზრება დარგობრივი პრობლემების გადაჭრის გზებზე, გააჟღერონ თემები, რომლებზეც სამომავლოდ ისურვებენ შეხვედრის ორგანიზებას.

BPN-ი გამოხატავს მზაობას, მაქსიმალურად გამოეხმაუროს მონაწილეთა ინტერესს და ახლო მომავალში კვლავ იზრუნოს შეხვედრის მოწყობაზე, თუ შიდა ქართლის მცირე ბიზნეს სექტორი ამის საჭიროებას წარმოაჩენს.

სხვა დამატებითი ინფორმაცია რეგისტრირებულ  მონაწილეებს მოგვიანებით ეცნობებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *