2020 წლისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 317 მილიონი ლარი იქნება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელს 317 მილიონი ლარი იქნება, რაც 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.
„სამინისტრო, როგორც გარემოსდაცვითი, ისე აგრარული მიმართულებით სისტემურ განვითარებას გაწერილი სტრატეგიის შესაბამისად აგრძელებს. ჩვენთვის, 2020 წელს, ისევე როგორც ბოლო წლებში, ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტული იყოს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ფერმერების და კერძო ინიციატივების მხარდაჭერა. ჩვენი განვითრების პოლიტიკა სწორედ კერძო ინიციატივებით სოფლად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს. 2020-ში, 2019 წელთან შედარებით, 36 პროცენტით არის გაზრდილი სოფლის განვითარების პროგრამების დაფინანსება, რაც გულისხმობს იმ დანაპირების შესრულებას, რომელიც ჩვენ გვქონდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერებისთვის იაფი ფინანსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, შესაბამისად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა გაგრძელდება.
ჩვენ შევინარჩუნეთ მნიშვნელოვანი საგრანტო თანადაფინანსების პროგრამები, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და, ვფიქრობ, კარგი შედეგის მომტანია სოფლის მეურნეობის განვითრების კუთხით, გაგრძელდება მრავალწლიანი კულტურების მხარდამჭერი პროგრამა „დანერგე მომავალი“ და სხვადასხვა ქვეპროგრამები, რომელიც კენკროვანებს და ისეთი პრიორიტეტული კულტურების განვითარებას უკავშირდება, რასაც შიდა ბაზარზე საექსპროტო პოტენციალი გააჩნია.
ჩვენ ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამებს იმისთვის, რომ სოფლად დასაქმების პერსპექტივა და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები გაიზარდოს.
აგროდაზღვევის მიმართულებით ბიუჯეტი გაზრდილი გვაქვს სოფლის მეურნეობაში რისკების პრევენციისთვის“, _ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე.