დარგებიმემარცვლეობა

ზანდური ლეჩხუმშია 

ვინც იყო 2018 წლის აგროფესტივალზე რაჭაში, ქალაქ ონში აუცილებლად შეამჩნევდა წარწერას _ „ზანდურს აქვს წარსული და მომავალი“.

მსოფლიოში ცნობილი ხორბლის კულტურული და ველური სახეობიდან 5 საქართველოს ენდემია. აქედან 4 მათგანის წარმოშობის კერა ლეჩხუმი და რაჭაა.

ძველ ენდემურ ხორბალზე შემორჩენილი მასალების მოკვლევასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში ლეჩხუმში მივლინებით იმყოფებოდნენ ქალბატონი ნანა ჩხუტიაშვილი -გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან და ქალბატონი მარინე მოსულიშვილი -ილიას უნივერსიტეტიდან.

სტუმრებმა საინტერესო მასალები მიოძიეს და ხორბლის თესლს დაგვპირდნენ. სექტემბრის პირველ რიცხვებში ქალბატონმა ნანა ჩხუტიაშვილმა ხორბლის დანაპირები თესლი გამოგვიგზავნა მცირე ოდენობით, რისთვისაც დიდი მადლობა მას. რამდენიმე მსურველზე გავანაწილე, პირველ რიგში მივაწოდე ზემოთხსენებული წარწერის ავტორს, სოფელ ღვირიშში მცხოვრებ ქალბატონ მანონი ახვლედიანს, რომელმაც დიდი მოწიწებით ჩაიბარა ჩელტა ზანდურისა და გვაწა ზანდურის მცირეოდენი თესლი, უკვე შერჩეული და დამუშავებული დამახვედრა ფართობი.

ქალბატონ ნანა ჩხუტიაშვილის თქმისა არ იყოს, ზანდური ისტორიულ მხარეს დაუბრუნდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მონატრებია სამშობლო, მალევე აღმოცენდა და ამაყად გამოიყურება…

იმედია ეს დაბრუნება დროულია და კარგის მომტანი იქნება ჩვენი მხარისა და მთლიანად საქართველოსათვის. მცირე ოდენობით სოფ. დეხვირში, აღვსა და ლარჩვალშიც დაითესა. წარმატება ამ კეთილშობილურ საქმეს.

ანუკი კანთელაძე