აჭარაში ციტრუსის კრეფა დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდში მეციტრუსე ფერმერ მალხაზ კენჭაძის საკარმიდამო ნაკვეთში ციტრუსის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ფერმერებთან ერთად, ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, ციტრუსის დამზადების, შემფუთავი საწარმოების, ტარით უზრუნველყოფის და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე და ტიტე აროშიძე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმო შპს ,,TCF GEORGIA’’-ში მივიდნენ და მუშა პროცესს ადგილზე გაეცნენ. საწარმო სეზონზე გეგმავს 1500 – ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღებას, საწარმოს ასევე დაგეგმილი აქვს 3000 ტონა არასტანდარტულ მანდარინის მიღება.

მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი შეადგენს სავარაუდოდ 55-60 ათას ტონას. სეზონზე იმოქმედებს 30–მდე ციტრუსის შემფუთავი საწარმო რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 30000 ტონას. ასევე მოხდება პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. ციტრუსის ნაყოფის დროებით შენახვის აუცილებლობის შემთხვევაში რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით, შესაძლებელია 5000 ტონა ციტრუსის შენახვა.

დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი) 317 ტონა სტანდარტული მანდარინი, რაც გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით 4 ჯერ მეტია.