ფერმერთა მესამე კონგრესი

გუშინ, 6 ივნისს თბილისში საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში საქართველოს ფერმერთა მესამე კონგრესი გაიმართა. კონგრესი ევროკავშირის დაფინანსებით უკვე მესამე წელიწადია იმართება და რომლის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო ორგანიზაცია OXFAM-ი და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“

კონგრესს ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია.

კონგრესზე, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული 150-მდე ფერმერი _ დელეგატი ესწრებოდა, მრავალი საინტერესო საკითხი წამოიჭრა.

ერთ-ერთი მტკივნეული თემა, რაც ფერმერებს აწუხებს, ინფორმაციის დეფიციტია, მათ, როგორც თვითონ ამბობენ კარგად, ან საერთოდ არ იციან რა პროექტები ხორციელდება სოფლის მეურნეობაში, როგორ შეიძლება ამ პროექტებში ჩართვა და სხვა.

ინფორმაციის სიმწირის გარდა, საქართველოში ფერმერებს უამრავი სატკივარი აქვთ, რომელთაგან ზოგიერთი აქ, კონგრესზეც ითქვა, ბევრიც უთქმელი დარჩა, მაგრამ ასეთი თავყრილობების მიზანიც ხომ ის არის, რომ ფერმერთა ხმა, მათ ყურამდე მივიდეს, ვისაც ამ პრობლემების მოგვარება შეუძლია.

აქვე გთავაზობთ ფერმერთა მესამე კონგრესზე წამოჭრილ საკითხებს, რაც მათ აწუხებთ და რის მოგვარებაშიც მთავრობის თანადგომას ითხოვენ.

ცოდნისა და ინფორმაციის დეფიციტი

_ ფერმერებსა და კოოპერატივებს არ აქვთ ინფორმაცია შეღავათიანი კრედიტების და საერთაშორისო გრანტების შესახებ;

_ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები ვერ იძლევიან საჭირო, კვალიფიციურ ინფორმაციას;

_ ბანკები სარგებლობენ ფერმერებისა და კოოპერატივების არაინფორმირებულობით და არასწორ ინფორმაციას აწვდიან მათ.

_ ფერმერებს და კოოპერატივებს არ აქვთ ინფორმაცია ბაზრის წესებისა და მოთხოვნების შესახებ;

_ არ არსებობს ადგილობრივი პროდუქციის საინფორმაციო ბაზა (რა პროდუქცია და რა რაოდენობის იწარმოება ქვეყანაში);

_ ადგილობრივი პროდუქციის წარმოება ძვირი ჯდება,  ფერმერებმა არ იციან როგორ შეამცირონ პროდუქციის თვითღირებულება.

დგილობრივი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სიმწირე

_ ადგილობრივი პროდუქციის რეკლამა არ ხდება; ქართულ უნიკალურ პროდუქციას მომხმარებელი არ იცნობს;

_ საზოგადოებაში ბიოპროდუქციის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა.

ფერმერისთვის კრედიტები ხელმიუწვდომელია

_ ბანკებს მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ;

_ ბანკი ითხოვს ისეთ გირაოს (გარანტირებული მაღალი შემოსავალი ან ბინა ქალაქში), რომელიც ფერმერს და კოოპერატივს არ გააჩნიათ;

_ არ ფინანსდება Start Up-ი. საბრუნავი საშუალებებიც Start Up-ად ფასდება, ამიტომ სესხის აღება პრაქტიკულად შეუძლებელია;

_ ბანკები უარს ეუბნებიან კოოპერატივებს კრედიტზე, იმ მიზეზით რომ მათ არ აქვთ ეკონომიკური საქმიანობს ისტორია და. ა.შ.;

_ მიწა არ ითვლება კაპიტალად, მიწით სესხის უზრუნველყოფა ბანკში არ ხდება;

_ ბანკები მხედველობაში არ იღებენ ცოცხალ აქტივებს (მაგ., ფერმა, ფუტკრის სკები და.ა.შ.);

_ ბანკებს არ ჰყავთ ექსპერტები, რომლებიც ერკვევიან სოფლის მეურნეობაში;

_ ფერმერებსა და კოოპერატივებს უჭირთ ფინანსურ ტერმინოლოგიაში და ბანკებთან ხელშეკრულების პირობების გარკვევა, რითაც ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ამით სარგებლობენ და არღვევენ ხელშეკრულების პირობებს.

_  ბანკებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაა _ ქალებისათვის კრედიტების გაცემას ერიდებიან.

პრობლემური სახელმწიფო პროგრამები

_ სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისას არ არის გათვალისწინებული რეგიონების სპეციფიკა;

_ შეღავათიანი აგროსესხების პროგრამით ფერმერები და კოოპერატივები კრედიტებს ვერ იღებენ, ბანკი არ არის მოტივირებული გასცეს ასეთი კრედიტი;

_ შეღავათიანი აგროსესხის პროგრამის ფარგლებში გირაოდ ჩადებული ქონების შეფასება უსამართლოდ დაბალია/

_ საქართველოს ბანკმა გამოაცხადა, რომ აქვს ქალებისათვის ხელშეწყობის პროგრამა _ სესხი უზრუნველყოფის გარეშე, როცა ბანკს მიმართეს, იქ უთხრეს, რომ ასეთი პროგრამა არ არსებობს;

_ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში სახელმწიფო გრანტების გაცემის აუცილებელ პირობად  მოითხოვს, სახელმწიფოსგან მიწის იჯარით აღებას, რაც პრობლემური და ძვირია;

_ სახელმწიფო პროგრამები მოკლევადიანია, რაც მცირე ფერმერებისთვის არ არის საკმარისი რეალური შედეგისა და მოგების მისაღებად;

_ სახელმწიფო და საერთაშორისო საგრანტო პროგრამებში თანადაფინანსების პროცენტი მაღალია.

სახელმწიფო და საერთაშორისო საგრანტო პროგრამები _ სპეციფიკური პრობლემები კოოპერატივებისთვის

_ სახელმწიფო გრანტის ფარგლებში კოოპერატივი იძულებულია შეიძინოს აღჭურვილობა ტენდერით შერჩეული კომპანიებთან უფრო მაღალ  ფასი, ამასთან,  ზოგჯერ აღჭურვილობა უხარისხოა (უხარისხო სკები);

_ კოოპერატივებისთვის მოტო ბლოკების შეთავაზებისას არ ითვალისწინებენ კონკრეტული რეგიონის რელიეფს;

_ კოოპერატივებს სახელმწიფო გრანტის მიღებაზე უარესი მიზეზს არ უხსნიან/

_ კოოპერატივებს მოეთხოვებათ ურთულესი ბუღალტერიის წარმოება, რისი ცოდნა არც ერთ წევრს არ აქვს

მიწაზე ხელმიუწვდომლობა

_ არ არის დასრულებული მიწის რეფორმა, არ არის დადგენილი მიწის კატეგორიები და შესაბამისი შეფასების კრიტერიუმები;

_ წინა მთავრობის დროს გაცემულ მიწაზე საკუთრების უფლება არ არის დაცული (მაგ. შევარდნაძის დროს გაცემული საბუთით გაფორმებული მიწა ფერმერს თავდაცვის სამინისტრომ ჩამოართვა).

_ ეკლესია სიმბოლურ ფასად იფორმებს მიწებს და სოფლელს საძოვარი აღარ აქვს, შესაბამისად ვერ იღებენ კრედიტს საქონელზე;

_ იმ საძოვრებს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, მოსახლეობა იყენებს, მაგრამ ხვალ რომ გაყიდოს სახელმწიფომ, მოსახლეობა ცუდ დღეში აღმოჩნდება;

_ მიწის რესურსები არ არის ხელმისაწვდომი _ აჭარაში მიწის რეფორმა არ ჩატარებულა;

_ მთავრობა არ ატარებს მიწის გასხვისების მონიტორინგს.

მოუწესრიგებელი ბაზარი და უსამართლო კონკურენცია

_ ფერმერებს და კოოპერატივებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ბაზარი _იქ გადამყიდველები დგანან და კარნახობენ პირობებს;

_ ბაზარზე ბევრია ფალსიფიცირებული პროდუქცია და ძნელია ხარისხიანი საქონლის გარჩევა უხარისხოსგან;

_ სახელმწიფო არ აქვს ბაზრის ჭარბი პროდუქციისგან დაცვის მექანიზმი, ზარალდება ადგილობრივი მწარმოებელი;

_ იმპორტირებული დაბალი ხარისხის პროდუქცია კონკურენციას უწევს ადგილობრივს;

_ ქვეყანაში იმპორტირებული სასუქები და პესტიციდები ხშირად უხარისხოა;

_ ფერმერებს ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან სათესლე მასალაზე _ბაზარზე ფალსიფიცირებაა გამეფებული;

_ ბიოფერმერებს სახელმწიფო მხარს არ უჭერს;

_ ბიოფერმერებს უჭირთ მცენარეთა დაცვის ბიოსაშუალებების შეძენა, ბაზარზე დეფიციტია.

გაყიდვების სისტემაში ჩართვის ხელმიუწვდომლობა

_ მცირე ფერმერებსა და კოოპერატივებს არ აქვთ სასაწყობე მეურნეობების და პროდუქციის შენახვის შესაძლებლობა, ამიტომ ვერ ახერხებენ პროდუქციის უწყვეტად მიწოდებას ბაზრისთვის;

_ საჯარო შესყიდვების ტენდერში მონაწილეობას აზრი არ აქვს _ სქემები კორუმპირებულია, გამარჯვებული წინასწარ არის ცნობილი;

_ საჯარო შესყიდვებში გამარჯვებულები, მეტი მოგების მიზნით,  უხარისხო პროდუქციას აწვდიან საჯარო დაწესებულებებს;

_ შეზღუდულია ბიოპრუდუქციის ბაზარი;

_ მეღვინეობის დიდ კომპანიებს მონოპოლიზებული აქვთ ბაზარი _ რესტორნებს  კორუფციულად ურიგდებიან, არაოფიციალურად უხდიან დიდი თანხებს, რათა მათ სხვა ღვინო არ მიიღონ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.