32 მლნ-ის ინვესტიცია ქათმის ფერმაში – „ჩირინა“ ახალ ფერმას აშენებს
კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე სოფელ სართიჭალაში ახალ ფერმას აშენებს.როგორც ბიზნესმენმა BM.GE-ის განუცხადა, ქათმების ფერმა 17 ჰა-ზე იქნება განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ერთი-ერთი საკითხი სწორედ კომპანია “ჩირინასთვის” პირდაპირი მიყიდვის გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემას შეეხებოდა.
“სართიჭალაში მიწის ნაკვეთს ჩვენი ფერმის მშენებლობისთვის ვყიდულობთ. 15 ჰა უკვე შეძენილი გვაქვს, დაახლოებით, 2 ჰა არ გვყოფნიდა და გადავწყვიტეთ მისი ყიდვა, რაზეც ჩემი ინფორმაციით, მთავრობისგან თანხმობას მივიღებთ. რაც შეეხება თავად პროექტს, ეს ქათმის ფერმა იქნება, მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ბიზნესმენმა.
შპს „ჩირინას“ პროდუქცია სრულად წარმოებულია საქართველოში. წარმოების თითოეული რგოლი სერტიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტის მიხედვით.
დღეისათვის შპს „ჩირინას“ მფლობელობაშია:
• სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები;
• კომბინირებული საკვები ქარხანა;
• ნედლეულის საშრობი ქარხანა;
• ხორცის დამუშავების საწარმო;
• ინკუბატორი;
• ცილოვანი საკვების ქარხანა;
• წყალგამწმენდი სადგური;
• ვაშლისა და მსხლის ბაღები;
• ხილის სამაცივრე კომპლექსი;
• ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია „სანა“.
მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ შპს „ჩირინა“ გარდა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოებისა, ფლობს ასევე მიწებს, სადაც უმაღლესი ხარისხის სიმინდი და ხორბალი მოჰყავს. შესაბამისად, კომპანია ნაწილობრივ თავად უზრუნველყოფს საკუთარი წარმოების ნედლეულით მომარაგებას. გარდა საკუთარ მიწაზე წარმოებული ნედლეულისა, შპს „ჩირინა“ ასევე იბარებს და ამუშავებს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ნედლეულს.
შპს „ჩირინა“ არის ასევე კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა გახსნა ნედლი ქათმის ჯიხურები – ჯიხურები, სადაც „ბიუ-ბიუს“ ბრენდის სახელით ყოველდღიურად ხდება მომხმარებლისათვის ახალი ნედლი ხორცპროდუქტების მიწოდება.
კომპანია “ჩირინამ” საქართველოში დანერგა და რეგულარულად აგრძელებს აგრარულ დარგში არსებული თანამედროვე ტენდენციების დანერგვას. აღნიშნულისათვის „ჩირინა“ თანამშრომლობს აგრარულ დარგში ისეთ წამყვან კომპანიებთან როგორიცაა Agrotop, Rosal, Chief Industries, Meyn, Nijhuis, Hatchtech, Haarslev, CMC Industries.
წყარო: commersant.ge/chirina.ge