ზანდური როგორც ხორბლის პრეისტორიული კულტურის უნიკალური ძეგლი

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა ზანდური, განიხილება, როგორც ხორბლის პრეისტორიული კულტურის უნიკალური ძეგლი.

ზანდური მთის ხორბლებს შორის პირველ ადგილზე დგას, რადგან გამორჩეულია მაღალი გამძლეობით ნიადაგის და კლიმატური პირობების მიმართ, მოჰყავდათ რაჭა-ლეჩხუმში, ახლა კი, ლეჩხუმის მაღალმთიანი სოფლიდან, პედაგოგმა მანონი ახვლედიანმა ხორბლის უნიკალური ენდემური სახეობა გააცოცხლა და ლეჩხუმური ტრადიცია განაახლა.

ხორბლის სადემონსტრაციო ნაკვეთი ააიპ “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის და ცაგერის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით გააკეთა, მალე ზანდურის პურის გამოცხობასაც გეგმავს.

მანონი წარმატებული მეურნეა, ხორბლის გარდა, აწარმოებს თაფლს, ღვინოს, გეგმავს მარნის მშენებლობას, აქვს სანერგე მეურნეობა, ტრადიციული ნივთები-რომლის საშუალებითაც ხორბლის მოყვანა და დამუშავება იყო შესაძლებელი მოსახლეობის დახმარებით შეაგროვა და საკუთარ ეზოში “ზანდურის სახლში” აქვს წარმოდგენილი.

ლეჩხუმელი მეწარმის საქმიანობას სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ააიპ “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს” რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელთან ანა კანთელაძესთან და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.