ზუგდიდელი ფერმერები ევროპის ბაზარზე კივის გატანას გეგმავენ

ზუგდიდში დღეს სამეგრელოს სოფლებში კივის მწარმოებელი ფერმერები შეიკრიბნენ და ასოციაცია დააფუძნეს.

კივის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე დემურ ფიფიას თქმით, მათი მიზანი ფერმერებს შორის გამოცდილების გაზიარება, პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და მისი ევროპის ბაზარზე გატანაა.

„ფერმერების წინაშე არსებულ პრობლემებს შორის უმთავრესია პროდუქტის რეალიზაცია, ჩვენს საზღვარგარეთ ექსპორტზე ვფიქრობთ, გვინდა რომ ევროპის ბაზარი დავიკავოთ. ამჯერად კი, კივის რეალიზაცია არაორგანიზებულად ხდება, ჩვენ თვითონ გაგვაქვს თბილისის ბაზარზე, სადაც ვყიდით საბითუმო ფასებში, მაგრამ ხშირად ისინი მარკეტებში სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქტის სახელით იყიდება“, – გვითხრა დემურ ფიფიამ.

კივის მწარმოებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაა.

„ასოციაციის დაფუძნება პირველ რიგში ხელს უწყობს კივის გატანას ევროპის ბაზარზე, ეს არ არის მარტივი ამბავი, მაგრამ ძალიან პერსპექტიულია. პროდუქტი აიღო შენი ნაკვეთიდან და ევროპაში წაიღო, ასე მარტივად არ ხდება. ამას ევროპული ბაზრის სტანდარტების დაკმაყოფილება სჭირდება, დღეს აქ ფერმერები იმისთვის შეიკრიბნენ, რომ თავიანთი ფერმერული მეურნეობები ევროპულ დონეზე მოაწყონ“, – გვითხრა პალატის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შალვა აგუმავამ.

ზუგდიდში კივის მწარმოებელთა ასოციაციაში 30-მდე ფერმერი გაერთიანდა.

წყარო: www.livepress.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *