500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ მცირდება

აქამდე თუ მცირე მეწარმეობად 100 000 ლარამდე ბრუნვა ითვლებოდა, ახალა ამ კატეგორიაში 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმოებიც მოექცევიან, _ ამის თაობაზე მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა:

„მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო:  პირველი – ეს გახლავთ მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება. მოგეხსენებათ, რომ მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, განსაკუთრებით მცირე მეწარმეობის. მე პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს, გამოსვლისას ვისაუბრე, რომ ჩვენ ვიწყებთ მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას.

მას შემდეგ, რაც საკმაოდ წარმატებით ხორციელდება პროგრამები „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამები, „დანერგე მომავალი“ და ა.შ. ჩვენ შემოვდივართ ახალი ინიციატივით.

მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელმაც ძალიან საინტერესო საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოახდინა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ეს გახლავთ ინიციატივა მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის დაწესების თაობაზე. კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს, ანუ 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი.

ამასთან, დღეს თუ მცირე მეწარმედ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება ამ კატეგორიაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობაში დაკავებული ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და წახალისება ახალი მეწარმეების, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება“, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, მეწარმეები აიტაცებენ მთავრობის ამ ინიციატივას, რომ ეს მცირე მეწარმეობის განვითარების და გაფართოებისთვის დიდი სტიმული იქნება.

პრემიერის ინიციატივას ეკონომისტთა ერთი ნაწილი დადებითად აფასებს, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობის ამ ინიციატივაა შესამჩნევი ეფექტი არ ექნება.

მცირე საწარმოებისთვის საგადასახდო ტვირთის შემსუბუქება, უდავოდ კარგი საქმეა, ეს ინიციატივა ბევრ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ საწარმოს შეეხება და იმედია მათ განვითარებაზე დადებითად აისახება.