200 კგ-მდე მსხვილფეხა მდედრი საქონლის ექსპორტი აიკრძალა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 200 კგ-მდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა №430 დადგენილებაში, რის საფუძველზეც 140-დან 200 კგ-მდე გაიზარდა საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შეზღუდვა არ ვრცელდება მამალ მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.
როგორც ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ: „წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს მსხვილფეხა საქონლის სულადობის გაზრდას და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობას, რაც დამატებითი ღირებულების ადგილზე შექმნას და მეცხოველეობისა და გადამამუშავებელ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მესაქონლეობის დარგის განვითარების წახალისება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაშიც აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები”.