2018 წელს, აჭარის მთავრობა რეგიონში 20 ჰა მიწის ნაკვეთზე ჩაის პლანტაციების გაშენებას გეგმავს

აჭარის მთავრობა რეგიონში მეჩაიეობის განვითარების ხელშეწყობას იწყებს და ამ მიზნით 2018 წელს 633 ათას 378 ლარის დახარჯვას აპირებს. შესაბამისი პროგრამა 2018 წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში უკვე ჩადებულია.

პროგრამის მიხედვით, აჭარაში, 2018 წლის ბოლომდე ჩაის პლანტაცია 20 ჰა-მდე მიწის ნაკვეთზე გაშენდება.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, მეჩაიეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაშენებული ჩაის პლანტაციებზე მოსავლის აღებას უკვე სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები უზრუნველყოფენ და ამ უფლებას ისინი სპეციალური კონკურსის შედეგად მოიპოვებენ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად რეგიონში ჩაის პლანტაციები 450 ჰექტარზეა გაშენებული, საიდანაც წლის განმავლობაში საშუალოდ 1000 ტონამდე ჩაი იკრიფება.

მეჩაიეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ტრადიციული და პრიორიტეტული დარგია. ეს სექტორი გასულ საუკუნეში მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ და ფინანსურ სიძლიერეს.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, გასულ წლებში აჭარაში, ჩაის პლანტაციებს 6500 ჰა ეჭირა და ზოგიერთ ფართობზე საჰექტრო მოსავალი 5-6 ტონიდან 10 ტონამდეც კი გაიზარდა. რეგიონში ყოველწლიურად საშუალოდ 67-70 ათასი ტონა ჩაის ფოთოლს კრეფდნენ, რომლის გადამუშავების შედეგად 16-18 ათასი ტონა ჩაი რჩებოდა.

1990 წლიდან დარგის დაფინანსება შეწყდა, მოიშალა ეკონომიკური კავშირები, დაიკარგა სარეალიზაციო ბაზრები.