70 თეთრი ყურძნისთვის სამართლიანი ფასია
ყველანაირი გათვლებით და დათვლებით ყურძნის მოსავალი დაახლოებით 15-20 თეთრიან მოგებას ტოვებს. როდესაც რაღაცა გიჯდებათ 50 თეთრი და თქვენ შემდეგ ნახულობთ მოგების სახით 20 თეთრს, ეს არის 40 პროცენტიანი მოგება. დამისახელეთ ბიზნესი ან ინვესტიცია, სადაც ერთი წლის განმავლობაში 40 პროცენტიან მოგებას იღებ? რა თქმა უნდა, რაც მეტია ფასი მით უკეთესი, მაგრამ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ეს ფასი საკმაოდ სამართლიანია. — ასე აფასებს კახელი მევენახეებისა და ფერმერების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას ყურძნის ფასთან დაკავშირებით ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა.

სახელმწიფოს მიერ რთველის 3-წლიანი სუბსიდირების შემდეგ წელს ქართული ყურძნის ფასი 70 თეთრია, რის გამოც მევენახეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ეს ფასი მევენახეების გაწეული შრომის ადეკვატური არ არის.
„კომერსანტი“ აღნიშნულ საკითხზე სააგენტოს ხელძღვანელს ლევან მეხუზლას ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ყველაზე პრობლემური და ჭარბი ყურძნის ჯიშის, რქაწითელის ფასი სრულიად სამართლიანია და ეხმიანება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს.
საქართველომ თავის დროზე თავისუფალი ეკონომიკა აირჩია, ჩვენ კომუნიზმი მოვიცილეთ, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვოთ, რომ ასეთი ეკონომიკის პირობებში ბაზარი ადგენს ფასს და სახელმწიფო ფასწარმოქმნაში არ უნდა ჩაერიოს. ფასი არის ორი კერძო სუბიექტის მოლაპარაკების შედეგი. ბევრი მოთამაშეა ყურძნის ბაზარზე, რადგან ეს ძალიან კონკურენტული სფეროა და ფასი დგება მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად. რქაწითელზე, რომელიც ასევე ჭარბია და თავისუფალ ბაზარზე, მოთხოვნა არ არის იმდენი, რომ მთლიანად ჩაბარდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ერევა და იბარებს ამ ჭარბ ყურძენს 70 თეთრად. რაც შეეხება ამ ფასს, ყველანაირი გათვლებით და დათვლებით ეს დაახლოებით ტოვებს 15-20 თეთრიან მოგებას. როდესაც რაღაცა გიჯდებათ 50 თეთრი და თქვენ შემდეგ ნახულობთ მოგების სახით 20 თეთრს, ეს არის 40 პროცენტიანი მოგება. დამისახელეთ ბიზნესი ან ინვესტიცია, სადაც ერთი წლის განმავლობაში 40 პროცენტიან მოგებას იღებ? რა თქმა უნდა, რაც მეტია ფასი მით უკეთესი, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ეს ფასი საკმაოდ სამართლიანია. წითელ ყურძენს რაც შეეხება, ეს საბაზრო ფასია და რაც დაფიქსირდება თავისთავად ცხადია, რომ სამართლიანია.
შარშან რეკორდული მოსავალი მოვიდა, მოთხოვნაც დიდი იყო და რეკორდული ფასები დაფიქსირდა, ამ შარშანდელი რთველის გამოძახილია ის, რაც წელს ხდება. შედარებით ნაკლებია მოთხოვნა იმიტომ, რომ დაგროვილი აქვთ საწარმოებს მარაგები და გარკვეული პრობლემები იყო ზაფხულში რუსეთთან დაკაშირებით ექსპორტის კუთხით, ამანაც უარყოფითი მოლოდინები შეუქმნა მწამოებლებს. ეს ფაქტორები ახდენს გავლენას ყურძნის მოთხოვნაზე. – განაცხადა ლევან მეხუზლამ
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ შესაძლოა ყურძნის წარმოების სფეროდან მევენაახები საერთოდ გავიდნენ მოტივაციის არარსებობის გამო და ტრადიციულ დარგს პრობლემები შეექმნას. ამასთან დაკაშირებით ლევან მეხუზლა გლეხებს ალტერნატიული კულტურებით ჩანაცვლებასა და სხვა მეტად მოთხოვნადი და დეფიციტური ჯიშების ათვისებას სთავაზობს.
„თუ მივდივართ თავისუფალი ბაზრის გზით, მოსალოდნელია კიდეც გლეხების არათუ გასვლა ყურძნის ბაზრიდან, არამედ უფრო ჭკვიანური იქნება დივერსიფიცირება მათი საქმიანობის, სხვა კულტურებით ჩანაცვლება, ან რაც ყველაზე მთავარია, სხვა ჯიშებით ჩანაცვლება. საქართველო არის უნიკალური გენოფონდის პატრონი და ისე გამოდის, რომ რამდენიმე წელია ამ რქაწითელზე არის პრობლემა, მაგრამ გვაქვს ასევე კახური მცვივანი, ხიხვია და სხვა უნიკალური ჯიშები, რომელიც დეფიციტშიც კი არის. გარდა მაგისა, ზოგადად თუ გადავხედავთ ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებს, დარგის სიძლიერე არ არის 10 ან 15 დიდი საწარმო, დარგის სიძლიერე არის ოჯახური მარნები და ამ მხრივაც ვითარდება სიტუაცია, ბევრი ოჯახური მარანი შემოდის და ცდილობენ, რომ გადამუშავებული ყურძენი ღვინის სახით გაყიდონ, ეს არის გამოსავლები რასაც ვურჩევდი ამ ჭარბი რქაწითელის მწარმოებლებს.“ _ აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა.
მარიამ მორგოშია
წყარო: commersant.ge